14

ივნისის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი განიხილავდა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ზღუდავს დაცვის მხარის უფლებებს. აღნიშნულის საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა შავგულიძემ პოლიტიკურ ოპონენტებს არსებული კანონმდებლობის პრობლემები შეახსენა: „ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი შემოღებულ იქნა, თუმცა შემოღებულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება ისეთი სახით, რომ უფლება არ იყო უზრუნველყოფილი და გარანტირებული. რაც არ უნდა სურვილი ჰქონოდა ბრალდებულს, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, ყოველთვის შეეძლო პროკურორს დაეყენებინა შუამდგომლობა, რომ არ განეხილათ მსაჯულებს და რა თქმა უნდა სასამართლო აკმაყოფილებდა ასეთ შუამდგომლობას. ამ ნორმის ამოქმედებიდან დღემდე სულ სამი საქმე იქნა ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული ამ სამი წლის მანძილზე კოდექსის ამოქმედებიდან და ის სამივე საქმე ბოლო რამდენიმე თვეში, არჩევნების წინ“.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, შალვა შავგულიძის განცხადება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით.

2004 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, 82-ე მუხლით დამკვიდრდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. 2009

წლის ოქტომბერში ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფარგლებში განისაზღვრა ამ ინსტიტუტის მოქმედების წესი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2010 წლის 1 ოქტომბრიდან რეალურად ამოქმედდა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-

ე მუხლი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებას ითვალისწინებს. ნორმის თანახმად, თავად ბრალდებულს აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარდგენა. წინასასამართლო სხდომაზე, თუ ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა მიერ იქნეს განხილული, შესაბამისი ინსტიტუტიც ამოქმედდება. მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პროკურორს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა, რომ საქმის აღნიშნული წესით განხილვა არ მოხდეს. ამ მიზნით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226–ე მუხლის თანახმად პროკურორმა უნდა დაამტკიცოს, რომ საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვის შემთხვევაში საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ან ხელშეუხებლობას. გარდა ამისა, პროკურორს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა მაშინ, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად არღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამავე ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ ბრალდებულს უარი ეთქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, აუცილებელია საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობა, რომლის გარეშეც, კანონის თანახმად, შეუძლებელია საქმის ნაფიც მსაჯულების გარეშე განხილვა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენჯერ გამოიყენა პროკურორმა 226–ე მუხლით განსაზღვრული შუამდგომლობის უფლება, საქართველოს მთავარ პროკურატურას მივმართეთ. საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული წერილის

 საფუძველზე ირკვევა, რომ პროკურორს მსგავსი შუამდგომლობა არასოდეს დაუყენებია. შესაბამისად, სასამართლოს ამ თემასთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებიდან დღემდე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა სამი საქმე.

პირველ საქმეზე ვერდიქტი 2011 წლის 18 ნოემბერს გამოიტანეს, ხოლო მეორეზე 2011 წლის 14 დეკემბერს.  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბოლო საქმის განხილვა დასრულდა 2012 წლის 14 ივნისს. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, სამივე საქმის განხილვა არ მომხდარა არჩევნებამდე რამდენიმე თვის წინ.

დასკვნა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება ბრალდებულის უფლებაა. იგი მხოლოდ კანონის მიერ ზუსტად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევაში თუ შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით. მიუხედავად ამისა, სასამართლოს არასოდეს უმსჯელია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან პროკურორს მსგავსი შუამდგომლობა არ დაუყენებია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ორი საქმის განხილვა მოხდა არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრე. მხოლოდ მესამე საქმის განხილვა დასრულდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ამრიგად, შალვა შავგულიძის განცხადება, „რაც არ უნდა სურვილი ჰქონოდა ბრალდებულს, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, პროკურორს ყოველთვის შეეძლო შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოც აკმაყოფილებდა მას“, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი