2013

წლის 14 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, განაცხადა: „ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ბ-ნი გიორგი ჩივიაშვილის წინააღმდეგ მისი ადვოკატად დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე".

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება.

გიორგი ჩივიაშვილი

სპეციალობით სამართალმცოდნეა. მას დამთავრებული აქვს შინაგან საქმეთა  სამინისტროს (შსს) აკადემია. 2008-2010 წლებში იგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2010-2011 წლებში მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2011 წლის სექტემბრიდან კი კახეთის საოლქო პროკურორი გახლდათ. ამჟამად, ის ადვოკატია და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის უფლებებსაც სწორედ ის იცავს.

დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაცხადებული ფაქტის გადასამოწმებლად, რომელიც  გიორგი ჩივიაშვილის ადვოკატად დანიშვნიდან მის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმის აღძვრას" ეხება, ფაქტ-მეტრი ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილს დაუკავშირდა.

მასთან საუბრისას შევიტყეთ, რომ მის მიმართ "სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა". მისი ადვოკატად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გამოძიება კონკრეტულ ფაქტზე დაიწყო, რომელიც გიორგი ჩივიაშვილის მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებას უკავშირდებოდა. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ამ ფაქტის არსებობისა და გამოძიების დაწყების შესახებ მან ტელევიზიით შეიტყო.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის პროცესის პირველ სტადიას წარმოადგენს. ამ სტადიაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები ან თანამდებობის პირები დანაშაულებრივი ქმედების (მომზადება, მცდელობა, დამთავრებული დანაშაული) შესახებ ინფორმაციას იღებენ და გამოძიებას იწყებენ.  გამოძიების დაწყება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო რეაგირების ფორმას წარმოადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის მიზანიც დანაშაულის ჩამდენი პირის მხილება და მის მიმართ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფაა.

უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ გამოძიებისა  (ძველი ტერმინოლოგიით - სისხლის სამართლის საქმის აღძვრა) და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ორ განსხვავებულ მოვლენას წარმოადგენს.

მთავარი განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის არის ის, რომ გამოძიება კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იწყება, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა კი კონკრეტული პიროვნების მიმართ ხორციელდება. გამოძიების დაწყების საფუძველია ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ (სსსკ მე-100 მუხლი), ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი კი იმ შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა,

რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა (სსსკ 169-ე მუხლი).

სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება კონკრეტული პირის დაკავებას ან ბრალდების წაყენებას გულისხმობს, გამოძიების დაწყება კი - არა. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ავტომატურად გამოძიების შეწყვეტას არ ნიშნავს, ხოლო გამოძიების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

დასკვნა

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთან საუბრისას შევიტყეთ, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. თუმცა, მისი ადვოკატად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში კონკრეტულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელიც მის მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებას უკავშირდებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება გახლდათ შემდეგი: „ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, ბატონი გიორგი ჩივიაშვილის წინააღმდეგ, მისი ადვოკატად დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“.

გიორგი ჩივიაშვილის წინააღმდეგ არ განხორციელებულა სისხლის სამართლის დევნა, ის არ ყოფილა ამ კონკრეტულ საქმეში ეჭვმიტანილი (ანუ მის წინააღმდეგ არ "აღძრულა სისხლის სამართლის საქმე").

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნა და გამოძიება სრულიად განსხვავებული ცნებებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, თუმცა, მისი ადვოკატად დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში, დაიწყო გამოძიება კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც მას უკავშირდებოდა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია