• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ირაკლი კობახიძე VS რომან გოცირიძე

ირაკლი კობახიძე VS რომან გოცირიძე

22/09/2025
ნახევრად სიმართლე
განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
Facebook Linkedin Twitter Print

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საშუალო ხელფასი 715 ლარს შეადგენდა, ახლა 2000 ლარს გადასცდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რომან გოცირიძე: 2012 წლის ფასებით, რეალური ხელფასი 62%-ით, მხოლოდ 1160 ლარამდე გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2012 წელს საშუალო ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი 713 ლარს შეადგენდა, 2024 წელს 2060 ლარს და 2025 წლის მეორე კვარტალში 2212 ლარს (2012 წლის მეორე კვარტალში 724 ლარს).
ნომინალურზე უფრო მნიშვნელოვანი მუდმივ ფასებში დათვლილი ხელფასია, რაც ინფლაციის გავლენას ითვალისწინებს. თუ ხელფასი პირობითად 4-ჯერ გაიზარდა, მაგრამ პარალელურად სამომხმარებლო ფასებიც გაიზარდა ორჯერ, მაშინ დასაქმებულის რეალური შემოსავალი ოთხჯერ კი არა ორჯერ იქნება გაზრდილი, რადგან მას მომატებული ხელფასით ადრინდელთან შედარებით ორჯერ მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენა შეეძლება და არა ოთხჯერ მეტის.
2012 წლის შემდეგ, 2024 წლის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასები 66%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2024 წლის 2060 ლარი მსყიდველუნარიანობით 2012 წლის 1240 ლარს გაუთანაბრდა. ხოლო 2025 წლის 2212 ლარი 2012 წლის 1285 ლარს (მეორე კვარტალი მეორე კვარტალთან).
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ინფლაციის უგულებელყოფით, მხოლოდ ნომინალური მაჩვენებლები დაასახელა. სხვაობა ორ რიცხვს შორის საკმაოდ დიდია, რეალური ხელფასი 2012-2024 წლებში 74%-ით გაიზარდა და არა 190%-ით, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
რომან გოცირიძემ ხელფასების ზრდის განსაზღვრისას სწორი მეთოდოლოგია გამოიყენა, თუმცა მან ინფლაციაზე 2000 ლარი დააკორექტირა და არა ამჟამინდელი ხელფასი, რაც გარკვეული ცდომილების მიზეზი გახდა. 2012 წლის შემდეგ რეალური ხელფასი 74%-ით გაიზარდა და არა 62%-ით. სწორი მეთოდოლოგიის, მაგრამ გამოთვლებში მცირე უზუსტობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

„ტვ იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხელფასებზე საუბრისას განაცხადა: „როცა იზრდება ეკონომიკა, ეს პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი“.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ფეისბუქით მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემ უპასუხა: „კობახიძემ წაიტრაბახა (უფრო ზუსტად, იდემაგოგა), 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი, დღეისათვის კი 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელიო. სინამდვილეში, დღევანდელი 2000 ლარი 2012 წლის ფასებში ანუ ინფლაციის გათვალისწინებით არის მხოლოდ 1160 ლარი. „ოცნების“ მმართველობის 13 წლის განმავლობაში რეალური საშუალო ხელფასი გაიზარდა მხოლოდ 62 პროცენტით“.

2012 წელს საშუალო ყოველთვიური ხელფასი 713 ლარს შეადგენდა, 2024 წელს - 2060 ლარს. ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. ნომინალური ხელფასი პირველ კვარტალში წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.7%-ით - 2170 ლარამდე გაიზარდა და მეორე კვარტალში 10.3%-ით - 2212 ლარამდე[1]. თავის მხრივ, 2012 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 676 ლარს შეადგენდა, მეორე კვარტალში - 724 ლარს.

ზოგადად, კვარტალი წელს არ დარდება, შეიძლება შედარდეს წელი წელს, ან კვარტალი კვარტალს. 2012-2024 წლებში საშუალო ნომინალური ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი 190%-ით - 713-დან 2060 ლარამდე, ხოლო 2012 წლის მეორე კვარტლიდან 2025 წლის მეორე კვარტლამდე 206%-ით 724-დან 2212 ლარამდე გაიზარდა.

ნომინალური ხელფასის ოდენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის რეალური შემოსავლის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა. რაც უფრო დიდია დროითი ინტერვალი, ინფლაციის ეფექტი მით უფრო თვალსაჩინო ხდება. უფრო გრძელვადიან პერიოდში, 1995-დან 2024 წლამდე, ნომინალური ხელფასი 152-ჯერ - 13.5 ლარიდან 2060 ლარამდე გაიზარდა. 2003-დან 2024 წლამდე 16-ჯერ (126-დან 2060 ლარამდე). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 22 და 30 წელიწადში ცხოვრების დონე მართლაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, დასაქმებულის რეალური შემოსავალი 16-ჯერ და 152-ჯერ (1500%-ით და 15 100%-ით) გაიზარდა.

ნომინალური ხელფასი ეკონომიკური კრიზისების პერიოდებშიც 4.1%-ით - 534-დან 537 ლარამდე და 5.4%-ით - 1130-დან 1191 ლარამდე, 2009 და 2020 წლებშიც გაიზარდა.

2012 წლის შემდეგ 2024 წლის ჩათვლით სამომხმარებლო ფასები ჯამურად 66%-ით გაიზარდა, 2025 წლის ივნისის ჩათვლით - 71%-ით. ინფლაციის გათვალისწინებით, 2024 წლის 2060 ლარი მსყიდველუნარიანობით 2012 წლის 1240 ლარს უთანაბრდება, ხოლო 2025 წლის მეორე კვარტლის 2212 ლარი - 2012 წლის მერე კვარტლის 1285 ლარს.

გრაფიკი 1: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ხელფასი ეროვნულ ვალუტაში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წელს რეალური ხელფასი 2012 წელთან შედარებით 74%-ით იყო გაზრდილი, ხოლო 2025 წლის მეორე კვარტალში, 2012 წლის მეორე კვარტალთან შედარებით - 77%-ით. 2013-2018 წლებში რეალური ხელფასი 27%-ით გაიზარდა, 2022-2024 წლებში - 36%-ით, ხოლო 2019-2021 წლებში - მხოლოდ 1%-ით.

ინფლაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ სხვადასხვა პროდუქტზე ფასები სხვადასხვა ტემპით იზრდება. მართალია, ბოლო 12.5 წელიწადში ჯამური ინფლაცია 71%-ს შეადგენს, მაგრამ იმავე პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტები საშუალოდ 109%-ით გაიზარდა. ხარჯების სტრუქტურის გათვალისწინებით, მოსახლეობის ნაწილისთვის ცხოვრება ოფიციალურ ინფლაციაზე მეტად, ხოლო ნაწილისთვის უფრო ნაკლებად გაძვირდა.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ნომინალური დასაბეგრი ხელფასი 2012 წელს მართლაც 713 ლარს შეადგენდა და მან 2024 წელს 2000 ლარს გადააჭარბა. მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს რეალური ხელფასიც 3-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ინფლაციამ ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად 1240 ან 1285 ლარამდე („ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია 2024 წელს გულისხმობდა, თუ 2025 წლის მეორე კვარტალს) შეამცირა. სხვაობა 2060 ლარსა და 1240 ლარს შორის, ისევე როგორც 2212-სა და 1285 ლარს შორის, საკმაოდ დიდია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

რომან გოცირიძემ გამოთვლისას ინფლაციაც გამოიყენა, რაც მეთოდოლოგიურად სწორია, თუმცა მან ინფლაციაზე 2000 ლარი დააკორექტირა, რაც გარკვეული უზუსტობის საფუძველი გახდა. 2012 წლის შემდეგ რეალური ხელფასი 74%-ით გაიზარდა და არა 62%-ით. სწორი მეთოდოლოგიის, რეალობასთან მიახლოებული რიცხვების, თუმცა ოფიციალური ინფლაციის ეფექტის გადაჭარბებულად წარმოჩენისთვის, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

[1] თითოეულ შემთხვევაში დასახელებული რიცხვი დასაბეგრ ხელფასს აღრიცხავს, რასაც სავალდებულო წესით საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება. დასაქმებუთა დიდი ნაწილი ასევე ჩართულია დაგროვებით საპენსიო სქემაში, რისთვისაც მას ხელფასიდან 2% ეჭრება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ირაკლი კობახიძე VS რომან გოცირიძე

    ირაკლი კობახიძე VS რომან გოცირიძე

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთი თვით ადრე მიიღეს მოსაწვევი [ეუთო/ოდირმა] და ჩამოვიდნენ

    2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • წალენჯიხაში მოსახლეობის 40% სოციალურად დაუცველია

    წალენჯიხაში მოსახლეობის 40% სოციალურად დ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა