აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტში შემოსულობების პროგნოზი - 971.8 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელების გეგმა - 1,002.0 მლნ ლარით განისაზღვრა. გასულ წელთან შედარებით, ორივე მაჩვენებელი გაზრდილია, შესაბამისად, 106.5 მლნ და 93.5 მლნ ლარის ოდენობით. შემოსულობების ზრდას განაპირობებს „შემოსავლების“ მუხლის - 131.7 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელების - „ხარჯების“ მუხლის 73.6 მლნ ლარით მატება.
დიაგრამა 1. აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები, ცვლილება 2025 წელთან შედარებთ (ლარი)
წყარო: აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები
დიაგრამა 1-ის მიხედვით, შემოსულობების ზრდა 12.3%-ს შეადგენს, ხოლო გადასახდელების - 10.3%-ს. ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია ნაშთის ცვლილება. 2026 დაგეგმილია ბიუჯეტის ნაშთიდან 30.2 მლნ ლარის გამოყენება. აღნიშნული პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი არ უნდა ირიცხებოდეს, რადგან გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი სწორედ 30 200 000 ლარით აღემატება შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელს.
მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2026 წლისთვის 816 795 700 ლარს შეადგენს. 2025 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, იზრდება გადასახადების კომპონენტი, ხოლო სხვა შემოსავლების კომპონენტი მცირდება, კერძოდ, გადასახადები იზრდება 140 000 000 ლარით, რაც 21.2%-ია, სხვა შემოსავლების კომპონენტი კი მცირდება 8 304 300 ლარით ანუ 33.1%-ით. შემოსავლების ძირითადი წყარო გადასახადებია, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადი, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელი 800 000 000 ლარით განისაზღვრა და 140 000 000 ლარით ანუ 21.2%-ით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება „სხვა შემოსავლებს“, ის 16 795 700 ლარით დაიგეგმა და ყველაზე მეტი პროცენტებზე მოდის - 10 000 000 ლარი, თუმცა ის, შარშანდელთან შედარებით, 7 946 200 ლარით ნაკლებია. მცირე ნიშნულზეა დივიდენდებიდან მისაღები შემოსავალი - მხოლოდ 200 000 ლარი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 34 საწარმოდან, 2021-2025 წლებში, დივიდენდებს რეგულარულად იხდიდა სამი საწარმო. იმავე პერიოდში, ერთ-ერთ საწარმოში გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 6 425 000 ლარს. აღნიშნულ საწარმოებში, შემოსავლების ზრდადი დინამიკისა და დივიდენდების სახით, 2025 წლის 11თვის ფაქტობრივი შემოსავლის - 8 099 300 ლარის - გათვალისწინებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოსავლების ამ კომპონენტში საპროგნოზო მაჩვენებლების მოცულობითი ზრდა. სახელმწიფო აუდიტის იმავე დასკვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ სამ საწარმოში მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ორი საწარმო ლიკვიდაციის რეჟიმშია, ხოლო სამი საწარმო გადაცემულია მართვის უფლებით. დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, დივიდენდების სახით შემოსავლების მიღება დაგეგმილი არ იყო და შესაბამისად, იმ წელს ამ კომპონენტიდან შემოსავლები არ შესულა.
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელებიდან, იზრდება ხარჯებისა და აქტივების ზრდის მუხლების დაფინანსება. პირველი 10.2%-ით, ხოლო მეორე - 12.3%-ით. ვალდებულების კლების მუხლისთვის კი მცირდება 2.9%-ით.
დიაგრამა 2. აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, ცვლილება 2025 წელთან შედარებით (ლარი)
წყარო: აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების გეგმის ცვლილება, 2025 წლის პარამეტრებთან მიმართებით, ასე გამოიყურება:
დიაგრამა 3. აჭარის ა/რ 2026 წლის ხარჯების ცვლილება 2025 წლის გეგმასთან მიმართებით, %
წყარო: აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები
თუ დავაკვირდებით, ხარჯების კომპონენტებს შორის, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლების ხარჯების გეგმა მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, 12.3% და 7.9%-ით. ხელფასების ზრდის პარალელურად, გაზრდილია მომუშავეთა რიცხოვნობაც. კერძოდ, შარშანდელთან შედარებით, 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შტატში დასაქმებულთა რაოდენობა 48 ადამიანით მეტია და 3. როგორც ირკვევა, ეს ცვლილება, ძირითადად, გამოწვეულია აჭარის კულტურის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდით - თუ სამინისტროში შარშან ბიუჯეტიდან ხელფასს იღებდა 1 893 პირი (შტატში დასაქმებული), წელს მათი რაოდენობა 1 930 იქნება ანუ 37 ადამიანით მეტი. შეგახსენებთ, რომ ამ ორი მუხლის - „შრომის ანაზღაურება“ და „საქონელი და მომსახურება“ - ჯამური ოდენობა არის ადმინისტრაციული ხარჯი. თავის მხრივ, „საქონელი და მომსახურება“ მოიცავს შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა ხელფასებს, სამივლინებო, ოფისის, კვების, სამედიცინო, რბილი ინვენტარის შეძენის, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-პატრონობის ხარჯებს. თუ ჯამურად ვიანგარიშებთ, 2025 წელს ადმინისტრაციული ხარჯის გეგმა 168 736 500 ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის გეგმა 185 296 700 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ზრდა 9.8%-ია. რაც შეეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების წილს მთლიან ხარჯებთან მიმართებით, ის უმნიშვნელოდ გაიზარდა, კერძოდ, თუ შარშან 10.3% იყო, წელს 10.5%-ია.
აჭარის ა/რ სამინისტროებს შორის, ასიგნებების ყველაზე დიდი ზრდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე მოდის, თუმცა პროცენტულად, გასული წლის მაჩვენებლებთან მიმართებით, ყველაზე მეტად კულტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება. ასევე მაღალია ზრდა აჭარის ა/რ მთავრობის შემთხვევაში.
ცხრილი 1. ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრების შედარება 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პარამეტრებთან
წყარო: აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები, 2025 წელთან შედარებით, 23 218 200 ლარით იზრდება. ამ სამინისტროს ერთ-ერთი ქვეპროგრამაა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირება, რისთვისაც 2025 წლის ბიუჯეტში დაზუსტებული გეგმა 3 268 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა 9 თვის შესრულებამ წლიური გეგმის მხოლოდ 14.9% შეადგინა. აღნიშნული გარემოება ხაზგასმულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებას ეხება. პროექტი უკვე დასრულებული უნდა იყოს. სამინისტრო სამუშაოების გეგმა-გრაფიკისგან ჩამორჩენის მიზეზად, ყოველ ჯერზე, ასახელებს ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ასევე წლების წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერაც ჩაუბარებელია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. წელს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 850 000 ლარის გახარჯვა იგეგმება.
2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და მიღებული სესხების დაბრუნების ხარჯების/ვალდებულებების კლების საპროგნოზო მოცულობა 22 316 300 ლარს შეადგენს და 2025 წლის მაჩვენებელს 2 924 400 ლარით (11.6%-ით) ჩამორჩება. უცხოეთიდან მიღებული სესხების მომსახურების ხარჯი (პროცენტის ხარჯი) 2026 წელს, შარშანდელთან შედარებით, მცირდება 2 346 800 ლარით (44.8%-ით), ხოლო უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების გადასახდელი - 577 600 ლარით (3.9%-ით). უცხოეთიდან მიღებული სესხების პროცენტის ხარჯის მნიშვნელოვანი კლება უკავშირდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) მიღებული სესხის მომსახურების ხარჯების შემცირებას.
საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელებიდან, 96 667 700 ლარი გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების დასაფინანსებლად. აქედან ყველაზე მეტი - 64 908 200 ლარი - შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიისთვის“.
ცხრილი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების დაფინანსება, აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით
წყარო: აჭარის ა/რ 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ავტორის გამოთვლები
შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ შეისყიდა არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს და ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებშიც აისახა. მაგალითად, ბათუმის საცურაო აუზისა და ყინულის არენის მშენებლობა, რომლის შესახებაც „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. იხ. სტატია. ასევე საინტერესოა შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, რომელიც აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. სამუშაოები დროში გაჭიანურდა და შესაბამისად, ძველი ნაგავსაყრელი პოლიგონი კვლავ ფუნქციონირებს. იხ. სტატია. აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერითა და ევროკავშირის თანადაფინანსებით - აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისათვის, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) - „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის“ II ფაზისთვის გამოყოფილია, ჯამში ─ 59.0 მლნ ევროს ოდენობის სესხები, საიდანაც, საანგარიშო პერიოდისთვის, ათვისებულია მხოლოდ 16.9 მლნ ევრო. საკრედიტო ხელშეკრულებების შესაბამისად, ყოველწლიურად, სესხის აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადს ვიხდით, აუთვისებელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. 2025 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობისათვის, ვალდებულების გადასახადის სახით გადახდილი თანხის მოცულობა 74.0 ათას ევროს შეადგენს.