ალეკო ელისაშვილი: კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდებოდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობაზე კახა კალაძე ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს საუბრობდა. მაშინ, ამ მიზნით, „თბილსერვის ჯგუფმა“ ტენდერი გამოაცხადა, ტენდერს პრეტენდენტიც ჰყავდა, თუმცა მსოფლიოში კორონა ვირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის გაზაფხულზე ტენდერი შეწყდა. ამის შემდეგ, დღემდე, გაზშემკრების ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა აღარ გამოცხადებულა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ხნის წინ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის მხოლოდ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არსებობს, რომელიც მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), ასევე გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. მისივე განცხადებით, დაიწყება ნარჩენების სეპარირება, ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა. კალაძის ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ თბილისის მერის დაპირება ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის აშენების შესახებ, რომლის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაწყებული არ არის და მისი მშენებლობა მხოლოდ მომავალში არის დაგეგმილი.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა: „წლიდან წლამდე კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა მოგვარდებოდა და ნაგვის გადასამუშავებელი ქარხანა აშენდებოდა და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდებოდა“.
ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოწესრიგებაზე კახა კალაძე 2019 წლიდან საუბრობდა. „2019 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც გულისხმობს თბილისის საყოფაცხოვრებო პოლიგონის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პარამეტრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას...ტენდერი მიზნად ისახავს თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედში ბიოგაზის მოპოვებას და ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალური პროექტის მომზადებას. არსებული ნაგავსაყრელი ფაქტობრივად შევსებულია და იქ არის ძალიან დიდი მასა ამ ნარჩენების, შესაბამისად, არის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებისგან ჩვენ მივიღოთ პროდუქტი, საუბარია გაზზე. გამარჯვებული კომპანია, ვინც მოამზადებს ამ დოკუმენტაციას, ეს არის ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“. ჩვენ გვექნება სრული დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში, აქვე გამოცხადდება ტენდერი პროექტის განხორციელებაზე და 2021 წლისთვის უნდა იყოს დასრულებული“, - აცხადებდა კალაძე.
ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა „თბილსერვის ჯგუფმა“ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა (NAT190022299), ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ შპს „ჯავამ“ მიიღო, რომლის საბოლოო შეთავაზება 48 181 526 ლარი იყო. 2020 წლის მაისში აღნიშნული ტენდერი მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსის გამო შეწყდა. გაზშემკრების ასაშენებლად ტენდერი შემდგომ პერიოდში აღარ გამოცხადებულა. შესაბამისად, პროექტი, რომლის დასრულების ვადად კახა კალაძე 2021 წელს ასახელებდა, დღემდე არ დაწყებულა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვაზე კახა კალაძემ მიმდინარე თვეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს“.
მისივე განმარტებით, „წლების განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული გზა მათი ნაგავსაყრელებზე განთავსება იყო, თუმცა, გარემოს დაცვის გლობალური გამოწვევების ფონზე, ეს მიდგომა უკვე არაეფექტურია. მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამკონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა“.
თბილისის მერის განცხადების მიხედვით, ჯერჯერობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის მხოლოდ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არსებობს, რომელიც მერიამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), ასევე გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. კალაძის ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ თბილისის მერის დაპირება ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის აშენების შესახებ, არ შესრულდა.
რაც შეეხება ზოგადად ნაგავსაყრელის მოწესრიგებას, ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ტენდერი (NAT210018683) 2021 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომლის მიზანი Design Build-ის მეთოდით ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებულ ამჟამად ექსპლუატაციაში მყოფი მე-3 უჯრედის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება, ინფრასტრუქტურული ობიექტის პროექტირებისა და მშენებლობა იყო. ტენდერში შპს „ჯავამ“ გაიმარჯვა, რომელთანაც 2 145 000 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება დასრულებულია.
კიდევ ერთი ტენდერი (NAT230021603), ამჯერად თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მე-4 უჯრედის სამშენებლო სამუშაოების მომსახურებისთვის, „თბილ სერვის ჯგუფმა“ 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, 12 443 487-ლარიანი ხელშეკრულება შპს „თრეიდთან“ გაფორმდა. ხელშეკრულება მიმდინარეა, ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 126 დღე და ღირებულების 89% ( 11 108 499 ლარი) უკვე გადახდილია.
განხილული მასალიდან გამომდინარე, კახა კალაძის დაპირება ნაგავსაყრელზე გაზშემკრების აშენების შესახებ, არ შესრულდა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სიმართლე.