იტვირთება

საქართველოში პრორუსული ჯგუფები ავრცელებენ ნარატივს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს დასავლეთმა საქართველო მიატოვა. „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცებით, აშშ-ს საქართველო არ სჭირდება და საქართველო ევროპისა და ამერიკის იმედად ვერ იქნება, არამედ - „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“, რადგან სურსათის, განსაკუთრებით კი ხორბლის, რუსეთიდან იმპორტზე ვართ დამოკიდებული. მაშინ, როდესაც პრორუსული მედია დასავლეთს „საქართველოს მიტოვებაში“ ადანაშაულებს, რუსეთმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვები (კვოტა) დააწესა, რაც მათ შორის საქართველოში იმპორტირებულ ხორბალსაც შეეხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადების მიხედვით, რუსეთიდან საკმარისი ხორბალი მაინც შემოვა, მეორე მხრივ კი საქართველოს ხორბლის ალტერნატიულ წყაროებზეც აქვს წვდომა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია - „არის თუ არა საკმარისი ხორბლის მარაგი საქართველოში“).

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი სტატიაში - „კორონავირუსი COVID-19 დაგვანახვებს - შეძლებს თუ არა საქართველო რუსეთის გარეშე ცხოვრებას“ - წერს, რომ საქართველოს დასავლელმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა რუსეთის მიმართ საქართველოდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებული პეტიციები შეწყვიტეს, რათა საქართველოს მათთვის ფინანსური დახმარება არ ეთხოვა. ხოლო, მას შემდეგ, რაც ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ ნებისმიერი ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოყოფდა, დასავლელმა პარტნიორებმა კვლავ ამოიღეს ხმა. აღნიშნული სტატია „ნიუსფრონტის“ რუსულ რედაქციაშიც გამოქვეყნდა. არნო ხიდირბეგიშვილმა აშშ-ის განცხადება დახმარებასთან დაკავშირებით ზეწოლად შეაფასა, რომ აფხაზებთან და რუსებთან ურთიერთობები არ დავალაგოთ. გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ აშშ-ის დახმარება საკუთრივ აშშ-ის მოსახლეობისთვის გამოყოფილ ფინანსურ რესურსთან შედარებით მიზერულად წარმოაჩინა.

არნო ხიდირბეგიშვილი 26 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ საქართველოს მხოლოდ 1.7 მილიონი დოლარით ეხმარება. აღნიშნული ტყუილია, რადგან 26 აპრილს აშშ-მა დამატებით 64 მილიონი დოლარი გამოუყო საქართველოს. აგრეთვე, გულბაათ რცხილაძემ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტ ბექა კვიციანის წერილზე დაყრდნობით აშშ და კონგრესმენი კინზინგერი გააკრიტიკა, რადგან ის კონგრესში საქართველოს დახმარების საკითხს არ სვამს. „საქართველო და მსოფლიოს“ კორესპონდენტის მიხედვით, ევროპამ და აშშ-მა კორონავირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა ქვეყნის დასახმარებლად დიდი თანხა გამოყვეს, თუმცა „მათ შორის საქართველო ნახსენები არ არის“.

„ნიუსფრონტის“ მიხედვით, „“ლუგარი” კი არა, ჩინეთი გვეხმარება!“ ამასთან ერთად, სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველ ექიმებს სერიოზული დახმარების იმედი რუსი კოლეგებისგანაც უნდა ჰქონდეთ. ჩინეთმა საქართველოს ათასი ტესტი ნამდვილად გადასცა, ხოლო 29 აპრილს ჩინეთის მთავრობისგან საქართველომ დამატებით 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები მიიღო. თუმცა პრორუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, რადგან იმ დახმარებას უგულებელყოფს, რომელსაც საქართველო მისი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღებს. ეს დახმარებებია:

ამერიკის შეერთებული შტატებისგან

  • აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად 64 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებისათვის გაწეულ დახმარებას ეხება, ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც არის დასახელებული. კერძოდ, აშშ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1.7 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
  • საქართველო აშშ-სგან 2 ათას სწრაფ ტესტს მიიღებს.
  • აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 ათასი ლარის ღირებულების პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას აპირებს.
  • ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აშშ-ს 350 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
  • აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა COVID-19-ის იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პრაქტიკებზე საქართველოში 200-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა.
  • კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სადეზინფექციო სამუშაოებში USAID-ის მიერ 2019 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემული მანქანები გამოიყენა.

ევროკავშირისგან:

  • საქართველო ევროკავშირისგან კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან საბრძოლველად და ვირუსით გამოწვეული კრიზისის დროს ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის 183 მილიონ ევროს მიიღებს;
  • ამასთან ერთად, ევროკავშირმა გაფართოების კანდიდატი და სამეზობლოს ათი ქვეყნისათვის 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროეკონომიკური დახმარების პაკეტი წარადგინა, სადაც საქართველოსთვის 150 მილიონი ევროა გათვალისწინებული. თანხა, შეღავათიანი პირობებით, სესხის სახით გამოიყოფა;
  • ლიეტუვა ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 100 ათას ევროს გამოყოფს, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს, სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას გადასცემს.

დახმარებების გარდა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს ბიუჯეტის შემცირებული შემოსავლისა და გაზრდილი გასავლის დასაბალანსებლად, საგარეო სესხები აუცილებელია (აღნიშნულ საკითხზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია - „საგარეო ფინანსური დახმარება - რატომ გვჭირდება საგარეო დახმარება?). საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს, მათ შორის - ევროკავშირისგან, აზიის განვითარების ბანკისგან (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB), გერმანიის განვითარების ფონდიდან (KFW), საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD). ცნობილია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ზემოთ ნახსენებ გრანტთან ერთად 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხსაც გამოუყოფს. აღნიშნული 1.5 მილიარდის გარდა, საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ამავე ორგანიზაციებთან დამატებით 1.5 მილიარდი დოლარის გამოყოფის შეთანხმება არის მიღწეული, რომელსაც კერძო სექტორი აითვისებს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს.

შენიშვნა:

2 მაისს გერმანიამ საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს სამედიცინო ტვირთი გადასცა. ლუგარის ლაბორატორიას გადაეცა პრაიმერები და სწრაფი ტესტები, მათ შორის - მოლეკულური ტესტები და ასევე სეროლოგიური ტესტები (სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი) რომლებიც ამ დრომდე საქართველოს არ ჰქონია.

საქართველომ გერმანიისგან უკვე მეოთხე დახმარება მიიღო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ​კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მომზადება დაიწყო.

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს 27 ათას ტონა ხორბალსაჩუქებს.ამასთან, დეკემბერში საქართველომ აშშ-სგან უკვე მიიღო 27 ათასი ტონა ხორბალი. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ხორბლის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს, ხოლო რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

ასევე, მაისის ბოლომდე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას (ჯამური ღირებულებაც 400 ათას დოლარს შეადგენს), რომლის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოს COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 250 ათასი დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა, მათ შორის - 2150 სახის დამცავი ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი, 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი "Tyvek", დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ბახილებით.

აშშ-სგან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 ათასი ოქროს სტანდარტის RT-PCR ტესტი და PCR ტესტის აპარატი მიიღო. ტესტებისა და აპარატების შესყიდვის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა. ხოლო აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან 20 ათას დოლარამდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

მაისის განმავლობაში „აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს“.

ამასთან ერთად, ლიეტუვის მიერ დაანონსებული ჰუმანიტარული დახმარება - სახის დამცავი ფარები - საქართველოში ჩამოვიდა.

ბულგარეთი საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემს.


მსგავსი სიახლეები

3106 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი