ლევან დავითაშვილი: [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა
ვერდიქტი: ტყუილი
ანალიზი
ევრონიუსთან საუბარში ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა“.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება გადაამოწმა.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებს ეხება. ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესის მიღწევის შემთხვევაში საქართველო გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადავიდოდა, რაც ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები, არამედ ევროკავშირის ღირებულებებსა და წევრობის კრიტერიუმებთან შეუთავსებელი კანონები მიიღო და ანტი-დასავლური რიტორიკა გააძლიერა. აღნიშნულმა ქმედებებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია, რაც 2024 წლის 30 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ მიღებულ კომუნიკაციაშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტში ევროკომისიამ განაცხადა, რომ „თუ საქართველო არ შეცვლის მოქმედების არსებულ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემური საკითხების გადაჭრასა და ძირითადი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის განხილვას ვერ შეძლებს“.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების თაობაზე განაცხადა, რითაც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ევროინტეგრაციის პროცესი უკვე ოფიციალურად შეაჩერა. პარალელურად, მიღებულ იქნა ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, „არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით“.
მეტიც, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებმა ევროკავშირისა და მისი წევრი-ქვეყნების წინააღმდეგ კიდევ უფრო მძაფრი, შეიძლება ითქვას მტრული ხასიათი მიიღო, რამაც სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ დოკუმენტებშიც პოვა ასახვა. 2024 წლის ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველად დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები საქართველოში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის წყაროდ ღიად დაასახელა (გვ.30).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დოკუმენტებსა თუ ოფიციალური პირების განცხადებებში არაერთხელ გაესვა ხაზი „ქართული ოცნების“ საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებას. 2024 წლის 27 ივნისს მიღებულ დასკვნებში ევროპულმა საბჭომ პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით“. 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება „საქართველოს მთავრობის მოქმედებების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, 19 დეკემბერს მიღებულ დასკვნებში ევროპულმა საბჭომ სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის შეფასებით კი, „საქართველომ შეწყვიტა ინტერესი ევროინტეგრაციის გაგრძელების მიმართ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში... ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას და საქართველოს ყველა წინა მთავრობის განცხადებებს“.
ამავდროულად, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან მაღალ დონეზე არაერთი განცხადება კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება სჭირდება. 2025 წლის 31 მაისს, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს”. მათივე თქმით, „პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება“.
დამატებით, „Euroscope”-თან ინტერვიუში მარტა კოსმა განმარტა, რომ „[ევროპულმა] საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ“.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაწესებული პროცესია და ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის სახელმწიფომ განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ სულ მცირე 2028 წლამდე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს. „ქართული ოცნების“ განცხადებები საგარეო პოლიტიკისადმი ერთგულების თაობაზე წინააღმდეგობაში მოდის მისივე ქმედებებთან, რომლებიც არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ მნიშვნელოვან უკუსვლას აჩვენებს და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის პროცესით უკვე მიღებულ სარგებელს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.