2013 წლის 25 ივლისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა წელს 38%-ით არის გაზრდილი.

მიხეილ მაჭავარიანმა ეს განცხადება „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წარმოდგენილი პროექტის განხილვის დროს გააკეთა. წარმოდგენილი პროექტი იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აღსრულების პროცესის 6 თვით შეჩერებას ითვალისწინებდა და დეპუტატი მის მიღებას მწვავედ დაუპირისპირდა. გამოსვლის დროს მან კოლეგებს მოუწოდა დაფიქრებულიყვნენ, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა ექნებოდა ამ გადაწყვეტილებას საბანკო და საფინანსო სექტორებზე.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა დეპუტატის განცხადების სიზუსტე და მართებულობა.

ამ მიზნით, ჩვენ ვეწვიეთ ეროვნული ბანკის ვებ-გვერდის სტატისტიკური მონაცემების განყოფილებას, რადგან მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება ეროვნული ბანკის მოვალეობაა (მონეტარული და ფინანსური სტატისტიკის ქვეგანყოფილებაში იხილეთ ცხრილური დოკუმენტი (Excel) კოდით L3.5 და სათაურით „კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები“)).

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერმინი „დაუბრუნებელი სესხები“ არ გამოიყენება. იგივე შინაარსის მატარებელი ცნებისთვის ეროვნული ბანკი იყენებს ტერმინს „ვადაგადაცილებული სესხები“. თუმცა, ტერმინოლოგიის სიზუსტეს ამ შემთხვევაში ფაქტ-მეტრი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ვინაიდან ეს ტერმინოლოგიური უზუსტობა განცხადების შინაარსს არ ცვლის.

როგორც მითითებულ დოკუმენტში ჩანს, ეკონომიკის მთლიანი დავალიანება სამი შესაკრებლისგან შედგება. ესენია: ვადიანი სესხები, ვადაგადაცილებული სესხები და დარიცხული და მისაღები პროცენტები.

1

2013 წლის პირველი ივლისისთვის ვადაგადაცილებულმა სესხებმა დაახლოებით 266 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო 2012 წლის პირველი ივლისისთვის ეს მონაცემი დაახლოებით 192 მლნ. ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ შარშან 1 ივლისთან შედარებით წელს 1 ივლისისთვის ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა.

555

ანალიზის სრულფასოვნებისთვის გასათვალისწინებელია, რომ შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ეკონომიკის მთლიანი დავალიანება და შესაბამისად გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვადაგადაცილებული სესხების წილი ეკონომიკის მთლიან დავალიანებაში თითქმის უცვლელი დარჩა წინა წელთან შედარებით და კვლავ 2-3%-ს შორის მერყეობს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილსა და გრაფიკზე შეგიძლიათ იხილოთ ვადაგადაცილებული სესხების პროცენტული წილი ეკონომიკის მთლიან დავალიანებაში 2011-2013 წლებში.

2

3

გამომდინარე იქიდან, რომ გამოსვლის კონტექსტში პარლამენტარი ვადაგადაცილებული სესხების ზრდას ეკონომიკურ რეცესიას უკავშირებს, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ამ საკითხის სწორედ ეკონომიკური რეცესიის კონტექსტში გაანალიზება.

მართალია, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ მათი ზრდა არ შეიძლება ჩაითვალოს ნეგატიურად და ეკონომიკური რეცესიის ერთ-ერთ გამოვლინებად, თუკი მათი პროცენტული წილი ეკონომიკის მთლიან დავალიანებაში 2-3% შორის დარჩა. ეს ეროვნული ბანკის მიხედვით აბსოლუტურად მისაღები ოდენობაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი უპირველეს ყურადღებას აქცევს არა მათ რაოდენობრივ ზრდას, არამედ მათი პროცენტული წილის ზრდას ეკონომიკის მთლიან დავალიანებაში.

დასკვნა

2013 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხები მართლაც გაზრდილია 38.4%-ით. თუმცა, მათი პროცენტული წილი ეკონომიკის მთლიან დავალიანებაში თითქმის უცვლელი დარჩა და კვლავ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ნორმის [2-3%] ფარგლებშია. შესაბამისად, ეს ეკონომიკური რეცესიის დემონსტრირების სწორ მაგალითად არ გამოდგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებაში მითითებული ციფრები ზუსტია, კონტექსტი რომელშიც ის გაჟღერდა, ბოლომდე რელევანტური არ არის.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადება „38%-ით არის გაზრდილი დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა ამ წელიწადში წინა წელთან შედარებით“, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი