ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 41%-ით და ვიზიტორების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრო: ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 41%-ით და ვიზიტორების რაოდენობა 36%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის სიმართლე.

ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა მინიმალურია და მთლიანი ბრუნვის 0.3%-ს არ აღემატება, თუმცა 2024 წელსა და 2025 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 61%-იანი და 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, ისრაელთან საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსიც გააჩნია.
ისრაელის წილი ბევრად მაღალია საერთაშორისო ტურიზმში. ვიზიტორთა რაოდენობით, ისრაელი მეოთხე ადგილზე იმყოფება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით - მესამეზე. 2024 წლის პირველ ნახევარში ისრაელის წილი ვიზიტორთა რაოდენობაში 4.7%-ს შეადგენდა, 2025 წლის პირველ ნახევარში - 6.1%-ს, იმავე პერიოდში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ისრაელის წილი 9.2%-დან 12.3%-მდე გაიზარდა. 6 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ისრაელიდან მიღებული შემოსავალი ტურიზმიდან 38%-ით (175-დან 242 მლნ დოლარამდე) გაიზარდა.
ფაქტობრივი სიზუსტისა და არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი:

ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა: „2025 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში, ბრუნვა 41 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 57 პროცენტით გაიზარდა. ასევე პოზიტიური იყო ვაჭრობის დინამიკა 2024 წელსაც.“... „2025 წლის პირველ ნახევარში ისრაელიდან საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა 36 პროცენტით გაიზარდა“.

საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ურთიერთობები ნაკლებად განვითარებულია. 2024 წელს ისრაელთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 59.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის - 23.4 მლრდ-ის, მხოლოდ 0.25%-ია. 2025 წლის იანვარ-ივლისში მისი წილი 0.3%-მდე გაიზარდა და რიგითობაში 1 საფეხურით 38-ედან 37-ე ადგილზე გადავიდა.

დაბალი სავაჭრო ბრუნვის მიუხედავად, ისრაელი იმ იშვიათ სახელმწიფოთა ჩამონათვალში შედის, ვისთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია, ანუ ექსპორტი იმპორტს აღემატება.

გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა ისრაელთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ისრაელში ექსპორტი დივერსიფიცირებულია. 2024 წლის მდგომარეობით, პირველ ადგილზე 4.1 მლნ-ით თხილია, მეორე ადგილზე 4 მლნ-ით - ხილ-ბოსტნეული, ხოლო მესამეზე - ყავა და ჩაი. 37 მლნ-დან 27 მლნ ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, 10 მლნ - რეექსპორტზე. 2025 წლის იანვარ-ივლისში 30-დან 22 მლნ ადგილობრივ ექსპორტს წარმოადგენს, თუმცა ამ შემთხვევაში 3 მლნ დოლარით პირველ ადგილს მინერალური სასუქები იკავებს, თხილი კი 2.7 მლნ-ით მეორე ადგილზეა.

ექსპორტის მსგავსად, ერთ პროდუქტზე არც იმპორტია დამოკიდებული. 2024 წელს საქართველომ ისრაელისგან 2.5 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები, 2 მლნ-ის კოსმეტიკური საშუალებები და 1.7 მლნ-ის სარეცხი საშუალებები შეიძინა.

საგარეო ვაჭრობასთან შედარებით, ისრაელის წილი საერთაშორისო ტურიზმში ბევრად უფრო დიდია. 2024 წელს ისრაელის მოქალაქეებმა საქართველოში 311 ათასჯერ იმოგზაურეს და ამ მაჩვენებლით ისრაელმა რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა.

ისრაელის წილი ტურიზმში პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. თუ 2019 წელს ისრაელის წილი ტურიზმში 2.7%-ს შეადგენდა, 2024 წელს - 4.8%-ს, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში 6.1%-ს მიაღწია.

გრაფიკი 2: ვიზიტორების რაოდენობა ისრაელიდან


წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანს, რომ სახმელეთო საზღვარი გაეხსნა, 2020 წლამდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, ისრაელი მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებდა, მაგრამ რაოდენობრივი ზრდის გათვალისწინებით, მისი წილი მაინც პანდემიამდელ პერიოდზე მაღალი იქნებოდა.

ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში ისრაელის წილმა 2024 წლის პირველ ნახევარში 9.2%-ს, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში 12.3%-ს მიაღწია. 2019 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენდა.

ისრაელის წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში, ისრაელის წილს ვიზიტორთა რაოდენობაში დაახლოებით ორჯერ აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ვიზიტორი ისრაელიდან საშუალოდ ორჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორი. 2024 წელს ისრაელის მოქალაქის საშუალო დანახარჯმა 3580 ლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ყაზახეთის, უკრაინის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შემდეგ მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა უფრო მეტი ვიზიტორის ხარჯზე, ჯამური დანახარჯებით ისრაელმა ჩამოთვლილ ოთხივე ქვეყანას გაუსწრო.

გრაფიკი 3: ისრაელიდან მიღებული შემოსავალი ტურიზმში (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საგარეო ვაჭრობაში ისრაელის წილი მინიმალურია, თუმცა სალდო დადებითია და ბოლო პერიოდში ზრდა შეინიშნება. რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმში ისრაელის წილი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ისრაელის მოქალაქე ერთ-ერთი ყველაზე მეტად მხარჯველია და ისრაელი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში მესამე ადგილს იკავებს. ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა როგორც 2024 წელს, ასევე 2025 წლის პირველ ნახევარში. არსებული ტენდენციებისა და ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.


პერსონები

ყველა სიახლე