30 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველმა დეპუტატებს 2012 წლის ანგარიში გააცნო. მოხსენების დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა უჩა ნანუაშვილს კითხვა დაუსვა: “ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე გქონდათ თუ არა საუბარი პროკურატურასთან და საერთოდ, როგორ აფასებთ ამ მოვლენას?”

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საქმის მასალების შესწავლა ახლა მიმდინარეობს და საკუთარ დასკვნას მხოლოდ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოაქვეყნებს. მიუხედავად ამისა, მან მიუთითა, რომ “კანონმდებლობა პროკურორს აძლევს საშუალებას, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება ნებისმიერ პირთან. ამავე დროს, საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს წამებაში და სხვა მძიმე დანაშაულში მონაწილე პირების გათავისუფლებას.”

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა უჩა ნანუაშვილის განცხადების სიზუსტე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საპროცესო შეთანხმება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია. პროკურორი და ბრალდებული თანხმდებიან ბრალზე ან სასჯელზე. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალს და ეთანხმება პროკურორის მიერ განსაზღვრულ სასჯელის ზომას ან პასუხისმგებლობისგან სრულ გათავისუფლებას. ბრალზე შეთანხმების დროს, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ არსებობს პროკურორის დისკრეციის შემზღუდველი ნორმა, რომელიც მას კონკრეტულ დანაშაულში მონაწილე პირებთან საპროცესო შეთანხმების დადებას აუკრძალავს. კოდექსის თანახმად, საკმარისია შესაბამისი პროცედურის დაცვა, ბრალდებისა და დაცვის მხარის თანხმობა.

ირმა ნადირაშვილის შეკითხვა კონკრეტულად ეხებოდა ვლადიმერ ბედუკაძის საქმეს და მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების საკითხს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის (წამება) მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “დ”, “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მთავარმა პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218–ე მუხლი ეხება. 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს, სასამართლოს ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს. მიუხედავად ამისა, 218–ე მუხლის მერვე ნაწილში მითითებულია, რომ მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია წამების, წამების მუქარისა და დამამაცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის. (აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქციით, აღნიშნული დანაშაულებისთვის იკრძალებოდა ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებაც. 2011 წლის 11 ივნისს კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც 28 ივნისს ამოქმედდა. სწორედ ამ ცვლილების შემდეგ გახდა შესაძლებელი ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე).

მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ პროკურორის ქმედება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს შეესაბამება, არ არის საკმარისი გადაწყვეტილების კანონიერად მისაჩნევად. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულება იერარქიულად უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს კანონი. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებასა და საქართველოს კანონს შორის არის კოლიზია, უპირატესობა პირველს ენიჭება.

ამ შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია ეხება. დოკუმენტი გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1984 წლის 10 დეკემბერს მიიღო. 1994 წლის 26 ოქტომბერს, რატიფიკაციის შემდეგ, საქართველოც შეუერთდა ხელშემკვრელ მხარეებს. კონვენციის მეოთხე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე-სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ წამების ყველა აქტი მისი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით განიხილებოდეს როგორც დანაშაული. იგივე შეეხება წამების აქტის ჩადენის მცდელობასა და ნებისმიერი პირის ქმედებას, რომელიც წამებაში თანამონაწილეობას ან მონაწილეობას წარმოადგენს. ასევე, თითოეული მხარე-სახელმწიფო, მათი მძიმე ხასიათის გათვალისწინებით აწესებს სათანადო სასჯელებს ამგვარი დანაშაულებისთვის. როგორც ჩანს, აღნიშნული კონვენციის მეოთხე მუხლი მოითხოვს წამების კრიმინალიზებას და მძიმე სასჯელის დაწესებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი კი ეხმიანება ამ საერთაშორისო ვალდებულებას და წამებისთვის თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე აწესებს.

ასევე, წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მანფრედ ნოვაკმა საკუთარი 2005 წლის ანგარიშში უარყოფითად შეაფასა წამებასა და სხვა მძიმე დანაშაულში მონაწილე პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია პირდაპირ არ კრძალავს პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, დოკუმენტი უნდა განვიხილოთ მისი მიზნებიდან გამომდინარე. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ კონვენციის მიზანია დამნაშავეთა შესაბამისი დასჯა და წამების პრევენცია. კონვენციაში აღებულ ვალდებულებებს შორის საუბარი არ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე. თუმცა, კონვენციის მიზნიდან გამომდინარე, მძიმე და რეალური სასჯელის დაწესების მოთხოვნა მიუთითებს იმაზე, რომ ყოველგვარი სანქციის გარეშე პირთა გათავისუფლება, დაუშვებელია.

დასკვნა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროკურორს აქვს უფლება გააფორმოს საპროცესო შეთანხმება ნებისმიერ დანაშაულში მონაწილე პირთან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც შეეხება საერთაშორისო კანონმდებლობას, კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ არ აწესებს არანაირ შეზღუდვას პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენს მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი მოითხოვს დანაშაულის კრიმინალიზაციას და მძიმე სასჯელის დაწესებას. მართალია, საერთაშორისო სამართალი არ კრძალავს წამებაში მონაწილე პირების გათავისუფლებას, თუმცა მძიმე სასჯელის დაწესების მოთხოვნა მიუთითებს იმაზე, რომ კონვენციის უმთავრესი მიზანი დამნაშავეთა სათანადო დასჯაა და არა მათი გათავისუფლება. ამრიგად, უჩა ნანუაშვილის განცხადება, “კანონმდებლობა პროკურორს აძლევს საშუალებას, გააფორმოს საპროცესო შეთანხმება ნებისმიერ პირთან. ამავე დროს, საერთაშორისო სამართალი კრძალავს წამებაში და სხვა მძიმე დანაშაულში მონაწილე პირების გათავისუფლებას”, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი