2013 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა, განაცხადა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში „წინა თვის ანგარიშის მიხედვით“ 350 მილიონიანი გარღვევაა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ პირველ, მეორე და მესამე კვარტალში არსებული დანაკლისები მეოთხე კვარტალში გადაიტანა. თუმცა, იმ დანაკლისს რომელიც მეოთხე კვარტალში შეიქმნება, ვეღარსად გადაიტანს და ფინანსთა სამინისტროს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რატომ ვერ შეივსო ბიუჯეტი.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, „წინა თვის ანგარიშის მიხედვით“ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში მართლაც არის თუ არა  350 მილიონი ლარის გარღვევა.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემული მონაცემები - 2013 წლის ბიუჯეტის ფინანსთა სამინისტროს არსებული (საწყისი) გეგმიური მაჩვენებლები კორექტირებამდე - 2012 წლის ბოლოს მიღებული მონაცემებია.

11

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, პირველ და მეორე კვარტალში ერთად შემოსავლების სახით  3,469,803,500 ლარის  მობილიზება იყო ნავარაუდები, საიდანაც 3,229,290,000 ლარი გადასახადების სახით უნდა შემოსულიყო ბიუჯეტში. თუ ამ მონაცემებს 6 თვის საკასო შესრულებას შევადარებთ [თანხა, რაც რეალურად შემოვიდა ბიუჯეტში 6 თვის თავზე],  დავინახავთ, რომ გადასახადების მუხლში 247,767,900 ლარის [2,981,522,100 - 3,229,290,000 = -247,767,900] გარღვევას აქვს ადგილი, ხოლო მთლიანი შემოსავლების კუთხით 310,560,000 ათასი ლარის [3,159,243,500 - 3,469,803,500=-310,560,000] გარღვევა ფიქსირდება.

საქართველოს ბიუჯეტის კანონში წინასწარ გაწერილი გეგმა (შემოსავლების, ხარჯების და სხვა მუხლების შესახებ) მხოლოდ წლიურია და მისი ცვლილება წლის განმავლობაში მხოლოდ პარლამენტში მისი განხილვის და დამტკიცების შედეგად არის შესაძლებელი. რაც შეეხება კვარტალურ და თვიურ გეგმას, ის ბიუჯეტის კანონში ასახული არ არის და ფინანსთა სამინისტროს შიდა დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში ცვლილებას და კორექტირებას ექვემდებარება. ამ გეგმების, ისევე როგორც კორექტირებამდე არსებული კვარტალური და თვიური გეგმის მოძიება, ფინანსთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სახით არის შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროსთვის ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ შიდა კვარტალურ და თვიურ დეტალურ გეგმას ვითხოვდით, მხოლოდ კვარტალური გეგმის შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია.

შესაბამისად ჩვენ ივლისისა და აგვისტოს თვეების შემოსავლების წინასწარ გეგმიურ მაჩვენებლები [2012 წლის ბოლოს გაწერილი საწყისი გეგმიური მაჩვენებლები კორექტირებამდე] არ მოგვეპოვება და ფინანსთა სამინისტროდან მოწოდებული მხოლოდ კვარტალური საწყისი გეგმიური მაჩვენებლები გაგვაჩნია.

დეპუტატი თავის განცხადებაში „წინა თვის ანგარიშზე“ საუბრობდა. ფაქტ-მეტრი თავად ზურაბ მელიქიშვილსაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მართლაც აგვისტოს ან თუნდაც ივლისის შესაბამის ანგარიშებს ეყრდობოდა თუ არა ის თავის განცხადებაში. ჩვენთან საუბარში მან განაცხადა, რომ მასაც მხოლოდ კვარტალური გეგმა ჰქონდა ფინანსთა სამინისტროდან მიღებული და განცხადებაც მასზე დაყრდნობით გააკეთა. შესაბამისად, მის მიერ კვარტალური გეგმის ანალიზის შედეგად მოყვანილი ციფრი 350 მლნ. ლარი არაზუსტია და 40 მლნ. ლარით აღემატება პირველ 2 კვარტალში დაფიქსირებულ საბიუჯეტო გარღვევას [310 მლნ. ლარი].

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ივლისის თვის საკასო შესრულების  შესახებ და ის 634 მლნ. ლარს შეადგენს. აგვისტოს თვის საკასო შესრულება ჯერ კიდევ დათვლის პროცესშია.

როგორც ზემოთ მოყვანილ ცხრილში ჩანს მესამე კვარტლის გეგმიური მაჩვენებელი დაახლოებით 1,934 მლნ. ლარია. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, საშუალო თვიური გეგმა [მესამე კვარტალში] 644 მლნ. ლარს შეადგენს. თუ ივლისის საკასო შესრულებას [634 მლნ.] მესამე კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის [1,934 მლნ.] მიხედვით დათვლილ საშუალო თვიურ გეგმას [644 მლნ.] შევადარებთ, დაახლოებით 10 მილიონის გარღვევა აქაც აღმოჩნდება. თუმცა, თეორიულად სავსებით შესაძლებელია აგვისტოსა და სექტემბერში შემოსულმა თანხამ მესამე კვარტლის წინასწარი გეგმის შესრულება უზრუნველყოს.

დასკვნა

პირველ 6 თვეში, ბიუჯეტის შემოსავლებში 310,560,000 მილიონი ლარის გარღვევას აქვს ადგილი. რადგან დეპუტატიც წინასწარ კვარტალურ გეგმას ეყრდნობა და არა თვიურ გეგმას, მის მიერ დასახელებული ციფრი [350 მლნ.] არაზუსტია და 40 მლნ. ლარით აღემატება პირველ 2 კვარტალში არსებულ საბიუჯეტო გარღვევას. თუმცა დეპუტატია მართალია, როცა ის წლის დასაწყისიდან საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს. შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება “შემოსავლები შემცირებულია, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არის სერიოზული დანაკლისი, საუბარი არის რომ უკვე წინა თვის ანგარიშის მიხედვით 350 მილიონიანი გარღვევა არის შემოსავლებში’’, არის მეტწილად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი