პაატა კვიჟინაძე: ინფლაცია ნორმის ფარგლებშია, რეზერვები იზრდება, საკრედიტო პორტფელიც იზრდება, რეფინანსირების განაკვეთი და ვადაგადაცილებული სესხების წილი მცირდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა კვიჟინაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
პაატა კვიჟინაძე რამდენიმე მიმართულებას შეეხო.ინფლაცია მესამე წელია სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებშია. პოსტ-პანდემიურ პერიოდში და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ზედიზედ ორი წელი სამომხმარებლო ფასები ძალიან სწრაფად 9.6%-ითა და 11.9%-ით გაიზარდა, თუმცა 2023 წელს ინფლაციის განაკვეთი 2.5%-მდე, ხოლო 2024 წელს 1.1%-მდე შემცირდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში მცირედით გაიზარდა, მაგრამ არა საგანგაშოდ, მხოლოდ 2.8%-მდე.ეროვნული ბანკი რეზერვები აპრილში გაიზარდა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც შემცირებულია. რეზერვები შემცირდა 2024 წელსაც. იმავე წლის ოქტომბერში გაყიდულმა 591 მლნ დოლარმა გააჩინა ეჭვი, რომ წინასაარჩევნოდ მარეგულირებელმა „კურსი დაიჭირა.“ აღნიშნული ეჭვი კიდევ უფრო მეტად ნოემბერ-დეკემბერში გამყარდა, როდესაც კურსის ვარდნისას სებ-ს ინტერვენცია აღარ მოუხდენია და პირიქით დოლარი შეისყიდა. რიცხვებში გამოხატული კლების გარდა, გაუარესდა ადეკვატურობის კოეფიციენტიც, რომელიც 2023 წელსაც ნორმის ფარგლებს იყო ჩამოცდენილი.საკრედიტო პორტფელი 2024 წელს 18%-ით გაიზარდა, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია, ცალკეული გამონაკლისების გარდა სესხების მოცულობა სხვა დროსაც ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა.რეფინანსირების განაკვეთი 2023-2024 წლებში 11%-დან 8%-მდე შემცირდა, თუმცა ბოლო ერთი წელია აღარ შეცვლილა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების წილიც შემცირებულია, მაგრამ კლების ტემპი 2022 წელს შეჩერდა.სავალუტო ფონდთან შეჩერებული პროგრამა ვრცელი ჩამონათვალის მიღმა დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ მოყვანილი ინფორმაციიდან ნაწილი სიმართლეს შეესაბამებოდა, ხოლო ნაწილი არა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტიც უგულებელყოფილი იყო, „ფაქტ-მეტრმა“ პაატა კვიჟინაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
პაატა კვიჟინაძემ, ეროვნული ბანკის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა: „რატომ ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშს? ინფლაცია რამდენიმე წელია უკვე ნორმის ფარგლებშია და უფრო დაბლაც, სავალუტო რეზერვები მატულობს ყოველთვიურად მათ შორის აპრილშიც, რეფინანსირების სესხები მცირედით, მაგრამ მაინც მცირდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულებაა, ე.წ. ცუდი სესხები მცირდება. ამასთანავე, რაც ალბათ, ჩვენს კომიტეტს ძალიან აინტერესებს 17 %-ით გაიზარდა ეკონომიკის დაფინანსება და ეკონომიკის დაფინანსება ხდება ბანკებიდან“.
პაატა კვიჟინაძე რამდენიმე მიმართულებას შეეხო. პირველი ინფლაციაა. ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანასაც (მუხლი 3, პუნქტი 1) ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 3%-ია განსაზღვრული. არაა აუცილებელი, რომ ის ზუსტად 3%-ს შეადგენდეს. პირობითად, 3.5% მისაღებია, მაგრამ 10% უკვე აღარ.
პანდემიის შემდეგ, ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფლაციის განაკვეთმა 2021 წელს 9.6%-სა და 2022 წელს 11.9%-ს მიაღწია, ამასთან თუ 2022 წლის ინფლაცია მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტის მრავალი ქვეყნის პრობლემას წარმოადგენდა და ევროკავშირის 6 ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები საქართველოზე სწრაფად გაიზარდა, 2021 წლის ინფლაციის მიზეზები უფრო ლოკალური იყო და ფასების ზრდის ტემპითაც საქართველო უფრო მეტ ქვეყანას უსწრებდა, ვიდრე 2022 წელს.
2023 წელს ინფლაციის განაკვეთი მკვეთრად 2.5%-მდე შემცირდა, 2024 წელს - 1.1%-მდე. 2025 წლის იანვარ-აპრილში ინფლაციის განაკვეთი გაიზარდა, მაგრამ არა საგანგაშოდ. წლის პირველ ოთხ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 2.8%-ით გაიზარდა. 2023-2024 წლებში ინფლაცია არამხოლოდ წინა წლებთან შედარებით შემცირდა, ევროპის ქვეყნების უმეტესობის მაჩვენებლებსაც ჩამოსცდა.
ინფლაციის გაანგარიშებისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასთა ცვლილებას ექცევა. 2024 წელს ამ ჯგუფში შემავალ პროდუქტზე ფასის ზრდის ტემპმა 0% შეადგინა (იგულისხმება მთლიანი ჯგუფი და არა ჯგუფში შემავალი 96 დასახელების პროდუქტი ცალ-ცალკე).
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მესამე წელია, რაც ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ჩარჩოში ჯდება და ის ქვეყნისთვის, მათ შორის ქვეყანაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვან პრობლემას აღარ წარმოადგენს.
გრაფიკი 1: ინფლაციის საშუალო წლიური განაკვეთი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პაატა კვიჟინაძის მიერ ნათქვამი მეორე პუნქტი სავალუტო რეზერვებს ეხებოდა. ინფლაციისგან განსხვავებით, რეზერვების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მარტთან შედარებით რეზერვების მოცულობა 200 მლნ დოლარით 4.5 მლრდ-მდე გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის 300 მლნ-ით შემცირებულია, 2023 წლის ივლის-აგვისტოში დაფიქსირებულ რეკორდამდე კი 900 მლნ უკლია. სიმართლეს არ შეესაბამება განცხადების არც ის ნაწილი, რომ თითქოს რეზერვები ბოლო პერიოდში მაინც მუდმივად იზრდება, თებერვალში ის იანვართან შედარებით 200 მლნ დოლარით შემცირდა.
ცალკეული ჩავარდნები რომც გამოვრიცხოთ, 2024 წლის გასაშუალოებული მაჩვენებელიც კი 2023 წლისას ჩამორჩება და 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემი 2024 იანვარ-აპრილსაც და მთელ წელსაც.
გრაფიკი 2: გასაშუალოებული ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გასული წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, რეზერვები 4.6-4.8 მლრდ-ის ფარგლებში მერყეობდა. აპრილ-მაისში რუსული კანონის მიღებისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ფონზე რეზერვები 200 მლნ-ზე მეტით შემცირდა, თუმცა ივლის-აგვისტოს ზრდამ ეს კლება დააკომპენსირა. ოქტომბერში წინასაარჩევნოდ რეკორდული 628 მლნ დოლარიანი კლება დაფიქსირდა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 591 მლნ დოლარი სავალუტო აუქციონზე და Bmtch პლატფორმაზე იქნა გაყიდული.
საგულისხმოა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სავალუტო აუქციონი აღარ გამართულა, ხოლო Bmtch პლატფორმაზე ნოემბერ-დეკემბერში 134 მლნ შეისყიდა, მაშინ როცა ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.8-ს გადააჭარბა. ამ ფაქტმა გაამყარა მოსაზრება, რომ ოქტომბერში მარეგულირებელმა პოლიტიკური მოტივებით, ე.წ. კურსის დაჭერა მოახდინა.
გრაფიკი 3: ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დეკემბერში რეზერვების მოცულობა ასევე მკვეთრად 324 მლნ-ით გაიზარდა. ზრდის ძირითად მიზეზს კომერციული ბანკებისთვის რეგულაციების გამკაცრება წარმოადგენდა. სებ-ის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო ნორმა 5 პროცენტული პუნქტით - 10%-20%-დან 15%-25%-მდე გაიზარდა.
რეზერვების შეფასებისას აბსოლუტური მაჩვენებლის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია ადეკვატურობის კოეფიციენტის განსაზღვრა, რაც გვიჩვენებს იმას, თუ რამდენადაა საკმარისი არსებული რეზერვების მოცულობა პოტენციური შოკების გასამკლავებლად.
რეზერვების ადეკვატურობას სავალუტო ფონდი საკუთარი მეთოდოლოგიით აფასებს. ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება.
2015 წლიდან სები ადეკვატურობის კოეფიციენტის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს. გამონაკლისს 2020-2021 წლები წარმოადგენს, რა დროსაც რეზერვები დიდი ოდენობით საგარეო ვალის აღების ხარჯზე გაიზარდა. 2022 წელს ადეკვატურობის კოეფიციენტი 96%-მდე, 2023 წელს 90%-მდე და 2024 წელს 74%-მდე შემცირდა.
რეზერვების კიდევ ერთი საზომი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია. რეზერვები მომდევნო 3 თვის მოსალოდნელ იმპორტს უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს მას. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2023 წლამდე (2014 წლის გარდა), ეს კოეფიციენტი დაკმაყოფილებული იყო, 2023 წელს კი 2.72-მდე შემცირდა. 2024-ის მონაცემი მსოფლიო ბანკს ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა, იმის ფონზე, რომ იმპორტი გაიზარდა და რეზერვები თანხობრივად შემცირდა, ეს მაჩვენებელიც გაუარესებული უნდა იყოს.
კონტექსტის გათვალისწინებით, რეფინანსირების სესხის ხსენებისას, პაატა კვიჟინაძემ სავარაუდოდ სესხის საპროცენტო განაკვეთის კლება იგულისხმა და არა თავად ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გასაცემი სესხის მოცულობა, რომელიც ყოველკვირეულად მოთხოვნის შესაბამისად იცვლება.
პანდემიამდე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-ს შეადგენდა (2019 წელს 6.75%-დან 9%-მდე გაიზარდა). პანდემიის საწყის ეტაპზე 2020 წელს ის 8%-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ მაინც 10.5%-მდე გაიზარდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ - 11%-მდე. აღნიშნული განაკვეთი წელიწადზე მეტ ხანს - 2023 წლის მაისამდე, შენარჩუნდა და შემდეგ ეტაპობრივად კლება დაიწყო და ბოლოს 2024 წლის მაისში 8%-მდე შემცირდა. მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 8 სხდომა გაიმართა, თუმცა განაკვეთი აღარ შეცვლილა. ეროვნული ბანკი სიფრთხილეს რისკების დაზღვევის მოტივით ხსნის. მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ და დაკრედიტების ზრდამ შესაძლოა ინფლაციური პროცესების დაჩქარება გამოიწვიოს.
გრაფიკი 4: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
უცნობია, რა იგულისხმება ფრაზაში „საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულებაა“ ან რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებს გულისხმობს პაატა კვიჟინაძე და რა ტიპის დამოკიდებულებას. დღეის მდგომარეობით, სახეზეა ერთი მხრივ მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და მეორე მხრივ სავალუტო ფონდთან შეჩერებული პროგრამა და სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ მოლოდინის გაუარესება. აღნიშნული გაურკვევლობის გამო, „ფაქტ-მეტრმა“ განცხადების ეს ნაწილი შეფასების მიღმა დატოვა და შესაბამისად, მას ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.
„ცუდ სესხებად“ 90 დღით ან უფრო მეტი ხნით ვადაგადაცილებული სესხები ითვლება. 2024 წელს ვადაგადაცილებული სესხების წილმა მთლიან საკრედიტო პორტფელში 1.2% შეადგინა. იგივე იყო 2023 წელსაც. პანდემიამდე 2019 წელს 1.7%-ს შეადგენდა, უფრო ადრე 2017 წელს - 2.2%-ს.
გრაფიკი 5: კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების წილი საკრედიტო პორტფელში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
პანდემიამდეც და მის შემდეგაც, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტის მხარდაჭერით მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. დაწესდა სავალდებულო ლიმიტები შემოსავლებთან მიმართებით. დაბალშემოსავლიან მსესხებელს, პირობითად, ვისი ხელზე ასაღები ხელფასიც 1000 ლარია, შეუძლია აიღოს მაქსიმუმ იმ ოდენობის სესხი, თვეში 250 ლარის გადახდა რომ მოუწიოს. შეიზღუდა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაც და დაწესდა ქვედა ზღვარი 100 000 ლარის ოდენობით, რომელიც ეტაპობრივად 500 000 ლარამდე გაიზარდა. საკუთარი შიდა რეგულაციები კომერციულ ბანკებს ადრეც გააჩნდათ, მაგრამ შემდეგ ეს სავალდებულო მოთხოვნად იქცა. რეგულაციების გამკაცრება, ვადაგადაცილებული სესხების წილის შემცირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. დამატებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ რეგულაციებმა უფრო მეტი გავლენა არასაბანკო დაკრედიტებაზე მოახდინა. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჯერ 100%-მდე და შემდეგ 50%-მდე შემცირებამ ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციები პრაქტიკულად სრულად გააქრო.
რაც შეეხება დაკრედიტების მოცულობის 17%-იან ზრდას, აღნიშნული ფაქტობრივად სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ამ ფაქტში განსაკუთრებული არაფერია, ცალკეული გამონაკლისების გარდა, დაკრედიტება ყოველწლიურად ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება, ასე იყო კობა გვენეტაძის მმართველობის დროსაც და გიორგი ქადაგიძის მმართველობის დროსაც.
ეროვნული ბანკის საიტზე სესხების მოცულობის შესახებ ინფორმაცია 2002 წლის დეკემბრიდან იძებნება. 22 შემთხვევიდან საკრედიტო პორტფელის 18%-ზე დაბალი ტემპით ზრდა მხოლოდ 4-ჯერ დაფიქსირდა, უარყოფითი ზრდა კი მხოლოდ ერთხელ - 2009 წელს.
გრაფიკი 6: საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი კომერციული ბანკებისთვის (დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთლიანობაში, პაატა კვიჟინაძის განცხადებაში ინფლაციის შემცირების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, ის მესამე წელია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა და ამავე დროს კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. სიმართლეა ისიც, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, თუმცა ერთი წელია, რაც არსებულ 8%-იან განაკვეთზე გაიყინა. რეზერვების ნაწილში მისი განცხადება მცდარია. რეზერვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, კლება აღინიშნა გასულ წელსაც და გარდა ამისა, ადეკვატურობის კოეფიციენტი დარღვეულია. ვადაგადაცილებული სესხების წილი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, თუმცა კლების ტემპი 2023-2024 წლებში აღარ გაგრძელებულა. საკრედიტო პორტფელი 18%-ით გაიზარდა, მაგრამ ის თითქმის ყოველთვის სხვა დროსაც ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდებოდა. ვრცელ ჩამონათვალში პაატა კვიჟინაძეს არ უხსენებია, რომ სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა შეჩერებულია. პროგრამა 2023 წელს ძირითადად ეროვნულ ბანკში სტრუქტურული რეფორმების არ განხორციელების (საბჭოს არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა უნდა აჭარბებდეს აღმასრულებელ წევრთა რაოდენობას და საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ, განსხვავებით დღევანდლისგან როცა სებ-ს პრაქტიკულად ერთპიროვნულად მისი პრეზიდენტი მართავს) სახელმწიფო საწარმოების მართვაში არ განხორციელებული რეფორმის გამო შეჩერდა.
ნაწილობრივ სწორი და ნაწილობრივ მცდარი ინფორმაციის, აგრეთვე შეფასებისას მნიშვნელოვანი ფაქტების ნაწილის უგულებელყოფის გათვალისწინებით,ა „ფაქტ-მეტრმა“ პაატა კვიჟინაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.