2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

თათია ნიკოლაშვილი: 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ჩვენი ბიუჯეტიდან, რომლის მეშვეობითაც ოთხი საჯარო სკოლა არის, სამი ოზურგეთში: ანასეულის, ზემო ნატანების და მზიანის საჯარო სკოლები და ლანჩხუთში ნიგოეთის საჯარო სკოლა, რომელიც უნდა იყოს ახლა, თითქმის, დასრულების ეტაპზე. 2023 წლიდან დღემდე ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ ჯერ.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „ჯავას“ შორის 2023 წლის 23 მაისს გაფორმდა 11 472 002-ლარიანი ხელშეკრულება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ასკანის (მზიანის დაწყებითი სკოლის კორპუსი), სოფელ ზემო ნატანებისა და ქალაქ ოზურგეთის №5 (ანასეულის დასახლება) საჯარო სკოლების, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგოითის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან, 19 კალენდარული თვე. არსებული მდგომარეობით, მიმწოდებელმა მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჩააბარა, ისიც - ვადაგადაცილებით. სამშენებლო სამუშაოები კი ჯერაც არ განუხორციელებია. კომპანიისთვის ანაზღაურებული 2 290 238 ლარიდან, რაც მთლიანი ღირებულების 21%-ს შეადგენს, 2 035 721 ლარი ავანსია, ხოლო 254 516 ლარი გადახდილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა: „11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ჩვენი ბიუჯეტიდან, რომლის მეშვეობითაც ოთხი საჯარო სკოლა არის, სამი ოზურგეთში: ანასეულის, ზემო ნატანების და მზიანის საჯარო სკოლები და ლანჩხუთში ნიგოეთის საჯარო სკოლა, რომელიც უნდა იყოს ახლა, თითქმის, დასრულების ეტაპზე. 2023 წლიდან დღემდე ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ ჯერ“.

2023 წლის 31 იანვარს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, 2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, გურიის რეგიონის საჯარო სკოლების შენობების პროექტირება/მშენებლობის შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა 13 012 334 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან კომპანიას რომელიც შესყიდვით დაინტერესდა, დისკვალიფიკაცია მიენიჭა. წერილი დისკვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, დათარიღებულია 2023 წლის 5 აპრილით.

ერთ თვეში სააგენტომ ახალი ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად ტენდერში სამი კომპანია ჩაერთო. ყველაზე დაბალი ფასი შემსყიდველს შპს „ჯავამ“ შესთავაზა, რომელთანაც 2023 წლის 23 მაისს 11 472 002-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად, მიმწოდებელს ხუთი სკოლის მშენებლობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 19 კალენდარულ თვეში ანუ 2024 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ასკანის (მზიანის დაწყებითი სკოლის კორპუსი), სოფელ ზემო ნატანებისა და ქალაქ ოზურგეთის №5 (ანასეულის დასახლება) საჯარო სკოლების, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგოითისა და სოფელ ჯურუყვეთის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

2024 წლის 2 ივლისს ხელშეკრულებიდან ამოიღეს სოფელ ჯურუყვეთის საჯარო სკოლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, დაკორექტირდა ღირებულებაც და 10 433 124 ლარი გახდა. იმავე წლის დეკემბრის ცვლილებით კი კვლავ გაიზარდა და 10 708 805 ლარი შეადგინა. მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ კომპანიას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2024 წლის 19 იანვარს უნდა ჩაებარებინა, თუმცა მან სოფელ ასკანის სკოლის დოკუმენტაცია - 8 აპრილს, ნიგოითის სკოლის - 1 ივლისს, ზემო ნატანების სკოლის - 5 აგვისტოს, ხოლო ოზურგეთის №5 საჯარო სკოლის 19 აგვისტოს შეიტანა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება დოკუმენტი, რომელშიც საუბარი იქნებოდა სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების მიზეზებზე. სამაგიეროდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, კომპანიამ, ავანსის მიღების თხოვნით, შემსყიდველს სამჯერ მიმართა. სამივე წერილში აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოების ეფექტურად წარმართვის მიზნით, წინასწარი ანგარიშსწორება ესაჭიროება. არსებული მდგომარეობით, მიმწოდებელს უკვე აუნაზღაურდა 2 290 238 ლარი, რაც მთლიანი ღირებულების 21%-ს შეადგენს. აქედან 2 035 721 ავანსის სახით მიღებული თანხაა, ხოლო 254 516 ლარი - ოთხი სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება. სხვა ტიპის სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოს გვერდზე არ იძებნება. ამასთან, ონლაინმედია „გურია NEWS“-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ზემო ნატანებში სკოლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამავე მედიის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, №5 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის დროს, სახურავიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ამ ეტაპზე სამუშაოები არც იქ მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2026 წლებში განხორციელდება უპრეცედენტო პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კერძოდ, სამშენებლო სამუშაოები გათვალისწინებულია მხოლოდ 80 სკოლის შემთხვევაში. დანარჩენს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ან უტარდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაფორმებული თითქმის ყველა ხელშეკრულების პირობები არაერთხელ შეიცვალა. ხშირად ეს ცვლილებები პროექტის დასრულების ვადის გახანგრძლივებას გულისხმობს. დაუსრულებელი სამუშაოების გამო, მშენებლობა-რეაბილიტაციას დაქვემდებარებული სკოლების მოსწავლეები საგანმანათლებლო პროცესს სხვა სკოლებში ესწრებიან. მათ ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს კი, გარდა იმისა, რომ სკოლების პერსონალს, მშობლებსა და განსაკუთრებით - მოსწავლეებს, დისკომფორტს უქმნის, ასევე დამატებით ხარჯებს მოითხოვს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


პერსონები

ყველა სიახლე