„დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

ლევან ხაბეიშვილი: „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

„დიღმის ჭალების“ პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მაშინდელი მერის დავით ნარმანიას მიერ დაანონსდა, თუმცა პროექტი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის გამო, შეჩერდა. შემდგომ უკვე 2019 წელს პროექტი კახა კალაძემ დააანონსა. თავდაპირველი ინფორმაციით, დიღმის ჭალების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 11.6 მლნ ლარს შეადგენდა, შემდგომ პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდე გაიზარდა.

თბილისის მერიის მხრიდან მრავალჯერადი დაანონსების მიუხედავად, პროექტი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაწყებული არ არის. უფრო მეტიც, დიღმის ჭალების ტერიტორია ქვის კარიერებად არის ქცეული, სადაც მტკვრიდან ქვის მოპოვება მიმდინარეობს და არსებული ქვის სამტეხლოები ტერიტორიის დაბინძურებას იწვევს.

შესაბამისად, მერიის მხრიდან მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, დიღმის ჭალები „წალკოტად“ ნამდვილად არ ქცეულა.

აქედან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ „დიღმის ჭალების“ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა: „დიღმის ჭალებში იქნებაო წალკოტი, სინამდვილეში „დრაბილკა“ დგას და ქვის სატეხებია მოწყობილი“.

დიღმის ჭალები თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ზედა ტერასაზე მდებარეობს. ჭალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული ფართობი 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი კერძო საკუთრებაშია, ხოლო დანარჩენი ნაწილი მუნიციპალურ საკუთრებაში.

ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მაშინდელი მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ დიღმის ჭალებში ყველაზე დიდი პარკი აშენდებოდა. ნარმანიას თქმით, პროექტი გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა და ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის ნაცვლად, დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატებოდა.

მოგვიანებით, ერთი წლის მერე, პროექტი შეჩერდა. როგორც მაშინ მერიაში აცხადებდნენ, აღნიშნულის მიზეზი 13 ივნისის სტიქია იყო, რის გამოც პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შემდგომში, 2019 წელს, უკვე თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოები 2019 წელს დაიწყებოდა. პროექტის ღირებულება 11.6 მლნ ლარი იქნებოდა და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდებოდა.

2020 წლის დასაწყისში კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გამართა, სადაც პროექტების ჩამონათვალში დიღმის ჭალების პროექტიც იყო. მისი განცხადებით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს და მისი ღირებულება დაახლოებით 14.8 მლნ ლარი იქნება.

2020 წლის მაისში კახა კალაძე ამბობდა, რომ დიღმის ჭალების პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა აუცილებლად განხორციელდებოდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ დიღმის ჭალებში პარკის მოწყობა თბილისის განვითარების გენერალური გეგმის რეკომენდაციაც იყო.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მრავალჯერ დაანონსდა, მის განსახორციელებლად შესაბამისი ტენდერი დღემდე არ გამოცხადებულა. ამ ეტაპისთვის, დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით და ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია SMEC მუშაობს. დოკუმენტმა დიღმის ჭალების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა უნდა გააერთიანოს.

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განმარტებით, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში მან BMG-თან გააკეთა, „დონორებთან მიმდინარეობს მუშაობა დიღმის ჭალების პროექტის დაძვრასთან დაკავშირებით“. იგი პროექტის ვადებს ვერ ასახელებს, რადგან მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიღმის ჭალების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში უკანონოდ იყრება სამშენებლო ნარჩენები, ასევე ხდება წიაღისეულის ღია კარიერული მოპოვება, რის გამოც რეკრეაციული ფართობი თანდათან ნადგურდება.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ დიღმის ჭალების პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ დააანონსა, შემდეგ უკვე კახი კალაძემ 2019 წელს განაცხადა, რომ ტერიტორიაზე პარკი გაშენდებოდა და სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდებოდა. რეალობა არის ის, რომ პროექტი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, 2025 წელს ჯერ დაწყებულიც კი არ არის. შესაბამისად, დიღმის ჭალების „წალკოტად“ გადაქცევა, არც კი დაწყებულა. პირიქით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვის კარიერები და სამტეხლოებია მოწყობილი, რაც ბუნებრივი საფარის მტვრით დაფარვას და დაზიანებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.