ბექა ოდიშარიას განცხადებები რუსულ კანონზე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ოდიშარიას განცხადება არის ტყუილი.

2024 წლის 31 ივლისს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრა. „ესეთი ლიბერალური კანონი, ესეთი დემოკრატიული კანონი, ყოველგვარი ბერკეტებისგან დაცლილი, რაღაც დრაკონული ფუნქციებისა, მას არ აქვს არანაირი არც განზრახულობა და არც შესაძლებლობა, რომ ვინმეს, და აქ არის საუბარი მხოლოდ ორგანიზაციებზე, ფიზიკურ პირებს საერთოდ არ ეხება, რომ აკრძალოს მათი საქმიანობა“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

„ფაქტ-მეტრმა“ ბექა ოდიშარიას მტკიცებები გადაამოწმა.

მტკიცება - კანონი ლიბერალური და დემოკრატიულია

ბექა ოდიშარიას განცხადების პირველი ნაწილის მიხედვით, კანონი ლიბერალური და დემოკრატიულია. მსგავს მტკიცებას კანონის მხარდამჭერები სისტემატურად აჟღერებდნენ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ბმული 1, ბმული 2).

რეალურად, საქართველოში მიღებული კანონი თავის შინაარსით არსებითად განსხვავდება დასავლური, დემოკრატიული პრაქტიკისგან. დასავლური, დემოკრატიული ქვეყნები გამჭვირვალობას ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად უზრუნველყოფენ, მაშინ, როდესაც საქართველოში მიღებული რუსული კანონი გამჭვირვალობის საფარქვეშ სამოქალაქო სექტორისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი ნორმები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები/პოლიტიკები. მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა.

აღნიშნული კანონები გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ დაფინანსების სანაცვლოდ განხორციელდა. ამრიგად, დასავლური პრაქტიკა საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღებ არაკომერციულ ორგანიზაციებზე კი არ არის ფოკუსირებული, არამედ იმ კონკრეტული აქტივობების იდენტიფიცირებას მიემართება, რომლებმაც შესაძლოა დემოკრატიულ პროცესებზე მავნე გავლენები იქონიოს.

ამისგან განსხვავებით, ქართული კანონი აქტივობის შინაარსს არ აფასებს და „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს. დასავლეთში მოქმედი თუ ინიციირებული კანონები/კანონპროექტები, იზიარებენ ეუთოს მითითებას იმის თაობაზე, რომ „გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ისეთების, როგორებიცაა საჯარო წესრიგი, ან იმგვარ დანაშაულთან ბრძოლა, როგორიცაა კორუფცია, მითვისება, ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსება. ამგვარი მყარი საფუძვლის გარეშე შეუძლებელია, ადამიანის უფლების შეზღუდვის გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობა ჩაითვალოს“.

ამრიგად, დასავლური პრაქტიკისთვის სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ ის რისკებია, რომელიც სხვადასხვა უცხო სახელმწიფოსგან შეიძლება მომდინარეობდეს. ამისგან განსხვავებით, საქართველოში მიღებული კანონი გამჭვირვალობის ყალბ მოთხოვნებს კრიტიკული ორგანიზაციების ტოტალური გაკონტროლების და მათი საქმიანობის შეზღუდვის იარაღად იყენებს.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში მიღებულ კანონზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

მტკიცება - ფიზიკურ პირებს საერთოდ არ ეხება

განმცხადებლის მტკიცებით, კანონი მხოლოდ ორგანიზაციებზე ვრცელდება და ფიზიკურ პირებს საერთოდ არ შეეხება. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებების და ამ ვალდებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების უმრავლესობა არასამთავრობოებსა და მედიებს მიემართება, კანონში არსებული რეპრესიული მექანიზმები ფიზიკურ პირებზეც ცალსახად ვრცელდება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მასტიგმატიზებელი და ღირსების შემლახავი სტატუსის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” სახელით პოზიციონირება ორგანიზაციაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლისთვის დამაზიანებელია. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის მინიჭებული მასტიგმატიზირებელი იარლიყი ნეგატიური ეფექტის მატარებელია, როგორც პროფესიულ და სამსახურებრივ საქმიანობაში, ასევე - კარიერული ცხოვრების წარმართვისას. [1]

კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო აღიჭურვება ორგანიზაციაში დასაქმებული ფიზიკური პირების, ორგანიზაციის ბენეფიციარებისა თუ სხვა ნებისმიერი პირის (არ არსებობს მონიტორინგის სამიზნე ადრესატთა განსაზღვრადი წრე) [2] პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მოძიების, გამოთხოვის და დამუშავების შეუზღუდავი ძალაუფლებით. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა 5000 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში ვკითხულობთ იმასაც, რომ „სადავო ნორმების მოქმედება ქმნის ნორმატიულ რეალობას, როდესაც სერვისის მიმწოდებელ არც ერთ ორგანიზაციას აღარ შესწევს უნარი, ადეკვატურად, მისთვის გამოცხადებული ნდობის შესაბამისად, დაიცვას მინდობილი პერსონალური ინფორმაცია. ამ რეალობაში, ორგანიზაციისთვის ერთადერთი მოსალოდნელი შედეგი ბენეფიციარებში სანდოობის სრული განადგურებაა. მოლოდინი იმისა, რომ ორგანიზაცია ვერ შეძლებს პერსონალური მონაცემების დაცვას, განსაკუთრებული სიმძიმით აისახება არაერთ სენსიტიურ სფეროზე, მაგალითად, ოჯახში, ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ეფექტური დახმარების გაწევაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაზე“. [3]

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კანონი ფიზიკური პირების გაკონტროლებისა და მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმებს როგორც ირიბად, ასევე პირდაპირაც შეიცავს. „საჭირო ინფორმაციის“ მოძიების ტვირთს სახელმწიფო ნებისმიერ ფიზიკურ პირზე ავრცელებს, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მათ ფინანსურ სანქციებს უდგენს.

აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია

მტკიცება - კანონს არ აქვს არანაირი არც განზრახულობა და არც შესაძლებლობა, რომ აკრძალოს საქმიანობა

როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის რეალური მიზანი/განზრახვა არა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არამედ, სწორედ სამიზნე ორგანიზაციების საზოგადოებრივი რეპუტაციის შელახვა, მათი საქმიანობის დისკრედიტაცია, არსებითი ოპერაციული პრობლემების შექმნა და საბოლოოდ, მათი დამოუკიდებლობის სრული მოსპობა და განადგურებაა. [4]

აღნიშნულზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტებელი კამპანია, რომელიც კანონის მიღებას უძღოდა წინ და რომლის ფარგლებში, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძირის გამომთხრელ საქმიანობას აბრალებდა.

კამპანიამ „ლოგიკური“ გაგრძელება ნორმატიულ დონეზე პოვა და კანონის სუბიექტებს არსებობის წინაპირობად მადისკრედიტებელ რეესტრში დარეგისტრირება დაუდგინა. ამრიგად, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც კანონის მოწესრიგების სფეროში ექცევა, არსებობასა და საქმიანობას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „უცხოური ძალის ინტერესების” გამტარებლად დაიდენტიფიცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს იძულებითი რეგისტრაციის შესაძლებლობას.

მადისკრედიტებელი იარლიყის გარდა, ორგანიზაციების სანდოობას ასევე საფრთხეს უქმნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ფაქტობრივად შეუზღუდავი წვდომა ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე. სამოქალაქო სექტორის სარჩელში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის თითოეულ ბენეფიციარს, თანამშრომელსა თუ სხვა პირს, უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მის შესახებ ინფორმაცია - ხშირ შემთხვევაში კი საკმაოდ სენსიტიური ინფორმაცია - რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციას მიანდო, დაცული იქნება სათანადო წესითა და გაუთქმელობის პირობით. ამის გარეშე, შეუძლებელია, რომელიმე გაერთიანებამ საზოგადოების მინიმალური ნდობაც კი მოიპოვოს. [5]

„კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ ორგანიზაციას დააკისრებს დაახლოებით 255 000 ლარის ოდენობით ჯარიმას (25 000 ლარი რეგისტრაციისგან თავის არიდებისთვის + 10 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის + ყოველთვიურად 20 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობის განმეორებით, ყოველ მომდევნო თვეს წარუდგენლობისთვის). ხოლო, მათი თუნდაც ნაწილის გადაუხდელობა, საბოლოოდ გარდაუვლად გახდება ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების საფუძველი, რაც საბოლოოდ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებისა და მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ქონების დაყადაღებას, საბოლოოდ კი - მის ლიკვიდაციას გამოიწვევს. [6]

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბექა ოდიშარიას განცხადებაში გაჟღერებულ თითოეულ მტკიცებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი. პოლიტიკოსის განცხადების საპირისპიროდ, კანონი ფუნდამენტურად განსხვავდება დასავლური, დემოკრატიული კანონებისგან, შეიცავს, როგორც კანონის პირდაპირი სუბიექტების, ასევე, ფიზიკური პირების გაკონტროლებისა და მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმებს და მისი რეალური განზრახვა ორგანიზაციების საზოგადოებრივი რეპუტაციის შელახვითა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის გზით მათ განადგურებას მიემართება.

[1] სასამართლო აქტები (constcourt.ge) პარ. 4.3.2.

[2]იქვე. პარ. 2.2.2.

[3]იქვე. პარ. 4.3.3.

[4]იქვე. პარ. 3.5

[5]იქვე. პარ. 4.1.

[6]იქვე. 4.3.2.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია