2013 წლის 12 ივნისს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება მაღალი რეიტინგის მქონე მეცნიერებს? აბასთუმნის ობსერვატორიის აქტიურ დამკვირვებელთა ჯგუფი - კურტანიძე, ნიკოლაშვილი და სიგუა, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო პროექტებში და გააჩნიათ ციტირების მაღალი ინდექსები, ცინიკურად გააძევეს უნივერსიტეტიდან“.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები.

ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2007 წლიდან არის ინტეგრირებული. ჩვენ ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მაია თოდუას დავუკავშირდით, რომელთან ინტერვიუს დროს დადგინდა, რომ 2011 წელს ილიას უნივერსიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო/კვლევითი პროგრამის ნაწილში საბიუჯეტო ასიგნებები შემცირდა. რაც უნივერსიტეტის მიერ ხარჯების შემცირების მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარების საფუძველი გახდა. ამის გამო ილიას უნივერსიტეტმა 2011 წლის ივლისის თვეში ობსერვატორიის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურების ნაწილში შრომითი ხელშეკრულების შეცვლილი პირობები შესთავაზა. მანამდე მკვლევარების ხელფასი 625 ლარი იყო. განახლებული ხელშეკრულებით მათი ხელფასი განახევრდა და 312,5 ლარი გახდა. 25 მკვლევარიდან მხოლოდ სამმა, ომარ კურტანიძემ, მარინა ნიკოლაშვილმა და ლორანდ სიგუამ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს.

ამიტომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის , შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მათ შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. მაია თოდუას განცხადებით, ეს მეცნიერები სამსახურიდან არავის გაუშვია, მათ განახლებულ ხელშეკრულებებს ხელი თავად არ მოაწერეს და ობსერვატორიიდან მხოლოდ ამის გამო გათავისუფლდნენ.

მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ მათი გათავისუფლება უკანონო იყო, ამიტომ სამსახურში აღდგენის და გაცდენილის ანაზღაურების მოთხოვნით, 2011 წლის 22 აგვისტოს ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.შემდეგ მეცნიერებმა სარჩელი სააპელაციო სასმართლოში შეიტანეს. მათი მოთხოვნა არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ამ მკვლევარების ციტირების ინდექსებს, ჩვენ ამ მეცნიერთა ციტირების ინდექსები sciencelib.ge-ის დახმარებით გადავამოწმეთ. მათ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდეს: ომარ კურტანიძის ციტირების ინდექსია - 2218, მარინა ნიკოლაშვილის - 1951, ხოლო ლორანდ სიგუასი - 630 [ციტირების ინდექსები Google Scholar-ის მეშვეობით არის გამოთვლილი].

ფაქტ-მეტრი ციტირების ინდექსის განსაზღვრებით დაინტერესდა. ექსპერტების განმარტებით, ციტირების ინდექსი ასახავს, თუ რამდენჯერ იქნა მითითებული მოცემული მკვლევარის ესა თუ ის ნაშრომი სხვა ნაშრომებში და შესაბამისად გარკვეული აზრით მეცნიერული ნაშრომის პოპულარობის და გავლენის ობიექტურ საზომს წარმოადგენს. ციტირების ინდექსის მონაცემთა ბაზების წყალობით, ეს ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით ადვილად ხელმისაწვდომია და შეფასების პროცესშიც ფართოდ გამოიყენება.

დასკვნა

ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარები ომარ კურტანიძე, მარინა ნიკოლაშვილი და ლორანდ სიგუა სამსახურიდან მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ახალ შრომით ხელშეკრულებებზე ხელი თავად არ მოაწერეს და მათი გათავისუფლების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მათ სარჩელი ყველა ინსტანციის სასამართლოში შეიტანეს, მაგრამ მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ისინი უნივერსიტეტიდან არ გაუძევებიათ. მათ შრომითი ხელშეკრულება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეუწყდათ.

ეს მკვლევარები საერთაშორისო პროექტებში დღესაც ჩართულნი არიან და მათ ციტირების მაღალი ინდექსები მართლაც აქვთ.

შესაბამისად, ივანე კიღურაძის განცხადება: „ცნობილი მეცნიერები - კურტანიძე, ნიკოლაშვილი, სიგუა გააძევეს უნივერსიტეტიდან“, არის მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი