გიორგი კაკაურიძე: გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა შესაბამისად, მომდევნო წელს ეს გათვალისწინებული აღარ არის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 2024 წლის 1 ივლისიდან განხორციელდა.სახელმწიფო ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების დაფინანსება ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული თანხიდან ზუსტად რამდენი მიემართება მასწავლებლის ხელფასებს, ბიუჯეტში მითითებული არ არის. ჩვენ მოცემულობად ავიღეთ, რომ მთლიანი თანხა მასწავლებელთა ხელფასებზე იხარჯება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, მიახლოებით განვსაზღვრეთ, რომ 2024 წლის ივლისიდან მასწავლებლის საშუალოდ ხელფასი 464 ლარით გაიზარდა.აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელფასების მატება ახალი მექანიზმის მიხედვით განხორციელდა, რომლის თანახმადაც მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოსა და შესაძლო დანამატისგან შედგება. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის ხელფასი მრავალკომპონენტიანია და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, თითქმის ყველა მასწავლებლისთვის ინდივიდუალურია.ცვლილების მიხედვით, მენტორ და წამყვან მასწავლებლებს სტატუსთან მიბმული დანამატი შეუმცირდათ, ამ დანაკლისს სამინისტრო შეუვსებთ და იმავე რაოდენობით ხელფასს მიიღებენ, რაც ცვლილებამდე ჰქონდათ. ხელფასის ეს ოდენობა ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ და დამატებით 200-ლარიანი დანამატიც მიეცემათ. რეალურად, მასწავლებლის ამ კატეგორიას, რომელთა რაოდენობა სკოლებში 14 000-ზე მეტია, ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ.ყველაზე მეტად ხელფასი უფროსს მასწავლებლებს გაეზარდათ (დაახლოებით 500-800 ლარამდე), რომელთა რაოდენობაც სკოლებში ყველაზე მეტია (42 000-ზე მეტი).საბოლოოდ, მასწავლებლების ყველაზე მეტ რაოდენობას - დაახლოებით 75%-ს ხელფასი საშუალოდ 650 ლარით გაეზარდა, დანარჩენ კატეგორიის მასწავლებლებს - 200 ლარით, თუ ყველა კატეგორიისთვის საშუალო მაჩვენებელს გამოვთვლით, აღმოჩნდება, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 425 ლარით გაიზარდა.შესაბამისად, მასწავლებელთა ხელფასები საშუალოდ 425-464 ლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წელს მასწავლებელთა ხელფასების ზრდა გათვალისწინებული იმ მიზეზით არ არის, რომ წინა წელს დაახლოებით 500 ლარით გაიზარდა მათი ხელფასი.
„2024 წელს მასწავლებელთა ანაზღაურების სქემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა - გადავიდა საათობრივ ანაზღაურებაზე და ამავდროულად, საშუალოდ 500-ლარით გაიზარდა. ეს თავიდანვე გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ ყოველწლიურად ზრდის ნაცვლად მიზანშეწონილი იყო ერთიანად გაზრდილიყო ხელფასები. ეს გასულ წელს განხორციელდა, შესაბამისად, მომდევნო წელს არ არის გათვალისწინებული მასწავლებელთა ხელფასების ზრდა“, - განაცხადა კაკაურიძემ.
2024 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდა, რომლის მიხედვით მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდა.
სახელმწიფო ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების დაფინანსება ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება“ ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული თანხიდან ზუსტად რამდენი მიემართება მასწავლებლის ხელფასებს, ბიუჯეტში მითითებული არ არის. თუ მოცემულობად ავიღებთ, რომ მთლიანი თანხა ხელფასებზე იხარჯება, მიახლოებით განვსაზღვრავთ, საშუალოდ რამდენით გაიზარდა მასწავლებელთა ანაზღაურება.
რადგან ხელფასების ზრდა 2023-2024 სასწავლო წელს ივლისიდან განხორციელდა, შესადარებლად 2022-2023 წლის და 2024-2025 სასწავლო წლის ხელფასებს ავიღებთ.
ცხრილი 1: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა რაოდენობა, საშუალო ხელფასი
| წელი | სკოლების დაფინანსება | მასწავლებელთა რაოდენობა | საშუალო ხელფასი |
| 2022-2023 | 1 136 320 200 | 62 296 | 1 520 |
| 2023-2024 | 1 359 894 700 | 63 665 | 1 780 |
| 2024-2025 | 1 571 750 000 | 66 010 | 1 984 |
ჩვენ ქვემოთ შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ ის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას იღებენ (დაწვრილებით იხ. სტატია).
ახალი მექანიზმის მიხედვით, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოს და შესაძლო დანამატისგან შედგება. თავის მხრივ, თანამდებობრივი სარგო შემდეგი კრიტერიუმებით გაანგარიშდება: 1. განათლება და კვალიფიკაცია, 2. სამუშაო სტაჟი; 3. სამუშაო დატვირთვა. რაც შეეხება შესაძლო დანამატს, ის შემდეგ კატეგორიებად იყოფა: წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი; კლასკომპლექტით სწავლების დანამატი; არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისთვის: ქართული, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია, კლასის დამრიგებლის დანამატი; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამდებობრივი სარგოს ერთ-ერთი მდგენელია სამუშაო დატვირთა, რაც კვირაში ჩატარებული საათების მიხედვით დგინდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, კვირაში ჩატარებული ერთი საათის ხელფასი 96 ლარით (დარიცხული) განისაზღვრა (ხელზე ასაღებ ხელფასს 22% - 20% საშემოსავლო და 2% საპენსიო აკლდება, შესაბამისად, ერთი საათის ხელზე ასაღები ანაზღაურება 75 ლარი გამოდის.
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს შემდეგი მდგენელია სამუშაო გამოცდილება - სტაჟი. განხორციელებული ცვლილებით, სამუშაო გამოცდილების მიხედვით დანამატი 15-45 ლარს შორის მერყეობს. რაც შეეხება დანამატს განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით, მისი ოდენობა 40-100 ლარია.
ზემოთ განხილულის უკეთესად აღსაქმელად, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. თუ მასწავლებელი კვირაში ატარებს 20 გაკვეთილს, აქვს 10 წელზე მეტი სტაჟი და ფლობს მაგისტრის სტატუსს, მისი თანამდებობრივი სარგო დატვირთვისთვის იქნება 1920 ლარი, რასაც დაემატება სტაჟის 45 და კვალიფიკაციის 40 ლარი, ჯამში, მისი დარიცხული თანამდებობრივი სარგო იქნება 2005 ლარი, რასაც 22% დააკლდება და მასწავლებელი ხელზე 1564.9 ლარს აიღებს.
ეს რაც შეეხება მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოს. როგორც თავში აღვნიშნეთ, თანამდებობრივ სარგოს შესაძლო დანამატი ემატება: კლასკომპლექტით სწავლება - 40,50 ლარი; კლასის დამრიგებლობა - 101,25 ლარი; წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი; მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი.
ამავე მექანიზმის მიხედვით, თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გაანგარიშების ახალი წესით ნაკლებია 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიღებული ანაზღაურებისა, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს უნარჩუნდება ძველი ანაზღაურება და მიეცემა დამატებით 200 ლარი. 200-ლარიანი მატება შენარჩუნებული იქნება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგაც.
თუ ახალი წესით და ძველი წესით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურება მიეცემა მინიმუმ 200 ლარის ოდენობით. ამ ცვლილებამდე, სტატუსთან მიბმული დანამატი უფროსი მასწავლებლისთვის 775 ლარს შეადგენდა, წამყვანი მასწავლებლისთვის - 1175 ლარს, მენტორი მასწავლებლისთვის 1475 ლარს.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ივლისიდან ხელფასი ყველა მასწავლებელს გაეზარდა, მაგრამ არა თანაბარი რაოდენობით, თანაც, თუ მანამდე მასწავლებლის ანაზღაურების ძირითადი ნაწილი სტატუსის დანამატი იყო, ცვლილებით, ყველა მასწავლებელი გათანაბრდა და ხელფასის მატების ძირითადი განმსაზღვრელი მასწავლებლის დატვირთვა გახდა.
ცვლილების მიხედვით, მენტორ და წამყვან მასწავლებლებს სტატუსთან მიბმული დანამატი შეუმცირდათ, ამ დანაკლისს სამინისტრო შეუვსებთ და იმავე რაოდენობით ხელფასს მიიღებენ, რაც ცვლილებამდე ჰქონდათ. ხელფასის ეს ოდენობა ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ და 200-ლარიანი დანამატიც მიეცემათ. რეალურად, მასწავლებლის ამ კატეგორიას, რომელთა რაოდენობა სკოლებში 14 000-ზე მეტია, ხელფასი 200 ლარით გაეზარდათ.
ყველაზე მეტად ხელფასი უფროსს ( დაახლოებით 500-800 ლარამდე) მასწავლებლებს გაეზარდათ, რომელთა რაოდენობაც სკოლებში დაახლოებით 75%-ია (42 000-ზე მეტი).
აქედან გამომდინარე, მასწავლებლების ყველაზე მეტ რაოდენობას ხელფასი საშუალოდ 650 ლარით გაეზარდა, დანარჩენ კატეგორიის მასწავლებლებს - 200 ლარით, თუ ყველა კატეგორიისთვის საშუალო მაჩვენებელს გამოვთვლით, აღმოჩნდება, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 425 ლარით გაიზარდა.
შესაბამისად, განხილული გამოთვლებით, მასწავლებლებს ხელფასი საშუალოდ 425-464 ლარით გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.