ირაკლი კობახიძე: 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარს შეადგენდა, 2025 წელს 10 000-ს გადააჭარბებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე ფასებში დათვლით, 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარს და 2024 წელს 9200 დოლარს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2025 წელს ის 10 000 დოლარს გაუთანაბრდება.
მიმდინარე ფასებში 133%-იანი ზრდა რეალური ეკონომიკის 133%-იან ზრდას არ ნიშნავს. კურსის ცვლილება და ინფლაცია სურათს მნიშვნელოვნად ამახინჯებს. მუდმივ 2015 წლის ფასებში დათვლით, 2020-2025 წელებში[1] მშპ ერთ სულ მოსახლეზე 58%-ით - 4680-დან 7360 დოლარამდეა გაზრდილი. კიდევ უფრო ნაკლები - 48%, იქნება ჯამური ზრდის ტემპი პანდემიურ პერიოდთან შედარებით.
ნომინალურად სწორი მონაცემის თუმცა ისეთი დეტალების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რამაც წარმატება გაორმაგებულად წარმოაჩინა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკაზე საუბრისას განაცხადა: „მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 ათას 300 დოლარი და დღეს არის გაზრდილი, 9 ათას 200 დოლარამდე ერთ სულ მოსახლეზე. პირველად ისტორიაში გადასცდება 10 ათას დოლარს, ეკონომიკა გაიზარდა დოლარში 2-ჯერ და მეტად“.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4300 დოლარს შეადგენდა, რომელიც 2024 წელს 9200 დოლარამდე გაიზარდა, 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი საბაზო სცენარით 10 000 დოლარია.
დოლარში დათვლით, ნომინალური მშპ 5 წელიწადში 135%-ითაა გაზრდილი, ეს მაშინ, როცა ლარში ზრდის ტემპმა 107% შეადგინა (13 375-დან 27 700) ლარამდე. კიდევ უფრო ნაკლები, 56% იყო რეალური ჯამური ზრდის ტემპი.
ნომინალურ მშპ-ზე გავლენას ინფლაცია ახდენს, ხოლო თუ მას უცხოურ ვალუტაში დავითვლით, კიდევ ერთი ფაქტორი კურსის ცვლილებაც დაემატება. სხვაობა გრძელვადიან პერიოდში უფრო თვალსაჩინო ხდება.
გრაფიკი 1: მშპ ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ფინანსთა სამინისტრო
2012-2020 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5%-ით - 4530-დან 4300-მდე შემცირდა, ხოლო ლარში 79%-ით - 7500-დან 13 400-მდე გაიზარდა. რეალურად, ამ პერიოდში ეკონომიკა არც შემცირებულა და არც იმ მასშტაბით გაზრდილა. მუდმივ 2019 წლის ფასებში დათვლით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012-2020 წლებში 29%-ით - 9700-დან 12500 ლარამდე გაიზარდა. ერთი რომელიმე წლის მონაცემის მეორესთან შედარებისას, რეალობას ყველაზე მეტად მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ ასახავს.
ირაკლი კობახიძემ, როდესაც 10 000 დოლარი დაასახელა, სავარაუდოდ 2025 წელი იგულისხმა და საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში მართლაც ასეა. საბაზო სცენარის მიხედვით, 2025 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს, ხოლო ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, 10 100 დოლარს გაუთანაბრდება. დოკუმენტში მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი მოცემული არ არის, თუმცა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მისი გამოთვლა შესაძლებელია.
საქსტატს მუდმივ ფასებში მშპ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში აქვს დათვლილი. 2020-2024 წლებში 2019 წლის ფასებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 46%-ით - 12 500-დან 18 300ლარამდე გაიზარდა. ათ თვეში მშპ 7.6%-ით გაიზარდა. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მშპ 2020 წელთან შედარებით, 57%-ით იქნება გაზრდილი.
მსოფლიო ბანკს დოლარში მშპ 2015 წლის მუდმივ ფასებში აქვს დათვლილი. 2020-2024 წლებში საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2015 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 47%-ით - 4660-დან 6840 დოლარამდე გაიზარდა, 7.6%-იანი ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში ის დაახლოებით 7330 დოლარს გაუთანაბრდება, რაც 58%-იანი ზრდაა და არა 133%-იანი.
ასეთი დიდი სხვაობის მიზეზი გაცვლითი კურსის ცვლილება და ინფლაცია გახდა. 2020 წელს დოლარის საშუალო ღირებულება 3.11 ლარს შეადგენდა, 2025 წელს (იანვარ-ნოემბერში) 2.75-ს, გარდა ამისა, 2020 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასები 32%-ით გაიზარდა.
კურსის ცვლილებისა და ინფლაციის გარდა, 2020 წელს კიდევ ერთი პრობლემა აქვს - ის პანდემიური წელია, რა დროსაც სახელმწიფოთა უმრავლესობაში ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა და საბაზო პერიოდის გათვალისწინებით, 2021 წელს პირიქით, მკვეთრად მკვეთრად გაიზარდა.
მიმდინარე ფასებშიც კი, 2019-2025 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 111%-ით - 4740-დან 10 000 დოლარამდე იქნება გაზრდილი, ხოლო მუდმივ ფასებში 47%-ით - 4975-დან 7360 დოლარამდე.
გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)
წყარო: მსოფლიო ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მიმდინარე ფასებში დათვლით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს 4300 დოლარს შეადგენდა და 2025 წელს საბაზო სცენარით 10 000-ს მიაღწევს ანუ 133%-ით გაიზრდება, თუმცა მუდმივ ფასებში დათვლით, ზრდის ტემპი 5 წელიწადში ბევრად ნაკლები - 58% იქნება (4660-დან 7360 დოლარამდე), ხოლო 6 წელიწადში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები - 48% (4975-დან 7360 დოლარამდე). ნომინალურად სწორი მონაცემის, თუმცა ისეთი დეტალების უგულებელყოფის გათვალისწინებით, რამაც წარმატების გაორმაგებულად წარმოჩენის შესაძლებლობა გააჩინა, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.