საქართველოში ეკონომიკა იზრდება, თუმცა მუდმივად გვესმის შეფასება, რომ ეს ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება, ან პოზიტიური გავლენა მხოლოდ მცირე სეგმენტზე აქვს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოში სულ უფრო მეტი ოჯახი ითხოვს სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას და თვიდან თვემდე მზარდია ფულადი საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობაც. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის იანვარში, ქვეყნის მასშტაბით, შემწეობის მიმღები იყო 696 359 პირი, აგვისტოში მათმა რიცხოვნობამ 708 764-ს მიაღწია.
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობისა და საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც. „ფაქტ-მეტრმა“ შეისწავლა, როგორ შეიცვალა მდგომარეობა და რამდენით გაიზარდა აჭარაში შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობა 2024 წლის დეკემბრის შემდეგ.
ცხრილი 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რიცხოვნობა აჭარაში, 2024 წლის დეკემბერი, 2025 წლის იანვარ-აგვისტო
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
როგორც ვხედავთ, 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა ჯამური რაოდენობა 3,602 ადამიანით გაიზარდა. ამასთან, მონაცემები ყოველთვიურად მზარდი იყო. ბაზაში რეგისტრირებულთა რიცხოვნობის მატება განსაკუთრებით შესამჩნევია ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.
ფულადი საარსებო შემწეობა ყველა რეგისტრირებულს არ ენიშნება. ის დამოკიდებულია სოციალური ქულის ოდენობაზე (30 001-ზე ნაკლები ქულა - 60 ლარი; 30 001 და მეტი, მაგრამ 57 001 ქულაზე ნაკლები - 50 ლარი; 57 001 და მეტი, მაგრამ 60 001 ქულაზე ნაკლები - 40 ლარი; 60 001 და მეტი, მაგრამ 65 001 ქულაზე ნაკლები - 30 ლარი). სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, აგვისტოს მდგომარეობით, აჭარაში საარსებო შემწეობას იღებს 72,107 ადამიანი.
ცხრილი 2. საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობა აჭარაში, 2024 წლის დეკემბერი, 2025 წლის იანვარ-აგვისტო
.
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა, 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია. თუმცა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში კლება ფიქსირდება. მიმღებთა ჯამური რიცხოვნობა იმატებს, ძირითადად, ბათუმში რეგისტრირებული ადამიანების ხარჯზე. შესადარებელ მონაცემთან მიმართებით, გაზრდილია მიმღებთა რიცხვი ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რიცხოვნობა მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ მოსახლეობასაც, რომელთა ოჯახებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. აჭარაში ზრდადია ამ პროგრამაში ჩართული ადამიანების რიცხოვნობაც. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში, პროგრამის ფარგლებში, დასაქმებული იყო 29 710 პირი, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში - 30 998 ანუ 1 288 ადამიანით მეტი.
საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხოვნობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და მუდმივად იცვლება. თუმცა მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამ მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის რა ნაწილი იღებს შემწეობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია, თუმცა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა შემცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა (როგორც ირკვევა, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ მოიმატა აქ მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხოვნობის ზრდის ხარჯზე. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ცხრილი 3. აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2024-2025 წლები, ათასი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცხრილი 3 აჩვენებს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია, ძირითადად, ბათუმის მუნიციპალიტეტში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. ქედის მუნიციპალიტეტში რაოდენობა უცვლელია, ხოლო ქობულეთისა და შუახევის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა. თუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას მუნიციპალიტეტების მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით დავითვლით, ასეთ სურათს მივიღებთ:
ცხრილი 4. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წილი, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით (დათვლილია 2024 წლის დეკემბრისა და 2025 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა მაჩვენებლების მიხედვით), %
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები
ცხრილი 4-ის მიხედვით, აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთლიან მოსახლეობასთან მიმართებით, გაზრდილია. პოზიტიური სურათია ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა შემწეობის მიმღებთა წილი შემცირებულია.
დიაგრამა 1. საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა წილი, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით, 2025 წლის მიხედვით (საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხოვნობა - 2025 წლის აგვისტოს მონაცემები)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები
დიაგრამა 1 ცხადყოფს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რიცხოვნობა საკმაოდ მაღალია.