ირაკლი კობახიძე: 700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში, დაახლოებით 679.6 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან ზოგად სიღარიბეში.

პრემიერ-მინისტრი სტატისტიკურ მონაცემებს სწორად ასახელებს, თუმცა მისი განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე. ამასთან, პრემიერის განცხადებაში იგნორირებულია ის ფაქტი, რომ აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. 2024 წლის ივლისის მონაცემებით, 677,495 ადამიანი არის საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.3%-ს შეადგენს.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია, მანიპულაციურია და არ ასახავს ობიექტურ რეალობას. ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული 12 წლის ერთ-ერთ მიღწევად სიღარიბის შემცირება დაასახელა. მისი განცხადებით: „700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ პრემიერი განცხადებისას აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომელსაც „საქსტატი“ აწარმოებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში. შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია, არ ასახავს ობიექტურ რეალობას და მანიპულაციურია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა. რა თქმა უნდა, რაც უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ და დავაჯამებთ, მით უფრო შთამბეჭდავი იქნება მიღებული შედეგი. 2012 წლის შემდეგ, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში, 30%-დან 11.8%-მდე, დაახლოებით 679.6 ათასი ადამიანით შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).

რაც შეეხება ტენდენციას, როდესაც მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, ქვეყანაში სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენცია იყო, 2011-2012 წლებში, ორწლიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბე 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. დადებითი ტენდენცია გაგრძელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში [2013-2015], შემდგომ პერიოდში ტენდენცია არაერთგვაროვანია. 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა, 2017 წელს კი სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018 და 2019 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით. 2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, მკვეთრად იზრდება აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი. 2021-2023 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად მცირდება (იხილეთ გრაფიკი 1). მიუხედავად დადებითი დინამიკისა, უკიდურესი სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება - ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 11.8%-ს, დაახლოებით 435.9 ათასი ადამიანს, არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი არ გააჩნია.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი. 2024 წლის ივლისის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის ჯამში, 677,495 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.3%-ს შეადგენს. 2012 წლის ოქტომბერში, როცა მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადმოიბარა, 472,093 ათასი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 12.6%) იყო სოციალურად დაუცველი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, როგორც კლებისკენ, ასევე ზრდისკენ. 2020 წლიდან ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება და 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, აღნიშნული ზრდა გარკვეულწილად მთავრობის სოციალური პოლიტიკითაც არის განპირობებული - პროგრამის გაფართოება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ.

ფულადი სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე თვეში 30-დან 60-ლარამდე მერყეობს; 16 წლამდე ასაკის პირის ფულადი დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს. ამასთან, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს ოფიციალურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ფიზიკური გადარჩენისთვის სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.

განვიხილოთ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც. ფარდობითი სიღარიბის ზღვარი მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების (სამომხმარებლო ხარჯების) 40%-ს და 60%-ს შეადგენს. „ქართული ოცნების“ მმართველობის 12-წლიან პერიოდში, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ შეინიშნება.

2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 19.8% მედიანური სამომხმარებლო ხარჯების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით მხოლოდ 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გასული წლის მონაცემებით, მოსახლეობის 7.4% მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ ცხოვრობს, რაც 2012 წელთან შედარებით მხოლოდ 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

გრაფიკი 2: ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, აბსოლუტურ სიღარიბის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მართლაც შემცირდა, თუმცა მტკიცება, თითქოს დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია, არასწორი ინტერპრეტირებაა, რადგან მათი დიდი ნაწილი კვლავ რჩება ზოგად სიღარიბეში. მით უმეტეს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი და ქვეყნის მოსახლეობის 18.3% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია