სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტრ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ წერს: „დოქტორმა კერი მედეიმ ჩაატარა დამოუკიდებელი ტესტები ვაქცინის ფლაკონებზე და აღმოაჩინა რაღაც საშინელი - ცოცხალი Hydra vulgaris პარაზიტი, რომელიც ცდილობს თავის დაღწევას ფლაკონიდან... ინექციისა და გაცხელების შემდეგ, ისინი იწყებენ მოძრაობას თქვენს სხეულში, მზად არიან ნგრევისთვის. Hydra Vulgaris (ჩვეულებრივი ჰიდრა) უკვდავი პარაზიტია. ეს პარაზიტი ფაქტობრივად უკვდავია და შეუძლია საკუთარი თავის უსასრულო რეგენერაცია...ვაქცინაში ნაპოვნი კიდევ ერთი პარაზიტი არის Trypanosoma cruzi, რომელიც იწვევს შაგასის დაავადებას. ეს არის ჩუმი მკვლელი, რომელიც წლების განმავლობაში ნელ-ნელა აზიანებს გულსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. Toxoplasma Gondii (Toxoplasma) არის გონების კონტროლის პარაზიტი. ამ პარაზიტს შეუძლია ქცევით მანიპულირება. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მას შეუძლია შეცვალოს ცხოველთა ტვინის ქიმიური შემადგენლობა, რაც იწვევს მათ ირაციონალურ მოქმედებას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს გონების კონტროლი, რომ შეუყვანეს ხალხს - მილიონობით ადამიანი უკვე შეიძლება იყოს მისი გავლენის ქვეშ. სანამ დროა ჩაიტარეთ დეტოსი ისინი არავის დაინდობენ“.

Facebook-მომხმარებლის მტკიცება დოქტორი ქერი მადეის ვიდეოს ეფუძნება, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ დაკვირვების შედეგად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაში ჰიდრას მსგავსი ორგანიზმები აღმოაჩინა. მტკიცება ასევე მოიცავს ხაზგასმას, რომ ჰიდრა „უკვდავი პარაზიტია“ და ვაქცინირებული ადამიანის სხეულში მარადიულად ცოცხლობს. აღსანიშნავია, რომ ქერი მადეის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია.

გარდა ამისა, პოსტის ავტორი საუბრობს „მკვლელი პარაზიტისა“ და „გონების კონტროლის პარაზიტის“, Trypanosoma Cruzi-სა და Toxoplasma Gondii-ის შესახებ და ამტკიცებს, რომ აღნიშნული პარაზიტები ნელ-ნელა, ჩუმად აზიანებს გულსა და ტვინს და იწყებს მათ კონტროლს. რეალურად კი, FDA-ს მიერ გამოქვეყნებული კოვიდ-ვაქცინების ინგრედიენტების სიის მიხედვით, COVID19-ის ვაქცინები არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ შეიცავს.

პოსტში აღნიშნული ჰიდრა (Hydra vulgaris) მტკნარ წყალში მცხოვრები პოლიპია, რომლის მთლიანი სხეულიც მილის ფორმისაა და საცეცებისგან შედგება. მისი სახელი მითოლოგიურ პერსონაჟს, ლერნეს ჰიდრას უკავშირდება. მითოლოგიური ჰიდრა იყო 9-თავიანი მონსტრი, რომელსაც თავის მოკვეთის შემთხვევაში, რეგენერაციის უნარი ჰქონდა. ჰიდრას ორგანიზმიც მეცნიერების წრეში მისი რეგენერაციის უნარით არის ცნობილი. კერძოდ, მას შეუძლია სხეულის ნებისმიერ ნაწილის ხელახლა გაზრდა და ჩამოყალიბება, მათ შორის, თავისაც. Trypanosoma Cruzi უჯრედშიდა პარაზიტია, რომელიც ნამდვილად იწვევს ჩაგასის დაავადებას. Toxoplasma Gondii-ც უჯრედშიდა პარაზიტია, რომელსაც ადამიანებში სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევა შეუძლია, თუმცა მათი არსებობა COVID19-ის ვაქცინებში არ დასტურდება.

ჯანდაცვის ჯონ ჰოპკინსის ცენტრის უფროსი მკვლევრისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტის, დოქტორ ამეშ ადალიას თქმით, ჰიდრა ადაპტირებული ტბებისა და სხვა სახის მტკნარი წყლის არსებაა, რომელსაც ადამიანის ინფიცირება არ შეუძლია. ადალიას თქმით, „ის უბრალოდ ადამიანის პათოგენი არ არის“. გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, შეუძლებელია რომელიმე ორგანიზმმა გაუძლოს იმ სტერილიზაციის პროცესს, რომელსაც ვაქცინა გადის წარმოებისას.

პოსტი აგრეთვე მოიცავს მტკიცებას, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიცავს სხვა პარაზიტებსაც, როგორიცაა Trypanosoma Cruzi და Toxoplasma Gondii. COVID19-ის ვაქცინების ინგრედიენტებსა და შემადგენლობას ვხვდებით FDA-ს (Food and Drug Administration) ოფიციალურ საიტზე (მაგალითად ფაიზერი, მოდერნა), სადაც პოსტში აღნიშნული ან სხვა სახის ცოცხალი ორგანიზმები ნახსენები არ არის. ამასვე აცხადებს ჰონგ-კონგის ჯანდაცვის დეპარტამენტი, რომლის მიხედვითაც, ფაიზერის ვაქცინა არ შეიცავს trypanosoma cruzi-ს.

შესაბამისად, მტკიცება, რომ კოვიდ-ვაქცინებში აღმოჩენილია ჰიდრას პოლიპი, Trypanosoma Cruzi და Toxoplasma Gondii, რომელიც ადამიანის სხეულში ინფექციის სახით შედის, მუდმივად ცოცხლობს და აზიანებს მას, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია