თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები

თენგიზ შარმანაშვილი: თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თენგიზ შარმანაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი

2025 წლის 8 ივლისს მედიასთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში აღიაროს. „[ეუთო/ოდირს] ავტორიტეტულად მიიჩნევ? აღიარე. თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები“, - განაცხადა შარმანაშვილმა. მისივე თქმით, „დასკვნაში ეუთო/ოდირი ხელისუფლებას აღიარებს“ და „იქვეა მოწოდება, რა უნდა გამოასწოროს საქართველოს ხელისუფლებამ“.

„ფაქტ-მეტრმა“ თენგიზ შარმანაშვილის განცხადება გადაამოწმა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი დასკვნები არჩევნების მეორე დღეს, 2024 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო საბოლოო ანგარიში 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

წინასწარ დასკვნებში მისია მართლაც აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურად მიმდინარეობდა“. თუმცა, წინასწარი დასკვნებისგან განსხვავებით, საბოლოო ანგარიშში სიტყვა „კონკურენტული“ საერთოდ აღარ გვხვდება. ანგარიშის მიხედვით, „კანდიდატებს ზოგადად შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანიები, ნაკლებად ინტენსიურ წინასაარჩევნო კამპანიაში 18 კანდიდატის სია მონაწილეობდა. თუმცა, ანგარიშები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შესახებ შეშფოთებას ზრდიდა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობაზე თავისუფლად ჩამოეყალიბებინა საკუთარი აზრი და ხმა შურისძიების შიშის გარეშე მიეცა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს“.

გარდა ამისა, ანგარიში ვრცლად საუბრობს ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც, მათ შორის, არის ხმის ფარულობის კომპრომეტირების ხშირ შემთხვევები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მარკირების არგამოყენება, საჩივრების არასათანადო განხილვა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. ანგარიშის თანახმად, 1,924 დაკვირვებიდან 6%-ში, რაც, მისიის შეფასებითვე, არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩეველზე ზეწოლისა და დაშინების ნიშნების გამო.

დეტალური ინფორმაცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თაობაზე ხელმისაწვდომია ბმულზე.

რაც შეეხება ხელისუფლების აღიარების საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირი არ ახდენს არჩევნების შედეგების აღიარება/არაღიარებას. სადამკვირვებლო მისიის მანდატი შემოიფარგლება იმის დადგენით, თუ რამდენად შეესაბამება საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ეს ცალსახად აღნიშნულია ეუთო/ოდირის როგორც წინასწარ, ისე საბოლოო ანგარიშში. მეტიც, საბოლოო ანგარიშის თანმდევ პრეს-რელიზში ხაზგასმულია, რომ „თავისი მანდატის შესაბამისად, ოდირი არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“. შესაბამისად, ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები არ ნიშნავს ეუთოს მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარებასა და ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას, როგორც ამის წარმოჩენას „ქართული ოცნება“ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თენგიზ შარმანაშვილი ცდილობს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თენგიზ შარმანაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.


პერსონები

ყველა სიახლე