პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა 16 სექტემბერს გაზეთ „პრაიმ–ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა: „დასაქმებულთა რაოდენობა 9 %–ით გახლდათ შემცირებული, 525 ათასიდან – 480 ათასამდე. ოქტომბრიდან აპრილამდე სწორედ ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველმა მეთერთმეტემ დაკარგა სამსახური. სტატისტიკის დეპარტამენტის საიტიდან ეს ინფორმაცია გაქრა“. (იხ. ბმული: გაზეთი „პრაიმ–ტაიმი“, 16 სექტემბერი, #37 გვ.37)

ფაქტ–მეტრმა ამ განცხადების სიზუსტის შემოწმება გადაწყვიტა.

ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ ხარატიშვილს და ვთხოვეთ დაეზუსტებინა, „საქსტატის“ კონკრეტულად რომელ მონაცემებს გულისხმობდა ის თავის განცხადებაში. მან გვითხრა, რომ ზუსტად არ ახსოვდა, თუ რომელი კვლევიდან ამოიკითხა ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ მის მიერ მოყვანილი ციფრები „საქსტატმა“ ივნისში გამოაქვეყნა და ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განხილვის საგანი გახდა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მას ამ სტატისტიკის ნახვის სურვილი მოგვიანებითაც გაუჩნდა, მაგრამ „საქსტატის“ ვებ–გვერდზე ვეღარ იპოვა.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბ ხარატიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოქვეყნებულ ბიზნეს სექტორის სტატისტიკაზე საუბრობს (ივნისში დასაქმებასთან დაკავშირებული რაიმე სხვა მონაცემი არ გამოქვეყნებულა) რომლის მიხედვითაც 2012 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 527,800–ს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში ეს რიცხვი 485,700– უდრიდა (პრეზიდენტობის კანდიდატს სრული სიზუსტით ეს ციფრებიც ვერ მოჰყავს). აქვე დავამატებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ–გვერდიდან ეს ინფორმაცია არ „გამქრალა“ და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა. (იხ. ბმული)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2013 წლის 4 ივნისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნეს–სექტორის მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა. „საქსტატის“ ინფორმაციით 2012 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 527,800–ს შეადგენდა, 2013 წლის პირველ კვარტალში კი 485,700–ს. როგორც ხედავთ, 2013 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილები 42,100–ით მართლაც შემცირებულია, თუმცა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, ზაზა ჭელიძის თქმით პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა და მიზანშეწონილი არ არის. ჭელიძე განმარტავს, რომ პირველი კვარტლის მონაცემები მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე ძირითადად ყოველთვის ნაკლებია. ამ ტენდენციას სეზონურობის ფაქტორი განაპირობებს, რადგან მეოთხე კვარტალში ბიზნესის აქტივობა პიკს აღწევს სოფლის მეურნეობაში, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროებში. მსგავსი აქტივობა წლის დასაწყისში, პირველ კვარტალში არ არის.

ეს საკითხი ფაქტ–მეტრმა საფუძვლიანად გამოიკვლია, ჩვენ შევისწავლეთ ევროპული და ამერიკული წყაროები და აღმოჩნდა, რომ პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ სეზონურობის ფაქტორს გამოვრიცხავთ. აღსანიშნავია, რომ „საქსტატს“ სეზონურობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვრტლის შედარება მხოლოდ წინა (ან ნებისმიერი სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. 2013 წლის პირველი კვარტლის 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებამ გვიჩვენა, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ 15,700–ით გაიზარდა (2012 წლის პირველ კვარტალი– 470,000 დასაქმებული; 2013 წლის პირველი კვარტალი– 485,700 დასაქმებული).

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მთლიანი მაჩვენებელი ჩვიდმეტი სხვადასხვა სფეროს მონაცემების შეკრების შედეგად მიღებულ რიცხვს წარმოადგენს. ამ სფეროებიდან შესამჩნევ კლებას მხოლოდ სამშენებლო ბიზნესში ჰქონდა ადგილი. 2013 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 40,863–ს შეადგენდა, რაც 6119–ით ნაკლებია 2012 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. თუმცა, სამშენებლო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის კლება სხვა სფეროებში (კერძოდ: მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და ა.შ) ნაჩვენები ზრდით კომპენსირდება და საერთო ჯამში, 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობის 15,700–ით ზრდა ფიქსირდება.

111

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებიდან გამომდინარე ჩვენ საკვლევ პერიოდს მხოლოდ 2013 წლის პირველი კვარტალი წარმოადგენს, თუმცა აქვე მცირე ინფორმაციის სახით დავამატებთ, რომ 3 სექტემბერს „საქსტატმა“ 2013 წლის მეორე კვარტლის მონაცემებიც გამოაქვეყნა. თუ ამ მონაცემებს 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ კლების ტენდენცია არც აქ შეინიშნება, პირიქით სახეზეა მცირე ზრდა. 2012 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 503,100–ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეს ციფრი 503,500–ს უდრის.

დასკვნა

ზურაბ ხარატიშვილის განცხადების გადამოწმებისას შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: 2013 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით შემცირდა 42,100–ით, თუმცა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სეზონურობის ფაქტორის გამორიცხვა შეუძლებელია (შეგახსენებთ, „საქსტატს“ სეზონურობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია), პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არამართებულია და მცდარ ინტერპრეტაციას იძლევა, მით უმეტეს მაშინ, როცა მონაცემების რეკომენდირებული შედარებისას (როცა კონკრეტული კვარტალი წინა წლის ანალოგიურ კვარტალს დარდება) სამუშაო ადგილების ზრდა ფიქსირდება.

საკითხის შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება არაზუსტია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ როდესაც 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 42,100–ით არის შემცირებული, ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით იმას, რომ საქმე მხოლოდ სეზონურ უმუშევრობასთან გვაქვს და სამუშაო ადგილები რეალურად საერთოდ არ გაუქმებულა, რადგან სტატისტიკა ამის თქმის უტყუარ საფუძველს ვერ გვაძლევს. ბუნებრივია, სეზონურ უმუშევრობას აქვს ადგილი, მაგრამ ასევე ვერ გამოვრიცხავთ დასაქმებულთა რიცხვის რეალურ კლებასაც. ამ ვარაუდის სასარგებლოდ რამდენიმე ეკონომიკური მონაცემის მოშველიებაც შეიძლება. 2013 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.4% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.7% უდრიდა, სახეზეა მშპ–ს ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნა. გარდა ამისა, 2013 წლის პირველ კვარტალში შემცირდა დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპიც. ეკონომიკაში არსებული ამგვარ სურათი სავარაუდოდ ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაზეც მოახდენდა შესაბამის გავლენას.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ფაქტ–მეტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის იდენტური განცხადება გადაამოწმა და წინა აბზაცში აღწერილი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გრადაცია – „მეტწილად მცდარი“ მიანიჭა. რომ არა ერთი ფაქტორი, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებასაც ანალოგიურ გრადაციას მივანიჭებდით, მაგრამ ცესკო–ს ყოფილი თავმჯდომარის ფრაზაში უფრო მეტი უზუსტობაა, რადგან მისი თქმით, „საქსტატი“ ინფორმაციას მალავს - ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ხარატიშვილის განცხადება: „დასაქმებულთა რაოდენობა 9 %–ით გახლდათ შემცირებული, 525 ათასიდან – 480 ათასამდე. ოქტომბრიდან აპრილამდე სწორედ ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველმა მეთერთმეტემ დაკარგა სამსახური. სტატისტიკის დეპარტამენტის საიტიდან ეს ინფორმაცია გაქრა“, არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია