სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს ხელისუფლება 12 წელია, რაც აშენებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა

ბესიკ დონაძე: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს ხელისუფლება 12 წელია, რაც აშენებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. პროექტი 4 მონაკვეთისგან შედგება. თითქმის ყველა მონაკვეთის მშენებლობა ხარვეზებით მიმდინარეობდა, ყველაზე პრობლემური კი გზის პირველი და მესამე მონაკვეთი აღმოჩნდა, პირველ მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რომლის მშენებლობა დღემდე არ განახლებულა, ხოლო მესამე მონაკვეთზე ამ ეტაპზე, ყრილის, ქვის სვეტების და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისად, მშენებლობის დაწყებიდან მე-11 წელსაც სამტრედია-გრიგოლეთის გზა ჯერ კიდევ დაუსრულებელია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი დასრულების სავარაუდო თარიღსაც არ ასახელებს. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
ბესიკ დონაძე განცხადებაში სამტრედია-გრიგოლეთის გზის ბიუჯეტზეც საუბრობს. უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობის დაწყებიდან დღემდე ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა და თუ საწყის ეტაპზე აღნიშნული მონაკვეთისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის 1 144 484 090 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2023 წლისთვის 784 484 900 ლარი უკვე დახარჯული იყო. ბესიკ დონაძის მიერ დასახელებული 70 მლნ იმ ხელშეკრულების ღირებულებაა, რომელიც პირველი მონაკვეთის მშენებლობის დასამთავრებლად 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯეო გრუპთან“ გაფორმდა. მანამდე, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაზე კომპანია „ალტკომი“ და „აკორდი“ მუშაობდნენ, რომლებთანაც ხელშეკრულებები სამუშაოს შეუსრულებლობის გამო შეწყდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევდივართ მსჯელობაში აღნიშნული თანხის მოპარვასთან დაკავშირებით და ამ საკითხს ვერდიქტზე გავლენის მომხდენ მდგენელად არ მივიჩნევთ.
რაც შეეხება საარბიტრაჟო დავას, კომპანიების მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში 3 დავა წამოიწყო. ამ მიზნით, საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიქირავა, რომელსაც იურიდიული მომსახურებისთვის ჯამში 10 მლნ ლარი გადაუხადა. დეპარტამენტმა არბიტრაჟში სამივე დავა მოიგო, საარბიტრაჟო სასამართლომ მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე დავის ფარგლებში, დეპარტამენტს დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიეკუთვნა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იურიდიულ მომსახურებაში 10 მლნ ლარი დახარჯა, დავების მოგება შეძლო და საკომპენსაციო თანხაც მიიღო, ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანია „ალტკომი“ აღარ არსებობს.
განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ბესიკ დონაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სამტრედია-გრიგოლეთის გზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს ხელისუფლება 12 წელია, რაც აშენებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა აღნიშნული მშენებლობა. 70 მლნ ლარი მოიპარეს ამ მშენებლობის დროს. ამ 70 მლნ ლარის გარდა გზების დეპარტამენტმა 10 მლნ ლარზე მეტი იურიდიულ დავაში დახარჯა და ედავებიან იმ კომპანიას, რომელიც ფიზიკურად აღარ არსებობს“.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღნიშნული გზის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა (იხ: სტატია). განსაკუთრებულად პრობლემური გზის პირველი და მესამე მონაკვეთი აღმოჩნდა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე, რომლის საერთო სიგრძე 11,5 კილომეტრია, 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის - 3 ხიდის და ერთი რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადის მშენებლობა იგეგმებოდა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და დავა მოიგო. მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ 2018 წლიდან ახორციელებდა. 2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

გასული წლის თებერვალში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, რადგან იმ დროისთვის მდინარე რიონის წყლის დონე დიდი იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდებოდა და წყლის დონის დაწევისთანავე ბურჯის აღდგენა დაიწყებოდა.

მოგვიანებით, დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშენებარე სახიდე გადასასვლელის საექსპერტო სამუშაოებს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა.

ექსპერტიზის შედეგები შემთხვევიდან 10 თვის თავზე გახდა ცნობილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია) იყო. წყალდიდობამ როსტვერკის ქვეშ გრუნტი წარეცხა, რომლის ფილამ დგარების დაწოლას ვეღარ გაუძლო. დგარებმა როსტვერკი ჩახვრიტა, რის გამოც ბურჯის ორი მილი მდინარის კალაპოტში ჩაიშალა. ექსპერტიზა ხიდი სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც ჩაუტარდა და აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხიდის პროექტირება-მშენებლობის ტენდერს ახლო მომავალში გამოაცხადებდა, მანამდე კი, რადგან ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, ექსპერტიზის დასკვნას საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნიდა.

დღეის მდგომარეობით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთზე მხოლოდ ორი ლოტი - მე-2 (ჯაპანა-ლანჩხუთი) და მე-4 (ხაჯალია-სუფსა) არის გახსნილი, 1-ელი (სამტრედია-ჯაპანა) და მე-3 (ლანჩხუთი-ხაჯალია) დაუსრულებელია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრძელდება სამტრედია გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12 კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას. ამ ეტაპზე, ყრილის, ქვის სვეტების და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო პირველ მონაკვეთზე ხიდის მშენებლობა ჯერ არ განახლებულა.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ბიუჯეტს, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ 1 144 484 090 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2023 წლისთვის 784 484 900 ლარი იყო დახარჯული, ამჯერად სამტრედია-გრიგოლეთის გზის დასრულების თარიღი მითითებული არ არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა ჰქონდა, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთების და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან აწარმოებდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში დაიწყო. დავები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით და საერთაშორისო იურიდიული კომპანიების ჩართულობით (საერთაშორისო კომპანია White&Case-ი დაიქირავა, რომელსაც იურიდიულ მომსახურებაში ჯამში 10 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა) პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობდა. არბიტრაჟმა სამივე დავა საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დეპარტამენტს, მიღებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამივე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიაკუთვნა.

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბესიკ დონაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები
ბესიკ დონაძე

ყველა სიახლე