ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. №44/რევაზ კომახიძის №1-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. უფრო სწორად, იყო, რადგან ახლა იქ მხოლოდ ფასადის ნაწილიღა მოჩანს (ფოტო 1), დანარჩენი შენობა კი დანგრეულია. ძეგლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანდათან იშლებოდა. ფაქტ-მეტრის მიერ ერთი წლის წინ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ შენობა ჯერ კიდევ იდგა (ფოტო 2). თუმცა მანამდე, 2018 წელს, საცხოვრებელი სახლი ვიზუალურად ასე გამოიყურებოდა (ფოტო 3). სავარაუდოდ, დროული და სწორი მიდგომისა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სპეციალისტების ჩართულობით, მისი ამ სახით აღდგენა შესაძლებელი იყო.

ფოტო 1 (ავტორის) ფოტო 2 (ავტორის) ფოტო 3 (აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო)

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალში, კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე, ვკითხულობთ, რომ ეს არის „ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი ორსართულიანი შენობა, კომახიძის ქუჩაზე გრძივი, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე კი განივი ფასადით გადის... ქუჩათა გადაკვეთის ნაწილში მეორე სართული მოურთავია და მისი კედლები გლუვადაა დატოვებული, რასაც ვერ ვიტყვით კომახიძის ქუჩაზე გამავალი ფასადის დიდ ნაწილზე. უკანასკნელის მორთულობაში შეინიშნება კლასიციზმის ნიშნები... შენობა საყურადღებო როლს თამაშობს უბინისა და ქუჩის განაშენიანებაში. სახლი აგებულია 1888 წელს“.

ეს ნიშნავს, რომ ფოტო 3-ზე გამოსახული შენობა, რომლის ერთი ნაწილიც განსხვავებული ფერითაა შეღებილი, არის ერთიანი, როგორც ეს აღწერილია შესაბამისი უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც და ხელოვნებათმცოდნის მიერ მომზადებულ კვლევაშიც (დანართი 1, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოგვაწოდა). ოქმში კი, რომელიც სააგენტომ გამოგვიგზავნა, საპროექტო ობიექტის მისამართად მითითებულია მხოლოდ კომახიძის ქ. №1. „მის გვერდით არსებული შენობად“ კი მოხსენიებულია ამავე სახლის მეორე ნაწილი, რომელიც ზ. გამსახურდიას ქუჩაზე გამოდის. ანუ ერთი შენობა თვითნებურადაა გამიჯნული. კერძოდ, საბჭოს ერთ-ერთი წევრი (სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ოქმში მითითებული არაა საბჭოს წევრების ვინაობები) გამოთქვამს მოსაზრებას: „კარგი იქნებოდა ძეგლის აღდგენა თავდაპირველი სახით და მის გვერდით არსებული შენობის ადაპტირება. თუმცა, ვინაიდან ძეგლის დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია, თითქმის აღარ გააჩნია სართულშუა გადახურვები და სახურავი, რის გამოც წყალი მუდმივად ჩაედინება საძირკველში, ძეგლის უფრო მეტად დაზიანებისა და მისი განადგურების თავიდან ასაცილებლად, მისაღები იქნება მის რეაბილიტაცია. აუცილებელია ფასადის შენარჩუნება თავისი მორთულობითა და სრული სილუეტით“. დანართი 1.1

2023 წლის 14 ივნისს კი სააგენტომ გამოსცა სანებართვო მოწმობა (დანართი 2), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელი ადაპტაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ. შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს ყოფილი წევრი „ფაქტ-მეტრთან“ განმარტავს: „კომახიძის ქ. 1-ში მდებარე სახლი იყო დამწვარი და ინგრეოდა. ამას არ სჭირდება არქიტექტორი ან ხელოვნებათმცოდნე. ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს ერთი შენობაა. ამის აქ დანგრევა ხომ საერთოდ არ შეიძლება, 1888 წელი აწერია. თითქმის 150 წლისაა შენობა. ასეთი შენობა საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება, ამ ხანდაზმულობის და თან ასე შენარჩუნებული იყოს. ერთი წევრის მოსაზრებაა, რომ კარგი იქნებოდა ძეგლის აღდგენა თავდაპირველი სახით. ეს სასურველი კი არაა, არამედ სავალდებულოა. ასევე წერია, რომ კარგი იქნებოდა მის გვერდით არსებული შენობის ადაპტირება. ესეც საფუძველშივე მცდარია. მანიპულირებას ცდილობენ, თითქოს ორი შენობაა. ამათ გამიჯნეს თვითნებურად, თითქოს ეს ძეგლია და ის - ძეგლის გვერდით მდგარი შენობა. წყალი ჩაედინება საძირკველში და ძეგლს უფრო მეტად აზიანებსო - ანუ ავად არის და მოვკლათო. ესაა მიზანმიმართული დანაშაული და გარდა ამისა, უნამუსობაა. ნებისმიერ რესტავრატორს რომ ჰკითხო, არ არსებობს შენობა, რომლის გადარჩენაც შეუძლებელია. შენობა დგას? ე. ი., ამ შენობის გადარჩენა შეიძლება. აქ კითხვაა, რამდენი დაიხარჯება. ცხადია, როცა კულტურულ მემკვიდრეობაზეა საუბარი, თანხის ხსენება საერთოდ არარელევანტურია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის თანხაში გადატანას ფაროს კონვენცია [ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს] საერთოდ არ ცნობს. ეს ჩანაწერი არის პროკურორის საქმე, პირდაპირ შეიძლება, რომ ამით ბრალი წაუყენო“...

2011 წლის შემდეგ, ანუ ფაროს რატიფიცირებიდან დღემდე, ბათუმში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა/დაანგრიეს და მათ ნაცვლად მრავალსართულიანი შენობები ააშენეს, ან ძეგლებს სახე უცვალეს. იხ. „ფაქტ მეტრის“ სტატია 1 და სტატია 2. სპეციალისტების აზრით, რამდენჯერმე დაირღვა ასევე კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლიც, რომელიც ეხება ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონას ანუ ფიზიკურ (ძეგლის სიმაღლე, გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრისა, აკრძალულია საქმიანობა, რომელიც დააზიანებს, დაზიანების საფრთხეს შეუქმნის, ან გააუარესებს მის აღქმას) და ვიზუალურ (ფიზიკური არეალის მიღმა ტერიტორია, რომლის ცვლილებაც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის მის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს ძეგლის მნიშვნელობას. რადიუსი: ძეგლებისთვის - 300 მ; ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისთვის - 500 მ; მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისთვის - 1 000 მ.) დამცავ არეალებს.

„საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არის ჩამონათვალი, რა სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს ძეგლზე. კანონით დასაშვებია რესტავრაცია, ადაპტაცია, რეკონსტრუქცია და კონსერვაცია. კანონშივე განმარტებულია, რომ რესტავრაცია ნიშნავს შენობის თავდაპირველი სახის აღდგენას. ანუ როგორი იყო თავდაპირველად შენობა. რეკონსტრუქციას რაც შეეხება, ესაა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული შენობის თავდაპირველი სახით აღდგენა. ადაპტაცია არის შეგუება, მაგალითად, იყო საცხოვრებელი სახლი და როგორ აქციო სასტუმროდ. ფუნქციის შეცვლა აკრძალული არაა, ოღონდ უნდა შენარჩუნდეს ძეგლის სახე. კონსერვაცია არის იმ სახით შენარჩუნება, როგორითაც გვაქვს. ამ მეთოდს იყენებენ, რომ ჩარევამ ძეგლი უფრო არ დააზიანოს და მომდევნო თაობას შევუნახოთ, როცა უკეთესი ტექნოლოგიებით შესაძლებელი გახდება მასზე მუშაობა.

„ნაციონალებმა“, იმის გამო, რომ ფულის კეთება მოინდომეს, კანონში შეიტანეს ცვლილება, რომ ძეგლის მოცულობის გაზრდა დასაშვებია, გარკვეული პირობით. იმიტომ, რომ ფული კეთდება მხოლოდ ამაში. თუმცა ის ოთხი დასაშვები ფორმა ძეგლთან მუშაობისა ისევ შენარჩუნებულია და ეგ ოთხივე გულისხმობს, რომ ძეგლის მოცულობის გაზრდა არ შეიძლება. ხელოვნებათმცოდნემ უნდა განმარტოს, თუ დაშენება შეიძლება, რომელი არგუმენტებით ხელმძღვანელობს. ძეგლი რომ 150 წელი დგას, რის საფუძველზე ამბობ, რომ მასზე დაშენება არის კარგი? ყველა ქარტია, ყველა კანონმდებლობა, რომლებიც საქართველოშია რატიფიცირებული, ამბობს, რომ ძეგლი უნდა შეინარჩუნო თავდაპირველი სახით. ძეგლს დავანგრევ, იქ კორპუსს ჩავდგამ და ძეგლისთვის უკეთესიაო, რა პრინციპია? აი ექიმმა რომ დაწეროს, ამ ავადმყოფ ადამიანს თუ მოვკლავთ, კარგი იქნება მისი ჯანმრთელობისთვისო, იგივე მიდგომაა ესეც. ბევრჯერ მივმართე სამართალდამცავ უწყებას, რომ ძეგლთან მიმართებით ჩადენილია სავარაუდო დანაშაული. რამდენიმე შემთხვევაზე თქვეს, რომ კანონი არ დარღვეულა, დანარჩენი რეაგირების გარეშე დარჩა“, - ამბობს გუჯაბიძე საკითხზე საუბრისას.

ზვიად გამსახურდიას ქ. №44/რევაზ კომახიძის №1-ში მდებარე ძეგლზე ადაპტაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „გარდენ ქიი“ ასრულებს. კომპანია ამავე მისამართზეა დარეგისტრირებული. 2022 წლის მარტის ამონაწერით, დირექტორი მალხაზ შუბალიძეა („ქართული ოცნების“ შემომწირველი). ბოლო ამონაწერით, ამჟამად კომპანიას შპს „ნექსთ დაუნთაუნი“ ჰქვია და მისი დირექტორები მალხაზ შუბალიძე და გიორგი ჟღენტი არიან, ხოლო მესაკუთრე - შპს „ნექსთ სითი“, რომლის დირექტორიც, თავის მხრივ, გიორგი ჟღენტია, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე და მმართველია კახა დევაძე. დევაძეს „ქართული ოცნებისთვის“, 2021 და 2023 წლებში, ჯამში 120 000 ლარი შეუწირავს. რაც შეეხება გიორგი ჟღენტს, მის მიერ მმართველი პარტიისთვის შეწირული თანხის მოცულობა 60 000 ლარს შეადგენს.

კიდევ ერთი ძეგლი, რომელსაც სახე უცვალეს, არის ზვიად გამსახურდიას ქ. №12/მერაბ კოსტავას ქ. №18-ში მდებარე შენობა. ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საბჭომ მხარი დაუჭირა. სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში (დანართი 3), რომელიც გაცემულია 2021 წლის 16 დეკემბერს, წერია: „პროექტის მიხედვით, ზიანი არ ადგება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ძეგლის ვიზუალურ, ესთეტიკურ და ისტორიულ მხარეს, უფრო მეტიც, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, უმჯობესდება ძეგლის მდგომარეობა“... რაც შეეხება კვლევას (დანართი 4), ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაციით, შესაძლებელია ძეგლის გვერდით მდგარი ორსართულიანი სახლის დემონტაჟი, რადგან მას ძეგლის სტატუსი არ აქვს. ასევე - ძეგლის ეზოში არსებული ფლიგელის მინაშენის დემონტაჟიც, რადგან ის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ისტორიულ შენობაზე მანსარდის სართულის აშენებას, ხელოვნებათმცოდნის დასკვნით, ამის „შესაძლებლობას იძლევა სახლის მაღალი პარაპეტი, რომლის უკან, გარკვეულ სიღრმეზე შესაძლებელია განთავსდეს დაშენება“.

შოთა გუჯაბიძის განმარტებით, ამ ძეგლის შემთხვევაშიც, კანონი დარღვეულია. „ძეგლს დააშენეს ბეტონი, რაც დანაშაულია. მე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენელს, ალასანიას, მისივე ინიციატივით. ნახევარი საათი ვისაუბრეთ და მივხვდი, რომ იტყუებოდა. მაინც დავადებინე პირობა, რომ იმ შენობებს არ დაანგრევდა. აქედან ერთს ძეგლის სტატუსი აქვს, მეორე ძველი შენობა იყო, სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან ღირებული შენობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირობა დადო, არ დაანგრევდა, მაინც დაანგრია ორივე. თან მაგ შენობის დანგრევის საფრთხე რამდენჯერმე გაჩნდა და გადავიტანეთ, როცა მე და ნინო [ინაიშვილი, არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი] საბჭოს წევრები ვიყავით. მაშინ რაღაცნაირად შევძელით და გავაუქმებინეთ, მინისტრთან ვუჩივლეთ. ეს შენობა შეტანილია მსოფლიოს არტ ნუვოს [Art Nouveau — „ახალი ხელოვნება“] რუკაზე. ანუ დაანგრიეს ძეგლი, რომელიც მსოფლიოს არტ ნუვოს რუკაზეა დატანილი“, - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ „ფაქტ-მეტრთან“.

ზვიად გამსახურდიას ქ. №44/რევაზ კომახიძის №1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არაერთი ფოტო მართლაც იძებნება art.nouveau.world-ზე. სამუშაოებს შპს „სოდი ინვესტმენტი“ ატარებს. სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადა 2023 წლის 16 დეკემბერს დასრულდა. ამ დროისთვის შენობა ასე გამოიყურება.

ავტორის ფოტო

სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, ასევე შეიცავდა კონკრეტულ კითხვას, ხომ არ დაარღვია რომელიმე კომპანიამ სანებართვო პირობები, რაზეც ადრესატმა არ გვიპასუხა. თუ მათ პირობა არ დაურღვევიათ, ე. ი., სააგენტომ „სოდი ინვესტმენტს“ ძეგლის დანგრევისა და მხოლოდ ფასადის დატოვების უფლება მისცა, რადგან მან შენობის შიგა ნაწილი, ფაქტობრივად, მთლიანად დაშალა.

„სოდი ინვესტმენტის“ დირექტორია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ხოლო მესაკუთრე - გამარტივებული ტიპის სააქციო საზოგადოება GUIBOR, 343 256 673 /საფრანგეთი. შეგახსენებთ, რომ ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი იყო. 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ის პოლიტიკიდან წავიდა. რამდენიმე დღეში კი პარტია დატოვეს ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა, გიორგი ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა. 2021 წელს ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გახდა საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ვიქტორ დოლიძე, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი იყო, 2020 წლიდან ნატოში საქართველოს ელჩად დაინიშნა. დავით ონოფრიშვილი 2019 წელს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გახდა. გიორგი ცაგარეიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი კი მოქმედი პარლამენტის წევრები არიან და ორივე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

მთავარი ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია