2013 წლის 12 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან ხუდონჰესის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის ცვლილებაზე ისაუბრა. მან ინტერვიუში განაცხადა: „ქართულ ოცნებაში“ ან შარშან არ იყვნენ გულწრფელნი და კომპეტენტურად მომზადებულნი და ჰაიჰარად ჩაწერეს ამ პროგრამაში ეს მონაცემი, ან დღეს კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რატომ შეცვალეს რადიკალურად პოზიცია“.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ნინო ბურჯანაძის განცხადების სიზუსტე.

მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა საპროტესტო აქციების ფონზე შეჩერდა. 2011 წელს საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ 2011 წლის 21 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia) შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის“ კომერციულ ოპერატორს შორის, ხუდონჰესის აშენების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხზე დისკუსია მიმდინარე წელს განახლდა. სოფელ ხაიშელების და საზოგადოების ნაწილის პროტესტის საპასუხოდ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ჩვენ არა მარტო ხუდონს, არამედ სხვა დიდ ჰიდროელექტროსადგურებსაც აუცილებლად ავაშენებთ“.

აღსანიშნავია, რომ ხუდონჰესის საპროექტო არეალში 14 დასახლება და 184 ოჯახი ექცევა. მოსახლეობის განსახლება მოხდება 7 სოფლიდან, ხოლო დატბორვის ზონაში ხვდება ხაიშსა და ტობარში მდებარე ორივე ეკლესია და საფლავები.

ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში საუბრობს საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამაზე. პროგრამის მეოთხე თავში, „გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება“, ერთ-ერთ პუნქტში საუბარია დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის საკითხზე.

„სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა; ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ამ სახის ინდივიდუალური სისტემების გავრცელების მხარდაჭერა, ენერგოეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; ქვეყანაში ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობის, აგრეთვე არსებული ჰიდროელექტოსადგურების რეაბილიტაციის ხელშეწყობა“ - ვკითხულობთ პროგრამის 55-ე გვერდზე.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენად არღვევს ხუდონჰესის მშენებლობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას, ჩვენ პროექტის პარამეტრები გადავამოწმეთ. 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ვარიანტში განმარტებულია, რომ კომპანია Trans Electrica Ltd-ს მიერ შემოთავაზებული პროექტი გულისხმობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარე ენგურის ვიწრო ხეობაში, 702 მგვტ-იანი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობას. თაღოვანი კაშხლის სამშენებლო სიმაღლე კი 194 მეტრია.

ვებ-გვერდზე Hydro International, წარმოდგენილი განმარტების თანახმად, დიდი კაშხალი (Large dam) განისაზღვრება როგორც 15 მეტრზე მაღალი, ხოლო გიგანტური კაშხალი (Major dam) კი - 150 მეტრზე მაღალი. შესაბამისად, ამ განმარტების თანახმად, ხუდონჰესი დიდ ჰესებს მიეკუთვნება. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა კი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებას წარმოადგენდა.

დასკვნა

ნინო ბურჯანაძე განცხადების კონტექსტი იმის შესახებ, რომ დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა „ქართული ოცნების“ პროგრამაში განხილული იყო, მართალია. პროგრამაში კონკრეტულად ხუდონჰესის პროექტის აკრძალვა არ იყო დაკონკრეტებული, თუმცა, მოცემული პარამეტრების მიხედვით, პროექტი დიდ ჰესებს მიეკუთვნება. შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება: „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ ხუდონი არ აშენდება. ან შარშან არ იყვნენ გულწრფელნი და კომპეტენტურად მომზადებულნი და ჰაიჰარად ჩაწერეს პროგრამაში ეს მონაცემი, ან დღეს კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რატომ შეცვალეს რადიკალურად პოზიცია“, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი