რომან გოცირიძე: ირაკლი კობახიძე დათანხმდა რეფორმას, რომელზეც აქამდე უარის თქმაც IMF-ის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი გახდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და 2023 წლის ივნისში სავალუტო ფონდისვე გადაწყვეტილებით შეჩერდა. შეჩერება ძირითადად ორი ოფიციალური მიზეზით აიხსნა: პირველი - ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, მისი მართვის სტრუქტურის ცვლილებას უკავშირდებოდა, ფონდი ითხოვდა, რომ უკეთესი კონტროლისთვის საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა რაოდენობა აღმასრულებელ წევრთა რაოდენობაზე მეტი ყოფილიყო. მეორე მიზეზი სახელმწიფო საწარმოების რეფორმას უკავშირდება. ფისკალური რისკების დასაზღვევად სავალუტო ფონდი მათ რეფორმასა და ოპტიმიზაციას ითხოვდა.
სავარაუდოა, რომ პროგრამის შეჩერების გადაწყვეტილება, რაც უკიდურეს ზომას წარმოადგენს, უფრო მეტად ეროვნულ ბანკში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესებით იყო ნაკარნახევი[1] და ის დროშიც ემთხვეოდა აღნიშნულ პროცესს, თუმცა ოფიციალურ დასაბუთებაში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების საკითხიც ფიგურირებდა. სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ნაწილს ეხება რომან გოცირიძის კომენტარი.
სავალუტო ფონდის პროგრამის ამოქმედებიდან მალევე, 2022 წელს, ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის სტრატეგია 2023-2026 წლებისთვის“ დაამტკიცა. სტრატეგია არსებულ პრობლემებს აღწერდა და ცვლილებების საჭიროებას უსვამდა ხაზს. სავალუტო ფონდის გარდა დოკუმენტის შექმნის პროცესში აქტიური კონსულტაციები მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკთანაც მიმდინარეობდა. თუმცა შეთანხმებულ სტრატეგიასთან შეუსაბამო აღმოჩნდა ის ნაბიჯები, რაც შემდგომ გადაიდგა ან რის გადადგმასაც აპირებდა სახელმწიფო. შესაბამისად, აღნიშნული რეფორმის შეფერხება პროგრამის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად ნამდვილად დასახელდა.
პროგრამის შეჩერებიდან 2 წლის შემდეგ, 2025 წლის ივნისში, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მზაობის სურვილი გამოთქვა. სავალუტო ფონდის მისიის ბოლო 2025 წლის განცხადებაშიც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები დადასტურებულია, თუმცა იმავე განცხადების თანახმად, პრობლემათა ნაწილი პრობლემად რჩება.
შესაბამისად, მტკიცება, რომ ხელისუფლება თანახმაა განახორციელოს ის რეფორმა, რომლის ჩავარდნაც სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ფორმალურად რეალობას შეესაბამება. თუმცა მტკიცება, რომ თავის დროზე ამ რეფორმაზე უარი ითქვა, კატეგორიულია და ზუსტად არ აღწერს იმ პროცესს, რაც პროგრამის შეჩერების ოფიციალურ მიზეზებში მის გამოჩენას უძღოდა წინ. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ „ტვ კავკასიის“ ეთერში განაცხადა (22:12-დან): „კობახიძემ რატომღაც განაცხადა თანხმობა იმაზე, რაზეც უარს იყვნენ და რის გამოც, ერთ-ერთი მიზეზით, შეჩერდა სავალუტო ფონდის პროგრამა და შემდეგ პროგრამის შეჩერება ნიშნავს ინვესტიციების შემცირებას და ძალიან ცუდა რაღაცას, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას ვიწყებთო“.
რომან გოცირიძის ჩართვას წინ ირაკლი კობახიძის განცხადება უძღოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მხოლოდ რკინიგზასა და ენერგეტიკულ სფეროში მხოლოდ საშტატო ოპტიმიზაციის შედეგად 52.5 მლნ ლარი დაიზოგება. ჯამური ოპტიმიზაციით დაზოგილმა თანხამ კი ყველა სახელმწიფო საწარმოში, სსიპ-სა და შპს-ში შესაძლოა, 100 მლნ ლარსაც გადააჭარბოს.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემაც აღნიშნული განცხადება სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობის დასრულებისას დასკვნითი განაცხადი გააკეთა: „ფისკალური რისკების მმართველობისა და ფისკალური გამჭვირვალობის ზრდისთვის მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსურ ზედამხედველობაში ფინანსთა სამინისტროს როლის გაზრდის მიმართულებით. ამ მუხტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა და განცალკევდეს სახელმწიფოს როგორც მეწილის, რეგულატორის და პოლიტიკის შემქმნელის ფუნქციები სახელმწიფო საწარმოებში, ენერგეტიკის სექტორის გარდა, სადაც ეს უკვე განხორციელდა. ამასთან, სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მმართველობა უნდა დაიხვეწოს. სახელმწიფო საწარმოების ფისკალურ ანგარიშგებაში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო სექტორს მიკუთვნებულ, არასაბაზრო, სახელმწიფო საწარმოებს, რომელთა საქმიანობას მაღალი ფისკალური რისკები ახლავს“.
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი 1992 წელს გახდა. სავალუტო ფონდის გაცხადებულ მიზანს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სპეციფიკიდან გამომდინარე, მასთან თანამშრომლობა ძირითადად ეროვნულ ბანკს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს უხდებათ. მონეტარული სტაბილურობისთვის, 90-იან წლებში, 2008 წლის ომის შემდეგ და პანდემიის დროს ფონდმა ფინანსური მხარდაჭერის რამდენიმე პროგრამა განახორციელა. 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით, მთავრობის დავალიანება სავალუტო ფონდის მიმართ 166 მლნ-ს, ხოლო ეროვნული ბანკის 362 მლნ დოლარს შეადგენს. ამასთან ეროვნული ბანკისთვის ერთადერთი კრედიტორი სავალუტო ფონდია.
სავალუტო ფონდის ქრონოლოგიურად ბოლო პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა. პროგრამა სამწლიანი იყო და 290 მლნ დოლარის კრედიტის გამოყოფას ითვალისწინებდა. პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს 40 მლნ დოლარის კრედიტზე გაუჩნდა წვდომა, თუმცა დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მოტივით, ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია. 2023 წლის ივნისში პროგრამა შეჩერდა. პროგრამის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფო საწარმოებში არსებული მდგომარეობა გახდა.
პროგრამის შეჩერების მიზეზებზე 2024 წლის იანვარში caucasian Journal-თან ინტერვიუში საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუველმაც ისაუბრა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რეფორმების აუცილებლობა.
კრედიტზე წვდომის შეზღუდვის გარდა, პროგრამის შეჩერებამ, სავალუტო ფონდის ავტორიტეტის გათვალისწინებით, საქართველო რეპუტაციულადაც დააზიანა. გაზრდილი რისკებისა და საფრთხეების არსებობას 2023 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეც ადასტურებდა.
სავალუტო ფონდის 2024 წლის მიმოხილვაში, ვკითხულობთ: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა შეფერხებულია, რაც ზრდის ფისკალურ რისკებს და აფერხებს ეკონომიკის ეფექტიანობას.
სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სახელმწიფო საწარმოები მნიშვნელოვან ფისკალურ რისკებს ქმნიან და მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. ბევრი მათგანი დაბალეფექტიანია, არ ასრულებს კომერციულ ამოცანებს ეფექტურად და, ხშირად, არ ექვემდებარება სათანადო მონიტორინგს. IMF მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ: შეიმუშაოს მკაფიო SOE[2] რეფორმის სტრატეგია, დააწესოს ძლიერი კორპორატიული მმართველობის სტანდარტები, რეგულარულად გამოაქვეყნოს მათი ფინანსური ანგარიში, შეამციროს მთავრობის ჩარევა კომერციულ ოპერაციებში.
2024 წლის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საწარმოების შესახებ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ შეესაბამება იმ რეფორმის სტრატეგიას, რომელიც სავალუტო ფონდის ჯგუფთან იყო შეთანხმებული.
სავალუტო ფონდის ჯგუფმა ხაზი გაუსვა, რომ ფისკალური რისკების მონიტორინგისა და შემსუბუქებისთვის კანონმა ფინანსთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილება უნდა უზრუნველყოს.
ფონდის რეკომენდაციის თანახმად, ინტერესთა კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, სახელმწიფოს როგორც აქციონერის, მარეგულირებლისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი სუბიექტის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნაა აუცილებელი. აგრეთვე ეკონომიკაში სახელმწიფო როლის შესამცირებლად ძალისხმევის გაზრდაა საჭირო.
სავალუტო ფონდის მიერ ნახსენები პრობლემები, სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება. სახელმწიფო საწარმოები საქართველოში ხშირად წამგებიანია. 2023 წელს სახელმწიფო საწარმოებმა ჯამურად 235 მლნ ლარი იზარალეს. ზარალიანი იყო 2013-2019 წლებიც. 2013-2023 წლებში ჯამში სახელმწიფო კომპანიებმა 2.7 მლრდ ლარი იზარალეს. 2020-2021 წლების გამოკლებით 2.1 მლრდ ლარი.
გრაფიკი 1: სახელმწიფო საწარმოების წმინდა მოგება (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სხვადასხვა დროს ზარალის მთავარ მიზეზად სავალუტო კურსის ცვლილება და აქტივების გაუფასურება სახელდებოდა, თუმცა მათ გარდა სახეზეა სხვა სისტემური პრობლემებიც კერძოდ: სუბსიდირება, ხელოვნურად გაზრდილი საშტატო ნუსხა და ხარჯების არასათანადო ოპტიმიზაცია.
2023 წლის მაგალითზე ყველაზე ზარალიანი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აღმოჩნდა, რომელმაც წელი 407 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა.
პანდემიამდე სახელმწიფო საწარმოებმა ყველაზე დიდი 816 მლნ ლარიანი ზარალი 2018 წელს განიცადეს. იმ წელს მხოლოდ საქართველოს რკინიგზამ 717 მლნ ლარი იზარალა. თუმცა ასეთი შედეგის დადგომის მიზეზი არა საოპერაციო ზარალი, არამედ აქტივების ჩამოწერა გახდა.
2022 წელს, ფინანსთა სამინისტრომ 2023-2026 წლებზე გაწერილი სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის სტრატეგია შეუმუშავა. დოკუმენტის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერითაა მომზადებული და რეფორმის 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელიც სახელმწიფო ხედვას 4-წლიანი განვითარების პერსპექტივაში განსაზღვრავს. სამომავლო გეგმების გაცნობამდე ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდეგ სასამართლო მიმართვის საფუძველზე გაკოტრების მიზეზით 245 სახელმწიფო საწარმო დაიხურა, რომელთა კრედიტორული ჯამური დავალიანება 930 მლნ ლარს აღწევდა.
დოკუმენტის თანახმად, გარკვეული პროგრესის მიუხედავად არადამაკმაყოფილებელია ფინანსური შედეგები, ეფექტიანი კორპორაციული მართვისა და გამჭვირვალობის საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. კიდევ ერთ პრობლემად მარეგულირებელი ნორმების სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში გაფანტვა დასახელდა.
დოკუმენტისვე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2015-2021 წლებში 1.6 მლრდ-მდე ლარის სუბსიდია-კაპიტალდაბანდება განხორციელდა, სახელმწიფო საწარმოთა კაპიტალი მაინც შემცირდა, რაც აქტივების გაუფასურებითა და საწარმოთა ზარალით იყო გამოწვეული.
სტრატეგიაში 5 მიმართულება და მათი რეფორმის გზებია გაწერილი:
- კორპორაციული მართვა - ყველა სახელმწიფო კორპორაციას სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება. არსებული ვითარების ანალიზში აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო საწარმოთა დიდ ნაწილში სამეთვალყურეო საბჭო არ არსებობს და იქ სადაც არსებობს, მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას;
- კომერციული მიზნები - საწარმოები უნდა გავიდნენ ისეთივე ფინანსურ შედეგებზე, როგორც კომერციული კომპანიები;
- კონკურენტული ნეიტრალობა - ნეიტრალური მიდგომა, სახელმწიფო საწარმოებს არ ექნებათ არც კონკურენტული უპირატესობა არც არახელსაყრელი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან;
- ფლობის პოლიტიკა - ეკონომიკის სამინისტროს პარალელურად საწარმოთა მართვაში გაიზრდება ფინანსთა სამინისტროს ჩართულობა;
- სტრატეგიული მართვა - სახელმწიფო კომპანიებმა ყოველწლიურად კორპორაციული მართვის განაცხადი უნდა წარადგინონ.
ენდრიუ ჯუველმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სტრატეგიაში გაწერილი ცვლილებები კანონპროექტში არ ასახულა.
„ჩვენ გვქონდა ვრცელი დიალოგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ამოცანების შესრულება. არსებობდა რეფორმის სტრატეგია, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო მიღებული 2022 წლის დეკემბერში. ჩვენ და მსოფლიო ბანკი ამ სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად ვმონაწილეობდით, შემდეგი ნაბიჯია ამ სტრატეგიის შესაბამისი კანონის მიღება, რომელიც ამ სტრატეგიას დანერგავს. ჩვენ ვიხილეთ კანონპროექტი და ვფიქრობთ, რომ ის არ არის თანხვედრაში იმ სტრატეგიასთან, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას ვიღებდით. ხელისუფლებას აქვს გარკვეული ეჭვები იმ ვალდებულებებთან მიმართებით, რომელთა შესრულებაც მან პირობად დაისახა ამ სტრატეგიული დოკუმენტის სახით. შესაბამისად, ჩვენ ამჟამად ვთანამშრომლობთ, რათა შევხედოთ სხვადასხვა გზებს რათა მივაღწიოთ იგივე ამოცანებს. ეს ამოცანებია სექტორში მეტი ეფექტიანობის შემოღება, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ფინანსთა სამინისტროს გააჩნია ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობა აღნიშნული საწარმოების მიმართ.
არის კითხვები, თუ ვინ უნდა ფლობდეს ამ საწარმოებს. ამჟამად, ეს ფუნქცია გააჩნია ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო დისკუსიები შეეხება იმ შესაძლებლობას, რომ ფინანსთა სამინისტროს გააჩნდეს ეს შესაძლებლობა და გაინაწილოს საკუთრების უფლება. სტრატეგიაში იყო განსაზღვრული სწორედ ეს შესაძლებლობა, რომ საწარმოების ფლობა იქნებოდა ამ სამინისტროებს შორის გაზიარებული. თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არ არის მათთვის ყველაზე მისაღები შესაძლებლობა. ამიტომაც ჩვენ გვსურს შევისწავლოთ და შევაფასოთ სხვა შესაძლებლობებიც.
კანონპროექტი ჯერ პარლამენტში არაა წარდგენილი და ის ჯერ სამუშაო დოკუმენტის სახით არსებობს. უნდა ვიხილოთ საბოლოოდ, რა სახით წარედგინება პარლამენტს ეს კანონპროექტი და რა სახით იქნება სტრატეგიით განსაზღვრული საკითხები კანონპროექტში ასახული", - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.
2024 წლის იანვარში რეფორმის აუცილებლობაზე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა ამ საწარმოების რეფორმაზე არ იყო დამოკიდებული.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით, სიტუაცია შეიძლება შეფასდეს შემდეგნაირად: სახელმწიფომ სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმებით, რეფორმების სტრატეგია შეიმუშავა, თუმცა სტრატეგიაში დასახული გეგმები რეალობაში მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა, რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება და პროგრამის აღდგენა, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები მანიც გადადგა, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.