"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ, 2013 წლის 4 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დღემდე წინააღმდეგობას უწევს არა მხოლოდ ჩვენს მოთხოვნას, არამედ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის საფუძვლიან და კანონიერ მოთხოვნას და იგნორირებას უკეთებს თავისსავე წინასაარჩევნო დაპირებას... არ იცვლება საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი და არ იზრდება საარსებო მინიმუმი. შესაბამისად, მთავრობა ვალდებულებას არ იღებს, რომ ასაკობრივი პენსია და სხვა სოციალური დახმარებები გაუთანაბროს რეალურ, სამართლიან საარსებო მინიმუმს“ (წყარო - www.medianews.ge).

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით და აღნიშნული ფაქტის სიზუსტე გადაამოწმა.

საარსებო მინიმუმის გადახედვა ნამდვილად იყო “ქართული ოცნების” წინა საარჩევნო დაპირება, როგორც ამას გიორგი თარგამაძე აღნიშნავს. „გადაიხედება საარსებო მინიმუმი, რადგანაც დღეს არსებული მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება და ის ვერ უზრუნველყოფს იმ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომლებიც ადამიანს სჭირდება. ამ მიზეზების გათვალისწინებით, პირველივე დღეებში ჩვენ დავიწყებთ სტატისტიკის რეფორმას. გადავხედავთ საარსებო მინიმუმსაც, რომელიც იქნება რეალობის შესაბამისი“. აღნიშნული განცხადება 2012 წლის 17 სექტემბერს საარჩევნო ბლოკის - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და დღევანდელმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა.

საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს. საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა. საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობას, ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქსტატი ამ ეტაპზე საარსებო მინიმუმს კვლავ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების („საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისთვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“) საფუძველზე ანგარიშობს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე მიუთითებს, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი არ შეცვლილა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ასევე არ შეცვლილა (არ გაზრდილა) საარსებო მინიმუმი, როგორც ამას გიორგი თარგამაძეც აღნიშნავს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილებს თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმმა მცირედით, მაგრამ მაინც იკლო. როგორც ექსპერტები განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საარსებო კალათში შემავალ რიგ პროდუქტებზე ფასების კლებით.

111

222

დასკვნა

საარსებო მინიმუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანებით.

არ შეცვლილა საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი, ასევე, არ გაზრდილა საარსებო მინიმუმი, როგორც ამას პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი თარგამაძე, მიუთითებს. ამასთან, გიორგი თარგამაძე მართალია განცხადების იმ ნაწილშიც, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თარგამაძის განცხადება: „არ იცვლება საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი და არ იზრდება საარსებო მინიმუმი“, არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი