ირაკლი კუპრაძე: 9 რევოლუცია დააანონსეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და გამოძიება დაიწყეს, ერთი ბოლომდე მიყვანილი საქმე თუ გახსენდებათ, რომელიც გახსნეს და რომელზეც თქვეს, რომ რაიმე შედეგი დაიდო?

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

2024 წლის 12 ივნისს „ღამის კურიერის“ ეთერში ლელოს წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა - „როცა დაიწყება პოლიტიკურ დღის წესრიგში მაგალითად პენსიებზე საუბარი...გამოვა „სუს-ის“ რომელიმე მაღალჩინოსანი და დააანონსებს, რომ რევოლუცია იგეგმებოდა. 9 რევოლუცია დააანონსეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და გამოძიება დაიწყეს, ერთი ბოლომდე მიყვანილი საქმე თუ გახსენდებათ, რომელიც გახსნეს და რომელზეც თქვეს, რომ რაიმე ტიპის შედეგი დაიდო?

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კუპრაძის განცხადება გადაამოწმა.

მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ გეგმებზე საზოგადოებას ინფორმაცია არაერთხელ მიეწოდა. ბრალდებებს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები თუ მმართველ გუნდთან დაკავშირებული პოლიტიკოსები ოპოზიციისა და ზოგჯერ, საერთაშორისო აქტორების მისამართით ავრცელებდნენ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საქმეთა გამოძიების ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, მათი სამართლებრივი მსვლელობა, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა, ზოგჯერ პოლიტიკოსთა რიტორიკას არ სცდებოდა, ზოგჯერ კი გამოძიების დაწყების მიუხედავად, ამ პროცესუალურ ეტაპზევე ჩერდებოდა.

„ფაქტ-მეტრი“, „სახელმწიფოს გადატრიალების“ საქმეების ნაწილს და მათ საპროცესო ისტორიას მიმოიხილავს:

2014 წელი - ე.წ. „საბურავების“ საქმე

2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime-Time- თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა. მისი თქმით, ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. მოგვიანებით, 10 სექტემბერს, ჭიკაიძემ დამატებით აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციის გეგმაში უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჩაერთვებოდნენ, რომლებიც პროვოკაციული, ფორსმაჟორული სიტუაციების შექმნისკენ იქნებოდნენ მოწოდებული.

ჭიკაიძის განცხადებას ადასტურებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მომდევნო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. „ყველა პოტენციური დამნაშავის თუ დანაშაულის ჩამდენის დასჯის“ პირობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გასცა.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) წარიმართა. იმჟამინდელმა შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებას „აუცილებლად საჯაროდ ეცნობებოდა“. აღნიშნულის მიუხედავად, ამ საქმის მსვლელობის დეტალები, კერძოდ, რა ეტაპზეა დღეისათვის გამოძიება, ან საერთოდ გრძელდება, თუ - არა ის, დღემდე უცნობია.

2015 – 2017 წლები - „შეთქმულებები ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად“

ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით ხელში ჩაგდების სავარაუდო გეგმაზე საზოგადოებას 2015 და 2016 წლებშიც ეცნობა.

2015 წლის ნოემბერში სუს-მა კვლავ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად უკრაინულ მედიასაშუალებებში გავრცელებული მასალა დაედო. მასალიდან ერთ-ერთი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის სტენოგრამაა, ხოლო მეორე „სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტი“. მასალის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის იმჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე საუბრობს და თანამოსაუბრეებს, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას, „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის ოქტომბრიდან იძიებდა. გვარამია და ბოკერია გამოძიების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.

2017 წლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ორგანოებს საზოგადოებისთვის ახალი ინფორმაცია აღარ უცნობებიათ.

შეთქმულების კიდევ ერთ საქმეზე სუს-მა გამოძიება 2016 წელსაც დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად Youtube-ზე გავრცელებული უკანონო ფარული აუდიოჩანაწერი დაედო.

გამოძიების ფარგლებში სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი ბობოხიძე, თუმცა მათ არ ჩაიბარეს უწყებები და სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადეს. სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებმა აუდიოჩანაწერს - „სუს-ის ფაბრიკაცია“ უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საქმეც, მსგავსად ზემოთ აღწერილი სხვა საქმეებისა, დიდი ალბათობით, „სუს-ის დაუსრულებელ საქმეთა არქივს“ მიემატა.

2018 წელი - ოპოზიციის მიერ „დაგეგმილი“ დესტაბილიზაცია

2018 წელს, ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციისა და პროვოკაციის გეგმებზე საუბრობდა, იმჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია.

„დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად…ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“,- აცხადებდა პოლიტიკოსი.

მიუხედავად იმისა, რომ გახარია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობების განზრახ შექმნაზე აპელირებდა, საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა მოჰყვა, თუ - არა ამ ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

2019 წელი - კვლავ 315-ე მუხლი

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი აქტუალური იყო 2019 წლის ივნისში განვითარებული მოვლენების დროსაც, როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასა და დამსწრეთათვის რუსულ ენაზე მიმართვას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

გამოძიება საპროტესტო მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით, საგამოძიებო უწყების განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით გაგრძელდა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ „კვალიფიკაციის დამძიმების პარალელურად, პროკურატურაში დამატებითი მტკიცებულებები, თუ რას ეყრდნობიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და შეთქმულებაზე საუბრისას, არ წარმოუდგენიათ“.

საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის თბილისის აქციების მონაწილეებისა და სამართალდამცველების ამნისტიას ითვალისწინებდა.

2020 წელი - სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთი საქმე

2020 წლის 30 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საარჩევნო დესტრუქციულ გეგმებზე ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რომ „ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების ჯგუფები და ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები“.

5 ნოემბერს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სუს-მა კობახიძე გამოჰკითხა. „ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც ლიდერია ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. მასთან ერთად, ასევე, მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის. დავასახელებდი დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც“, - განაცხადა მოგვიანებით კობახიძემ.

აღნიშნულ საქმის დეტალები, სხვა საქმეების მსგავსად საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

2021 წელი - მიხეილ სააკაშვილის მორიგი „გეგმა“

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზებით დამხობის გეგმებზე სუს-ი 2021 წელსაც საუბრობდა. ამ წლის ოქტომბერში „უწყებამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, „გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა“.

ხოლო, ამავე წლის ნოემბერში, სუს-მა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციისა და გადატრიალების სცენარის აღწერასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ „აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას“.

სუს-ის მტკიცებით, საუბარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა. მათი თქმით, აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც 2-საათიანია, დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.

აღნიშნული საქმის სამართლებრივი მსვლელობა და შედეგები ასევე უცნობია საზოგადოებისთვის. ამასთან, სახელმწიფო ორგანოებს საქმის ფიგურანტების მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

დესტაბილიზაციის გეგმებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები თუ მათთან დაკავშირებული სხვა პირებიც აქტიურად საუბრობდნენ. ამ განცხადებების მიხედვით, რევოლუციურ სცენარებში ამჯერად ოპოზიციასთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო აქტორიც იყო ჩართული. მოჰყვა, თუ - არა სამართლებრივი რეაგირება ქვემოთ წარმოდგენილ განცხადებებს, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია:

2022 წელი - ირაკლი კობახიძე „ბაკურიანის შეთქმულების“ შესახებ

შეთქმულების მორიგ სცენარად დააკვალიფიცირეს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენის, უფლებადამცველისა და მკვლევრის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებლის, 75 წლის პიტერ აკერმანის საქართველოში, კერძოდ ბაკურიანში ჩატარებული სემინარი - არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გაავრცელა: „მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა, რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს“.

2023 წელი - გია ვოლსკი ვიოლა ფონ კრამონს შეთქმულებაში ადანაშაულებს

„ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიცდაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“, - აღნიშნავს ვოლსკი.

2024 წელი - ირაკლი კობახიძე „ენჯეოების“ რევოლუციურ სცენარებს „გაუმჭვირვალობას“ უკავშირებს

რუსული კანონის გარშემო აგორებული სამთავრობო პროპაგანდა გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური პროცესებისგან დისტანცირების მექანიზმად წარმოაჩენდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ „გაუმჭვირვალობის“ პირობებში ენჯეოების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას, რაც მათ მიერ რევოლუციის ორჯერ მცდელობაში გამოიხატა.

„2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტი“, გააყალბეს მონაცემები იმის შესახებ, თითქოს 8%-იანი ზედმეტობა იყო, თითქოს გვიან გამოაქვეყნა ცესკო-მ არჩევნების შედეგები, რაც შემდგომ გამოიყენა ოპოზიციამ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი, რათა მოეწყოთ რევოლუცია 2021 წელს, სცადეს, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ვერ მოახერხეს“.

„ამის შემდეგ, 2022 წელს, როცა არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს „ენჯეოები“ პირდაპირ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, ანუ ეს იყო უკვე პირდაპირ, სცენაზე, მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა“.

ცხადია, ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებს სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია მარტივი მიზეზის, სამართლებრივი შემადგენლობის არ არსებობის გამო, ამის მიუხედავად, მმართველი პარტია მათ დღემდე იყენებს გამჭვირვალობის მნიშვნელობის დასასაბუთებლად - „მათი დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, ბევრად უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ღიად ჩაერთვებოდნენ რევოლუციურ პროცესებში, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე “.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სახელმწიფო უწყებებისა თუ პოლიტიკოსების მიერ, საზოგადოებას სახელმწიფო გადატრიალების არაერთ სცენარზე ეცნობა. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნებიან და მათზე სათანადო რეაგირება ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების დასაცავად უმნიშვნელოვანესია.

ამ კატეგორიის საქმეთა გამოძიების ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, მათი სამართლებრივი მსვლელობა, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უცნობია, ზოგჯერ პოლიტიკოსთა რიტორიკას არ სცდება, ზოგჯერ კი გამოძიების დაწყების მიუხედავად, ამ პროცესუალურ ეტაპზევე ჩერდება. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის საქმეებთან მიმართებით უმეტესწილად არაერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი; ხშირად გაურკვეველია, ვის ეყრდნობა პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო ორგანო ინფორმაციის გავრცელებისას, არსებობს, თუ - არა ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ა.შ. ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კუპრაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია