2024 წლის 16 ივლისს „ქართული ოცნების“ ახალი, ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რევოლუციის მცდელობების“ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

„2021 წელს ქვეყანამ გამოიარა რევოლუციის პირველი მცდელობა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, დაიწყო უპრეცედენტო ზეწოლა ქვეყანაზე, რასაც 2022 წლის ივნისში რევოლუციის მეორე მცდელობა მოყვა.

უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა.

სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, დასჯადია, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკური პარტიების, მოძრაობებისა და სხვა პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციური გზით მოსვლის მცდელობა (შეთქმულება), რაც დამთავრებულ დანაშაულად პირთა ჯგუფის საიდუმლო შეთანხმების მომენტიდან მიიჩნევა, ასევე, ამ შეთქმულების რეალიზაციის დაწყება (ამბოხება). აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო მოიპოვებს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ,ჯ თუნდაც, მხოლოდ საფუძვლების მომზადებაზე (მაგალითად, საიდუმლო შეთანხმებაზე) მიუთითებს, მან გამოძიება უნდა დაიწყოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, რევოლუციის სცენარები, მათ შორის, ისინი, რომლებზეც 2021 და 2022 წლებში საუბრობდნენ, პოლიტიკოსთა და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების რიტორიკას არ გასცდენია.

2021 წელს სუს-ი მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზებით დამხობის გეგმებზე საუბრობდა. ამ წლის ოქტომბერში უწყებამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, „გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა“. ხოლო, ამავე წლის ნოემბერში, სუს-მა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციისა და გადატრიალების სცენარის აღწერასთან ერთად ისიც აღნიშნა, რომ „აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას“. სუს-ის მტკიცებით, საუბარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა. მათი თქმით, აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც 2-საათიანია, დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.

აღნიშნული საქმის სამართლებრივი მსვლელობა და შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია. ამასთან, სახელმწიფო ორგანოებს საქმის ფიგურანტების მიმართ გატარებული სამართლებრივი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

შეთქმულების მორიგ სცენარად დააკვალიფიცირეს 2022 წელს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენის, უფლებადამცველისა და მკვლევრის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებლის, 75 წლის პიტერ აკერმანის საქართველოში, კერძოდ, ბაკურიანში ჩატარებული სემინარი - არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადება გაავრცელა: „მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა, რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - დღეს, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს“. აღნიშნულ საქმის დეტალები, სხვა საქმეების მსგავსად, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ცხადია, ამ კატეგორიის საქმეთა გამოძიების ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, მათი სამართლებრივი მსვლელობა, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის უცნობია, ზოგჯერ პოლიტიკოსთა რიტორიკას არ სცდება, ზოგჯერ კი გამოძიების დაწყების მიუხედავად, ამ პროცესუალურ ეტაპზევე ჩერდება. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის საქმეებთან მიმართებით უმეტესწილად არაერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი; ხშირად გაურკვეველია, ვის ეყრდნობა პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო ორგანო ინფორმაციის გავრცელებისას, არსებობს, თუ - არა ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ა.შ. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერები თუ სხვადასხვა სახელმწიფო, მათ შორის - სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალებისა თუ რევოლუციის შესახებ საუბარს მხოლოდ რიტორიკის დონეზე აგრძელებენ. სინამდვილეში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი ქმედების დაგეგმვაც კი სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ ეს ხდებოდა, სწორედ მათ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფო უწყებების უმოქმედობა და შემდგომი ნაბიჯების არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი ბრალდებები მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება და რეალური საფუძველი თუ მტკიცებულება, რომელიც გადატრიალების მომზადებაზე ან დაგეგმვაზე მიუთითებდა, არ არსებობს (უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ბმული 1, ბმული 2) .


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია