2013 წლის 12 სექტემბრის ჟურნალ „ლიბერალის“ ინტერნეტგამოცემის საშუალებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ გავრცელდა. ჟურნალისტთან საუბრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა ყურადღება განათლების სისტემაში მისი მოსვლის შემდგომ განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა განმარტა, რომ ცვლილებები ზოგადი გარემოს მოწესრიგებით დაიწყო და აღნიშნა: „მე მოვაწესრიგე ხელფასების ფარდობითობა უნივერსიტეტებში. ადმინისტრაციას არ შეიძლება თვისობრივად მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე პროფესურას“.

ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას კი, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ლექტორის ანაზღაურება გაიზარდოს, ადმინისტრაციას კი პირიქით, შეუმცირდეს. მისივე თქმით: „უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვერ ექნება 5-6-ჯერ მეტი ხელფასი“. ამის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პროფესურასა და ადმინისტრაციის ხელფასებს შორის თვისობრივ სხვაობაზე საუბრისას სწორედ მსგავს სხვაობას გულისხმობდა.

ფაქტ-მეტრი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში - უნივერსიტეტი) მოქმედი სახელფასო პოლიტიკის თემით დაინტერესდა და გიორგი მარგველაშვილის განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

2013 წლის 6 სექტემბერს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები უნივერსიტეტში რექტორისა და ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის წესსაც შეეხო. კერძოდ, ამოქმედებული წესის თანახმად, აღნიშნული სუბიექტების თანამდებობრივი სარგო შემდეგი ფორმულით განისაზღვრა:

სუბიექტი

თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშების წესი

რექტორი

პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლი

ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლი

დეკანი

დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლი

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სახელფასო განაკვეთის შესახებ სრული სურათის მისაღებად ძირითადი უნივერსიტეტებიდან შესაბამისი სუბიექტების ხელფასების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა ქვემოთ განხილული მონაცემები კანონში ცვლილებების შეტანამდე არსებულ მდგომარეობას ასახავს.

მიღებული პასუხების თანახმად, უნივერსიტეტების მიხედვით სახელფასო ფონდის გადანაწილების პრინციპი ასეთია:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ყოველთვიური ანაზღაურება შედგება თეორიული მეცადინეობებისა და კლინიკებში სტუდენტთა პრაქტიკული სასწავლო–კლინიკური საქმიანობის შედეგად მიღებული თანხისაგან. საუნივერსიტეტო კლინიკებში თსსუ–ს აკადემიური პერსონალის მიერ გაწეული სასწავლო–კლინიკური საქმიანობისათვის ანაზღაურება ხორციელდება თსსუ–ს ბიუჯეტიდან, ხოლო არასაუნივერსიტეტო (კერძო) კლინიკებში – ამ კლინიკების შემოსავლებიდან.

2013 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით „თსსუ“–ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ყოველთვიური ძირითადი თანამდებობრივი სარგო შემდეგნაირად გამოიყურება:

mr

ამასთან, თუკი რექტორსა და დეკანს უკავიათ რომელიმე აკადემიური თანამდებობა, აღნიშნული სუბიექტების ძირითად თანამდებობრივ სარგოს ემატება შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სახელფასო სარგო. აგრეთვე კლინიკური დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის ხელფასს ყოველთვიურად ემატება კლინიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ფიქსირებული მაჩვენებლი არ არის.

ცხრილში მოყვანილი მონაცემების არითმეტიკული დაანგარიშების შედეგად ჩანს, რომ თუ კანონით შემოღებული ფორმულის მეთოდს გამოვიყენებთ, 2012 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი დაახლოებით აკადემიური პერსონალის სახელფასო ფონდის მაქსიმუმ 2,25 კოეფიციენტის ნამრავლს უტოლდებოდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო „ა“ და „ბ“ (რიგ შემთხევაში „გ“, „დ“ და „ე“) სახელშეკრულებო კატეგორიების მიხედვით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე რეგულირდება. 2012–2013 წლების მდგომარეობით, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მინიმალური და მაქსიმალური სახელფასო განაკვეთი შემდეგნაირად გამოიყურება:

მარ2

თუკი 2012 წლის სახელფასო მონაცემებს კანონში შესაბამისი ცვლილებების შედეგად მიღებული ფორმულის გათვალისწინებით (ადმინისტრაციის სახელფასო სარგოს შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლით გამოთვლა) დავიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ 2012 წლის მდგომარეობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელფასის ოდენობა მაქსიმუმ 2–ჯერ აღემატებოდა აკადემიური პერსონალის მაქსიმალური სახელფასო ფონდის ოდენობას. ხელფასის განსაზღვრის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ კი კოეფიციენტებით დადგენილი სტანდარტი დაცულია.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელფასო განაკვეთების ოდენობა განსხვავებულია ფაკულტეტების მიხედვით. აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის #112/2013 დადგენილების საფუძველზე, ფაკულტეტების მიხედვით აკადემიური პერსონალის ამჟამინდელი სახელფასო განაკვეთი შემდეგნაირად გამოიყურება:mar1

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ფაკულტეტების მიხედვით ხელფასების ოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, მედიცინის ფაკულტეტზე სრული პროფესორის სახელფასო განაკვეთია 1450, მაშინ, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე სრული პროფესორი დაახლოებით ორნახევარჯერ მეტ თანხას, 3500 ლარს იღებს. შესაბამისად, 2013 წელსაც კი უნივერსიტეტის ზოგიერთი ფაკულტეტის სრული პროფესორის ხელფასს რექტორის ხელფასი თითქმის 4-ჯერ აღემატება.

ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის სახელფასო სარგო დამოკიდებულია აკადემიურ თანამდებობასა და სწავლების ენაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პერსონალს, მათი სახელფასო ფონდის დაანგარიშება ხდება, როგორც ძირითადი სამუშაო ადგილიდან მიღებული ანაზღაურების, ისე გრანტების, აკადემიური და საათობრივი დატვირთვიდან მიღებული შემოსავლების, აგრეთვე პრემიისა და სხვადასხვა სახის დანამატების გათვალისწინებით. შესაბამისად, მათ მიერ თვეების მიხედვით გამომუშავებული თანხის ოდენობა განსხვავებულია. კანონში ცვლილებების შეტანამდე თითეულ სუბიექტზე ხელფასის ოდენობები ასე გამოიყურებოდა:mar

ამდენად, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის სახელფასო სარგოს დაანგარიშებისათვის ამოქმედებული ფორმულის თანახმად, კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე აღნიშნულ სუბიექტების სახელფასო ფონდებს შორის სხვაობა 1,56 კოეფიციენტზე ნამრავლს შეადგენდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სახელფასო ფონდი შემდეგნაირად ნაწილდებოდა:mar2რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის განკუთვნილი სახელფასო ფონდი კი ასე რეგულირდებოდა:

სუბიექტი

სახელფასო სარგო

დეკანი

დაკავებული აკადემიური თანამდებობის ხელფასს + 2000 ლარი

ადმინისტრაციის ხელმღვანელი

დაკავებული აკადემიური თანამდებობის ხელფასს + 3000 ლარი

რექტორი

დაკავებული აკადემიური თანამდებობის ხელფასს + 4000 ლარი

თუკი აღნიშნულ სუბიექტებს არ უკავიათ აკადემიური თანამდებობა

ასისტენტ–პროფესორის უვადოზე ორიენტირებულ კოტრაქტით განსაზღვრულ ხელფასს + შესაბამისი დანამატი სუბიექტების მიხედვით

ზემოთ მოცემული მონაცემების კანონით გათალისწინებული ფორმულის მეთოდით დათვლის შედეგად ვადგენთ, რომ 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის სახელფასო ფონდი მაქსიმუმ 2–ჯერ აღემატებოდა აკადემიური პერსონალის სახელფასო ფონდს, ადმინისტრაციის ხელძღვანელის ხელფასი - მაქსიმუმ 1,7–ჯერ, დეკანისა კი მაქსიმუმ 1,5–ჯერ მეტი იყო.

სამცხე–ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესაბამისი ცლილებების შეტანამდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სახელფასო ფონდი შემდეგი იყო:mar3

თუკი ახალი ფორმულის მიხედვით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასებს შორის თანაფარდობას დავითვლით, სამცხე–ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტში აღნიშნული სუბიექტების ხელფასებს შორის სხვაობა მაქსიმუმ 2,63 კოეფიციენზე ნამრავლს წარმოადგენდა.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის სახელფასო სარგოს ამსახველი სურათი ასე გამოიყურებოდა:mar4

როგორც ცხრილიდან ჩანს, შესაბამისი გამოთვლის შედეგად აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი აკადემიური პერსონალის სახელფასო სარგოს მაქსიმუმ 2,28 კოეფიზიენტზე ნამრავლს უტოლდებოდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის სახელფასო ფონდის განმსაზღვრელი პოლიტიკა შემდეგი იყო:mar5

იმავე გამოთვლების მიხედვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სახელფასო ფონდებს შორის სხვაობა 2012 წლის მონაცემებით მაქსიმუმ 2,3 კოეფიციენტზე ნამრავლს შეესაბამებოდა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტში მოქმედი სახელფასო პოლიტიკა შემდეგი იყო:

mar6

თუკი გავითვალისწინებთ ახალი სტანდარტებით ამოქმედებულ კოეფიციენტებს, რომლის მიხედვითაც, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასებს შორის თანაფარდობა განისაზღვრა და ცხრილში მოცემულ სახელფასო მონაცემებს შესაბამისად დავიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ხელფასებს შორის სხვაობა მაქსიმუმ 2,3 კოეფიციენტზე ნამრავლს უტოლდებოდა.

დასკვნა

უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მივმართეთ. პასუხი 8 უნივერსიტეტიდან მივიღეთ.

2013 წლის 6 სექტემბერს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს შორის სახელფასო თანაფარდობა შესაბამისი კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრა.

თუკი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ამოქმედებულ სტანდარტს გავითვალისწინებთ და აღნიშნულზე დაყრდნობით უნივერსიტეტებში არსებული სახელფასო პოლიტიკის თვალსაზრისით გასული წლების მონაცემებს შესაბამისად გამოვითვლით, ვნახავთ, რომ ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ოდენობა მაქსიმუმ 2, 6-ჯერ აღემატებოდა აკადემიური პერსონალის სახელფასო სარგოს ( და არა 5–6–ჯერ როგორც ამას გიორგი მარგველაშვილი მიუთითებდა). ამასთან, რადიკალურად განსხვავებული სურათი არც ახალი სახელფასო პოლიტიკის ამოქმედების შემდგომ გვაქვს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით, კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ხელფასების ოდენობა კანონით გათვალისწინებულ ფორმულასთნ შესაბამისობაშია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთში ყოველთვიური ანაზღაურების კუთხით მატება მართლაც ფიქსირდება. მცირეოდენი ცვლილებებია ადმინისტრაციული პერსონალის სახელფასო ფონდშიც. თუმცა არა ისეთი, რომელიც აღნიშნული სუბიექტების სახელფასო განაკვეთებს შორის ფუნდამენტურად განსხვავებულ ცვლილებებს მოგვცემდა. სრული პროფესორისათვის განკუთვნილმა სახელფასო მაჩვენებელმა 1000 ლარით მოიმატა და 3400 ლარს გაუტოლდა, თუმცა, ეს მხოლოდ ეკონომიკისა და იურიდიული ფაკუტეტის „ა“ კატეგორიის პროფესორების სახელფასო ფონდზე გავრცელდა. იქიდან გამომდინარე, რომ საკონტრაქტო კატეგორიების მიხედვით აკადემიური პერონალის ზუსტი რაოდენობრივი მონაცემები არ გვაქვს, ისიც უცნობია, ხელფასის ამგვარი მატება ზუსტად რამდენ პროფესორს შეეხო.

აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ამავე უნივერსიტეტში ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით, აკადემიური პერსონალის ყოველთვიური სახელფასო სარგოს მატების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება და ზოგერთი ფაკულტეტის სრული პროფესორის ხელფასი დღესაც დაახლოებით 4–ჯერ ჩამოუვარდება რექტორის სახელფასო განაკვეთს.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრი ასკვნის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება: „მოვაწესრიგე ხელფასების ფარდობითობა უნივერსიტეტებში. ადმინისტრაციას არ შეიძლება თვისობრივად მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე პროფესურას“, არის ნახევრად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა:სტატიის პირვანდელი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სარგოს შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმაც მოგვაწოდა. კვლევის უფრო მეტი ინფორმატიულობისთვის, გადავწყვიტეთ აღნიშნული მონაცემის დამატება და სტატიის განახლება. ფაქტ-მეტრის ვერდიქტი არ იცვლება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი