სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2), მათ შორის, „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ფოტოანაბეჭდს ავრცელებენ და წერენ: „ფართოდ გაახილეთ თვალები, ნუ ხართ ხბოებივით, WEF წერს, რომ პანდემია იყო ხალხის დამორჩილების „ტესტი“ სწრაფად განვითარებადი „ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“. რეალურად, ფოტოანაბეჭდი WEF-ის 2022 წლის სტატიიდან ვრცელდება, რომელიც ნახშირბადის ემისიების შემცირებას ეხება. WEF-ის მიხედვით, „COVID-19 იყო სოციალური პასუხისმგებლობის ტესტი“, რომელმაც აჩვენა, რომ საზოგადოებამ შეძლო, საერთო სიკეთისთვის ერთად და ეფექტურად ემუშავა. აღნიშნული ტენდენცია, სხვა მაგალითებთან ერთად, როგორიცაა ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, WEF-ის აზრით, საზოგადოებას ნახშირბადის ემისიების შემცირებაში დაეხმარება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებითაა შესაძლებელი, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დიდი ხანია შეთქმულების თეორიებისა და ანტიმეცნიერული დეზინფორმაციის სამიზნეა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3).

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაცია ამტკიცებდა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პანდემიას „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დასამყარებლად იყენებდა. კონსპირაცია სათავეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებული გეგმიდან იღებდა, რომელსაც „დიდი გადატვირთვა“ ეწოდება. თუმცა სინამდვილეში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გეგმას ტოტალური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წინასწარ გაწერილ სცენართან კავშირი არ ჰქონია. სინამდვილეში, მისი მიზანი, იმ რეკომენდაციების შემუშავება იყო, რომლებიც ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდა.

რაც შეეხება Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ ფოტოანაბეჭდს, ანგარიშების მიხედვით, WEF სტატიაში აღიარებს, რომ კოვიდპანდემია „დამორჩილების ტესტს“ წარმოადგენდა. თუმცა აღნიშნულ სტატიაში, რომელიც ორი წლის წინ, 2022 წლის 14 სექტემბერს WEF-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, მსგავსი „აღიარება“ არ იკითხება. მასში მიმოხილულია ნახშირბადის ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივების მნიშვნელობა და მოყვანილია მაგალითები, რომლებიც ნახშირბადის ემისიის შემცირების პოტენციალს აჩვენებს.

ორგანიზაციის აზრით, ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ასეთ მაგალითს სწორედ პანდემიის დროს საზოგადოების ეფექტური, ერთობლივი მუშაობა წარმოადგენს. კერძოდ, WEF-ის მიხედვით, „COVID-19 იყო სოციალური პასუხისმგებლობის ტესტი“, რომელმაც აჩვენა, რომ მოქალაქეებმა შეძლეს ერთად, ეფექტურად ემუშავათ საერთო სიკეთისთვის. „უზარმაზარი რაოდენობით, წარმოუდგენელი შეზღუდვები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის იქნა მიღებული მილიარდობით მოქალაქის მიერ მთელ მსოფლიოში. გლობალურად იყო უამრავი მაგალითი სოციალური დისტანციის დაცვის, ნიღბების ტარების, მასობრივი ვაქცინაციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შექმნილი კონტაქტის მოკვლევის აპლიკაციების მიმღებლობის შესახებ, რამაც ინდივიდუალური სოციალური პასუხისმგებლობის არსი აჩვენა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ასევე ნახსენებია სხვა სასარგებლო ტენდენციები და მიღწევები, როგორიცაა, მაგალითად, ტექნოლოგიების განვითარება და ბუნებისა და გარემოსადმი ცნობიერების ამაღლება და სხვ.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ WEF-ის სტატიის მიხედვით, კოვიდპანდემია ხალხის დამორჩილების „ტესტი“ იყო. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პანდემიამ სოციალური პასუხისმგებლობის არსი აჩვენა, როცა მოსახლეობამ ერთობლივად შეძლეს, პანდემიის წინააღმდეგ ეფექტურად ებრძოლათ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია