მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია — ქვეყნის მოსახლეობა 4 999 ადამიანით შემცირდა.
მიუხედავად საერთო კლებისა, დადებითი ბუნებრივი მატება შეინიშნებოდა მხოლოდ თბილისში (406 ადამიანი) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296 ადამიანი), რაც აღნიშნულ რეგიონებს, ქვეყნის დემოგრაფიულ სურათში, გამონაკლისად აქცევს.
ეს მაჩვენებელი ერთჯერადი არ არის, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება უკვე ხუთი წელია, რაც ფიქსირდება — 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას, ჯამში, 31 806-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 6 თვეში დაფიქსირებული უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უკვე აჭარბებს 2024 წლის 12 თვის მაჩვენებელს.
2015 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. 2024 წელს კი შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. შობადობის შემცირება, ძირითადად, ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალების შემცირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით და ასევე, 90-იან წლებში შობადობის კლებით არის განპირობებული.
გრაფიკი 1: ბუნებრივი მატება 2014-2025 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი სტაბილურად მცირდებოდა, რაც, ძირითადად, შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული.
მნიშვნელოვანი ცვლილება 2020 წელს მოხდა, როდესაც ბუნებრივი მატების მაჩვენებელი პირველად გახდა უარყოფითი. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2021 წელს, როცა ეს მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. 2020-2021 წლებში უარყოფით მაჩვენებელზე ერთდროულად ორი ფაქტორი მოქმედებდა — დაბალი შობადობა და მკვეთრად გაზრდილი სიკვდილიანობა, რაც, უმეტესად, COVID-19-ის პანდემიით იყო განპირობებული.
მომდევნო 2022-2023 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობა შედარებით შემცირდა, ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა გაგრძელდა — უკვე, ძირითადად, დაბალი შობადობის გამო.
2024 წელს ორივე მაჩვენებელი გაუარესდა: შობადობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო სიკვდილიანობა ისევ გაიზარდა, რამაც უარყოფითი ბუნებრივი მატების კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია.
2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი, დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო დამძიმდა — უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი არა მხოლოდ შენარჩუნდა, არამედ 2023 და 2024 წლების ანალოგიურ მონაცემებს გადააჭარბა.