დავით რაზმაძის პოზიციის ცვლილება New York Times-ში გამოქვეყნებულ მის ციტატასთან დაკავშირებით
2025 წლის 20 აგვისტოს მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: როგორ იქცა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის ხაზად.

სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტია „ქართული ოცნების“ წევრი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. New York Times-ის ცნობით, გაზეთმა მასთან 90-წუთიანი ინტერვიუ ჩაწერა. სტატიაში მოყვანილ ფრაგმენტებში რაზმაძე დადებითად აფასებს 2008 წელს რუსეთის მიერ გორის დაბომბვასა და ოკუპაციას.

"ისინი (რუსები. რედაქტორის შენიშვნა) აქ შემოვიდნენ, როგორც მშვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე მოხდა, რადგან მიშას ხულიგნები ქალაქს ძარცვავდნენ, - თქვა მან. - ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ შემოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს მოგვაყენებდნენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

დავით რაზმაძის მიერ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგნად იქცა. შესაბამისად, რაზმაძეს, საკითხთან დაკავშირებით, განმარტების გაკეთება მოუწია. 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში რაზმაძე ირწმუნებოდა, რომ მას ცილს სწამებენ და რომ მისი ციტატები გაყალბებულია:

"ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე. აბსოლუტურად. იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე არასოდეს დადებითი არ მითქვია, რაც არის აღნიშნული — "სააკაშვილის ხულიგნები" — არანაირი მაგის მსგავსი არ მიხსენებია; მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და იმ ნაძირალა კაცმა, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო აღმოჩნდა ფაქტიურად სააკაშვილის და მაგ ნაძირლების ადვოკატია. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ, რა თქმა უნდა".

12 სექტემბერს, საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ინიციირებული იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პარალელურად, დავით რაზმაძემ, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა:

„აბსოლუტურად არ ვთვლი თავს დამნაშავედ, ქართულ ჯარს მაშინაც ვეთაყვანებოდი და დღესაც ვეთაყვანები, ბუნებრივია, როცა ვახსენე ,,მიშას ხულიგნები", ამაში ვგულისხმობდი სწორედ მიშას ხულიგნებს და არა ჯარს. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტები, ადრეც გაფინანსებდნენ და ახლაც გაფინანსებენ. ვინც აქ ხართ, რომელი იმყოფებოდით იმ დროს [2008 წლის ომის დღეები] ქალაქში?!"

მაშასადამე, თუ თავდაპირველ განცხადებაში დავით რაზმაძე კატეგორიულად უარყოფდა ინტერვიუში კონკრეტული ფრაზის ხსენებას, შემდგომ განმარტებებში იკვეთება, რომ იგი ფაქტს აღარ უარყოფს, არამედ საზოგადოებას მხოლოდ მის ინტერპრეტაციასა და განსხვავებულ ფორმულირებას სთავაზობს.

„ფაქტ-მეტრი“ ვერ შეაფასებს, დავით რაზმაძის რომელი ფორმულირებაა სწორი. ამასთან, ჩვენ დავით რაზმაძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეს არ ვაფასებთ.“ თუმცა 21 აგვისტოსა და 12 სექტემბერს პოლიტიკოსის მიერ საჯაროდ გაკეთებული განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია და შეუძლებელია, ორივე სიმართლე იყოს. „ფაქტ-მეტრი“ მხოლოდ მიუთითებს იმ საკითხზე, რომ ფაქტთან დაკავშირებით, დავით რაზმაძემ პოზიცია შეიცვალა. ის აღარ უარყოფს სიტყვების „მიშას ხულიგნები“ გამოყენებას და აღარ მიუთითებს New York Times-ის მხრიდან ციტატის შესაძლო დამახინჯებასა თუ გამოცემასთან სამართლებრივი დავის დაწყების შესაძლებლობაზე.