ნიკოლოზ სამხარაძე: [რეზოლუციის] პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის პირველი ორი პუნქტი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიგნებებს ეწინააღმდეგება.
„ფაქტ-მეტრმა“ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება, გადაამოწმა.
2025 წლის 3 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც პრეამბულას და სხვადასხვა თემატურ რეზოლუციას მოიცავს. მათ შორის, მიღებულ იქნა რეზოლუცია საქართველოზე, სახელწოდებით „საქართველოში დემოკრატიისა და ეუთო-ს ღირებულებების მხარდაჭერა“.
რეზოლუციის პირველ პუნქტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა“. მეორე პუნქტის თანახმად კი, ასამბლეა „შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ძირს უთხრის საქართველოში საარჩევნო პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად არჩევნების შედეგებს“.
სწორედ ამ ორ პუნქტზე საუბრობს ნიკოლოზ სამხარაძე, როდესაც ამტკიცებს, რომ ისინი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს ეწინააღმდეგება.
რა წერია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში?
სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები და გამოწვევები დაფიქსირდა, რაც არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს რეკომენდაციებთან წინააღმდეგობაში მოდის და უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ეუთო/ოდირი ყურადღებას ამახვილებს, არის ამომრჩეველთა ხმის ფარულობის ხშირი დარღვევა. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, „ხმის ფარულობის შესაძლო დარღვევები დაფიქსირდა დაკვირვების არეალში მოქცეული შემთხვევების 24 პროცენტში, რაც გამოწვეული იყო ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში შეცურების პროცესით, 12 პროცენტში – ბიულეტენების შევსების წესით, ხოლო 7 პროცენტში – საარჩევნო უბნების არასათანადო შიდა განლაგებით“. სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურთან დამატებითი კომუნიკაციიდან გამოვლინდა, რომ ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა.
სადამკვირვებლო მისია საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც, მისი შეფასებით, შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება. ეუთო/ოდირის მიერვე მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნების დღეს, „უმეტეს შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცესი პროცედურულად კარგად ორგანიზებულად შეფასდა, თუმცა დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“.
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობისა და ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის, ასევე ხმის ფარულობის ხშირი დარღვევის შემთხვევებთან ერთად, არათანმიმდევრულად იყო დაცული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურა, როგორიცაა ამომრჩეველთა თითებზე მარკირება. ის რეგულარულად არ მოწმდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა, შესაბამისად, დაკვირვების შემთხვევათა 7 და 4 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარკირებაა ერთ-ერთი მთავარი დაზღვევა, რომ ერთმა პირმა რამდენჯერმე არ მისცეს ხმა (ე.წ კარუსელით გაყალბების სქემა).
სადამკვირვებლო მისია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის აპარატი პირადობის მოწმობებს ხშირად ვერ კითხულობდა, რის გამოც საჭირო იყო მონაცემების ხელით შეყვანა, რაც პროცესს, ადამიანური შეცდომებისა და მისი შესაძლო ბოროტად გამოყენების მიმართ, უფრო დაუცველს ხდიდა. მეტიც, სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ხელს უშლიდნენ ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის მონიტორინგს, ხოლო რიგ შემთხვევებში, სარეგისტრაციო მაგიდების განლაგება შეუძლებელს ხდიდა სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელებას.
გარდა ამისა, ეუთო/ოდირის ანგარიშში საუბარია საჩივრების არასათანადო განხილვაზე, რამაც სადამკვირვებლო მისიის შეფასებითვე, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების უფლება შეზღუდა.
დეტალური ინფორმაცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“. ამავე პრეს-რელიზის თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დამტკიცებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენას, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას უკავშირდებოდა. ამან, არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან ერთად, მოახდინა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობის კომპრომეტირება, ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა“.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესის მრავალ დარღვევაზე, მათ შორის - ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბურ გამოყენებაზე თავად სადამკვირვებლო მისია საუბრობს. ეს არ არის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება თუ მიგნება, როგორც ამის წარმოჩენას ნიკოლოზ სამხარაძე ცდილობს. პირიქით, პოზიციის გამოხატვისას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და მასში ასახულ ფაქტებს ეყრდნობა.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს რეზოლუციის პირველი ორი წინადადება ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშის მიგნებებს, შეაფასა ვერდიქტით ტყუილი.