2013 წლის 30 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, პარლამენტისთვის 2012 წლის ანგარიშის ჩაბარებისას განაცხადა:  „საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, წლების განმავლობაში საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობის მიხედვით. ასევე პირველ ადგილზე ვიყავით პატიმართა სიკვდილიანობის მიხედვით.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ნამდვილად იყო თუ არა საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით საქართველოში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობა 2006 - 2012 წლებში შემდეგნაირად გამოიყურება:

11

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრების რაოდენობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენი პატიმარია 100 000 სულ მოსახლეზე. გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მონაცემებით, 2006 - 2011 წლებში ევროპის ქვეყნებში 100 000 სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

2

ამ ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველო 2009 და 2010 წლებში პირველ ადგილზეა პატიმრების რაოდენობით. მართალია, ამ ცხრილში 2011 წლის საქართველოს მონაცემები არ ფიგურირებს, მაგრამ ვინაიდან პატიმრების რაოდენობა 2011 წელს 2010 წელთან შედარებით გაზრდილია (2010 წელი - 23 684, 2011 წელი - 24 114), ამასთან თუ მხედველობაში მივიღებთ 2011 წელს სხვა ქვეყნების მონაცემებს, ნათელია, რომ საქართველო 2011 წელსაც ლიდერობს პატიმრების რაოდენობის მიხედვით.

რაც შეეხება სიკვდილიანობის  მაჩვენებელს, ევროპის საბჭოს პრაქტიკის მიხედვით, ის გამოითვლება

10 000 პატიმარზე გარდაცვლილი პატიმრების მაჩვენებლის გათვალისწინებით. ფაქტ-მეტრმა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოში პატიმრების სიკვდილიანობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  შემდეგნაირად გამოიყურება: 2010 წელი - 144 ბრალდებული/მსჯავრდებული, 2011 წელი - 140 ბრალდებული/მსჯავრდებული, 2012 წელი - 67 ბრალდებული/მსჯავრდებული. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო 2010 წლამდე პატიმრების სიკვდილიანობის აღრიცხვას არ ახორციელებდა. უფრო ადრინდელი ანგარიში შეგვიძლია ვნახოთ სახალხო დამცველის „საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის 2011 წლის პირველი ნახევრის სპეციალურ ანგარიშში“, სადაც 2008 წელს 90 ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო 2009 წელს 91 ბრალდებული/მსჯავრდებული გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში პატიმრების სიკვდილიანობის შესახებ ანგარიში 2010 წლამდეა, რადგან სიკვდილიანობის სტატისტიკის ანგარიში კონკრეტული წლისთვის 3 წლის შემდეგ ხდება ცნობილი.

3

ამ ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებლით 2008 და 2009 წლებში სერბეთი იყო პირველ ადგილზე, ხოლო საქართველო მხოლოდ 2010 წელს არის პირველი. 2011 და 2012 წლების ინფორმაცია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ბოლო ორი წლის დინამიკის შესახებ საუბარი შეუძლებელია.

დასკვნა

სახალხო დამცველი არ ცდება, როდესაც აღნიშნავს, რომ პატიმრების რაოდენობით  საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო. ოფიციალური სტატისტიკა ამას ადასტურებს. თუმცა, სიკვდილიანობის მიხედვით 2008 წელს და 2009 წელს საქართველოს სერბეთი უსწრებს, საქართველო პირველ ადგილზე კი მხოლოდ 2010 წლის მონაცემებით არის.

ზემოთ მოცემული ფაქტებიდან და შედარებითი ანალიზიდან ვასკვნით, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადება „საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, წლების განმავლობაში საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობის მიხედვით. ასევე პირველ ადგილზე ვიყავით პატიმართა სიკვდილიანობის მიხედვით“, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი