გაეროს ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდება. პროგნოზის მიხედვით, მშპ-ის ზრდის ტემპი დსთ-ის წევრ ქვეყნების უმეტესობაშიც მცირდება.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, პანდემიამდე 2013-2019 წლებში, ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 4.7%-ით იზრდებოდა, ყველაზე დაბალი 3.4%-იანი ზრდა 2015-2016 წლებში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი 6.1%-იანი ზრდა 2018 წელს. 2020 და 2021 წლები პანდემიისა და აღდგენის წლებია, ამიტომ გამონაკლისად უნდა მივიჩნიოთ. 2022-2025 წლებში კი საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა უკვე 8.9%-ს მიაღწია.
გრაფიკი 1: მშპ-ის ზრდის ტემპი საქართველოში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2021 წელს მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად საბაზო პერიოდით იყო გამოწვეული, საქართველოს მსგავსად, სახელმწიფოთა უმრავლესობაში 2021 წელს გამორჩეულად მაღალი ზრდა დაფიქსირდა.
ვითარება 2022 წლიდან იცვლება, როდესაც პანდემიის ეფექტი ძირითადად უკვე ამოწურული იყო. ამ დროს უკვე საქმეში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენები ერთვება, რომელმაც გარკვეულწილად ზრდის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ომის პირველივე წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 400%-ით გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ომამდე, რუსეთიდან გზავნილები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. 2013 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-ს შეადგენდა, 2021 წელს - 18%-ს. ამ პერიოდში ზრდა ერთხელაც არ დაფიქსირებულა, ყოველ მომდევნო წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში, წინა წლის მონაცემთან შედარებით, ნაკლებს შეადგენდა, თუმცა 2022 წელს ნახტომისებურად 47%-მდე გაიზარდა, რომელიც 2023 წელს - 37%-მდე და 2024 წელს 16%-მდე შემცირდა.
2023 წლიდან რეექსპორტი გააქტიურდა და მისმა წილმა მთლიან ექსპორტში 53%-ს მიაღწია. 2024 წელს #1 საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი გახდა, ქვეყანა, რომელიც ომამდე ათეულშიც კი ვერასდროს ხვდებოდა.
საექსპორტო პროდუქციაში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს და 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით მისი წილი მთლიან ექსპორტში 39%-ს აჭარბებს.
2023 წელს დაწყებული პროცესი 2024-2025 წლებში განმტკიცდა. 2025 წლის 11 თვის მდგომარეობით, ყირგიზეთი ისევ პირველ ადგილზეა, ყაზახეთი მეორეზე, გააქტიურებულია ასევე ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ბაზრებიც.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ალბათობით, ავტომობილთა დიდი ნაწილის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია, საქართველო დაწესებულ სანქციებს მაინც არ არღვევს, რადგან ექსპორტს შუა აზიის ქვეყნებში ახორციელებს და არა რუსეთში. ყირგიზეთში ან ტაჯიკეთში ექსპორტი კი სანქციების დარღვევად არ ითვლება.
ზუსტად რა გავლენა მოახდინა ომმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდის ტემპზე და რა იყო მისი წილი ამ ზრდაში, რთული სათქმელია, თუმცა დასაშვები იქნება, თუ ზრდის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ამ ეფექტის შემცირებას განვიხილავთ. 2025 წელს ფულადი გზავნილები რუსეთიდან თანხობრივად მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. შუა აზიაში რეექსპორტი გაიზარდა, თუმცა შემცირდა რეექსპორტის ზრდის ტემპი.
საქართველო ერთადერთი არ ყოფილა, რომლის მშპ-ის ზრდის ტემპიც რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში დაჩქარდა. მაღალი ზრდა აჩვენეს აგრეთვე სომხეთმა და შუა აზიის ქვეყნებმა.
რეგიონი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს არ მოიცავს. იმის მიხედვით, თუ ვინ ატარებს კვლევას, რეგიონში შემავალი ქვეყნების რაოდენობა და დასახელება განსხვავდება. საქართველო 2009 წლიდან დსთ-ს წევრი აღარაა, თუმცა გაერო სპეციალური აღნიშვნით მას მაინც დსთ-ს ჭრილში განიხილავს.
ცხრილი 1: საქართველოს, უკრაინისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების მშპ-ის ზრდის ტემპი
წყარო: გაერო
საქართველოს გარდა, 2022-2025 წლებში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება დსთ-ს წევრ საწვავის იმპორტიორებში, კერძოდ: სომხეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, თუმცა საქართველოს მსგავსად ჩამოთვლილ ოთხივე ქვეყანაში 2026 წლის პროგნოზი ასევე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
გლობალურად მსოფლიოში მოსალოდნელი ზრდის ტემპი 2026 წელს 2025 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით - 2.7%-მდე მცირდება. კონტინენტების მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკაში 1.9%-დან 2%-მდე იზრდება, ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში 2.4%-ზე ნარჩუნდება, ევროპაში 1.4%-დან 1.2%-მდე მცირდება, მათ შორის ევროკავშირში - 1.5%-დან 1.3%-მდე, აზიაში 4.2%-დან 4.1%-მდე კლებაა პროგნოზირებული, ოკეანეთში 1.7%-დან 2.2%-მდე ზრდა, ხოლო აფრიკაში 4%-იანი ზრდის ტემპის შენარჩუნება.
საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები, როგორც წესი, საანგარიშო წლის განმავლობაში, ტენდენციებზე დაკვირვების შედეგად, საკუთარი პროგნოზების გადახედვას ახდენენ ხოლმე.
ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად იზრდებოდა და როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილზე მთავრობა და ეროვნული ბანკი პროგნოზს ზრდიდნენ ხოლმე. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დაიგეგმა, მაშინ, როცა რეალურმა ზრდამ 11%-ს მიაღწია. 2023 წლის ბიუჯეტიც თავდაპირველად 5%-იან ზრდაზე იყო გათვლილი, 2024 წლის ბიუჯეტი - 5.2%-იან ზრდაზე, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დამტკიცდა. 2025-ის შემთხვევაში, ცდომილება ყველაზე ნაკლებია. 2026 წლის ბიუჯეტიც 5%-იან ზრდაზეა გათვლილი. მსოფლიო ბანკი 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. რამდენი იქნება რეალურად ზრდა 2026 წელს, ეს 2027 წელს გახდება ცნობილი.