საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ივნისის პლენარულ სხდომაზე “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ, განაცხადა, რომ ხსენებული კანონპროექტი მხოლოდ თებერვალში არ ყოფილა ინიცირებული „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ და რომ მისი ინიცირება პარლამენტში ჯერ კიდევ წლინახევრის წინ მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” იყო უმრავლესობაში. თუმცა, მისი თქმით, იმ პერიოდში ამ კანონოპროექტის არცერთი პუნქტი არ ყოფილა გაზიარებული, მაშინ როცა ამჟამინდელმა უმრავლესობამ იგი გაიზიარა და სრულად დაუჭირა მხარი.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, გაიზიარა თუ არა წინა მოწვევის პარლამენტმა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი და რამდენად „გაიზიარა და სრულად დაუჭირა მას მხარი“ ახალი მოწვევის პარლამენტმა.

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად,

„საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30 000 ამომრჩეველს“. ამდენად,  „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“  საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნია და შესაბამისად, პარლამენტს მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის ვალდებულება არ აქვს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის უფლებას  მიმართოს საქართველოს პარლამენტს ცვლილებების პროექტით.

2010

წლის 9 სექტემბერს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების პროექტით მიმართა. კოდექსი 2010 წლის 1 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო. მიმართვაში ნათქვამია, რომ „კოდექსის დებულებიდან და მიმართულებიდან გამომდინარე, მისი ამოქმედება შექმნის უამრავ პრობლემას, რის შესახებაც, პროექტის მიღებიდან გასული თითქმის ერთი წლის განმავლობაში, არაერთი ცალკეული ადვოკატის მიერ საჯაროდ არის გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება. თუმცა, რეალურად, ადვოკატთა მიერ გამოთქმული არცერთი შენიშვნა თუ წინადადება განხილული არ ყოფილა“. ამავე მიმართვაში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ დააფიქსირა  თხოვნა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს ეთანამშრომლათ ასოციაციასთან და ერთად მოეძებნათ მათ მიერ წარდგენილი ცლილებებისა და დამატებების პარლამენტის სხდომაზე გასატანად საჭირო ფორმალური საშუალება.

2012 წლის 2 თებერვალს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ, იოსებ ბარათაშვილმა, განაცხადა, რომ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრები მიიწვიეს, თუმცა, მათ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

2012

წლის 23 მაისს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და უმცირესობის ლიდერს, გიორგი თარგამაძეს, მიმართვები გაუგზავნა. ხატიაშვილი წერილების ადრესატებს მოუწოდებდა, ხელი შეეშალათ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესწორების შეტანისთვის, რომელიც 114–ე მუხლის (გამოძიების დროს დაკითხვის წესის) ამოქმედების ვადის 2013 წლის დეკემბრამდე გადატანას გულისხმობდა. წერილებში ნათქვამია, რომ 2011 წლის 1 ოქტომბერს, ახალი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ამოქმედებით, „საქართველოში მართლმსაჯულება მოკვდა“.

რაც შეეხება მე-8 მოწვევის პარლამენტს, როგორც ჩვენ ეს ასოციაციის ხელმძღვანელთან საუბრისას გავარკვიეთ, მან  „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი ცვლილებების

მხოლოდ ნაწილი გაიზიარა. კერძოდ: ჟურნალისტებს აღუდგათ სასამართლო პროცესების აუდიო ან ვიდეო ჩაწერისა და ტრანსლირების უფლება; მოწმის ჩვენების დაშვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმის მეორე მხარისათვის გადაცემის შემთხვევაში; პირის შეურაცხადობის დასადასტურებლად, როგორც  სახელმწიფო, ისე კერძო სასამართლო-ფსიქიატრიული დასკვნის წარდგენა გახდა აუცილებელი.

საქართველოს პარლამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, თუ იგი არაირიბი მტკიცებულებით დადასტურდებოდა.

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ რამდენიმე ინიციატივა არ გაითვალისწინა. მათ შორის:

  • „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს“ უნდა დამატებოდა საგარანტიო ნორმები დაცვის მხარის მიერ სახელმწიფო, ან/და კერძო დაწესებულებებიდან, ასევე, კერძო პირებისგან მტკიცებულებების, ან/და დოკუმენტების გამოთხოვისა და მიღების უფლების შესახებ;
  • დაცვის მხარეს უნდა მისცემოდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის  ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების შუამდგომლობით, იმ პირობით, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩხრეკასა და ამოღებას სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურები განახორციელებდნენ;
  • უფრო დეტალურად უნდა განსაზღვრულიყო მხარეთა ან სასამართლოს მიერ პრეიუდიციის (ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებენ მტკიცებას) უარყოფის პირობები და წესი;
  • სასამართლოს უნდა დაკისრებოდა სხდომის ოქმის წარმოების ვალდებულება სხდომის გადადების შემთხვევაშიც;
  • სასამართლოს უნდა დაკისრებოდა სხდომის აუდიო ჩააწერის განხორციელებისა და აუდიო ჩანაწერის მხარეებისათვის გადაცემის ვალდებულება.
დასკვნა:

დეპუტატ გიგა ბუკიას განცხადების გადამოწმებისას დადასტურდა, რომ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტს მართლაც მიმართა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ინიციატივით, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა. შესაბამისად, განცხადების ამ ნაწილში გიგა ბუკია მართალია.

თუმცა, ჩვენს მიერ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელთან გავლილი კონსულტაციების შედეგად დადგინდა, რომ არც მერვე მოწვევის პარლამენტს გაუთვალისწინებია სრულად ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიგა ბუკიას განცხადება, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“  შესატანი ცვლილებების „არცერთი პუნქტი“ არ გაიზიარა, ხოლო „დღევანდელმა უმრავლესობამ გაიზიარა და სრულად დაუჭირა მხარი“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი