2014 წლის 3 სექტემბერს ნოდარ ხადურმა განაცხადა,

რომ სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ აქვს და არსებული მონაცემებით 8 თვის გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული.

ფაქტ-მეტრმა მინისტრის ეს განცხადება გადაამოწმა.

2014

წლის ივლისში ფინანსთა სამინისტრომ პირველი 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, შემოსულობების ნაწილში გეგმის შესრულებას 115 მლნ ლარი დააკლდა, ხოლო გადასახდელებში დანაკლისმა 401 მლნ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ დანაკლისი გადასახდელებში ძირითადად საინვესტიციო ხარჯების აუთვისებლობამ გამოიწვია. 2014 წლის პირველ ორ კვარტალში საინვესტიციო პროექტებზე ფაქტიურად გაწეულმა ხარჯებმა გეგმის 62.5% შეადგინა.

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის კვარტალურ გეგმას ადგენს და შემდგომ აღნიშნულ გეგმასთან მიმართებაში შესრულების ანგარიშებს აქვეყნებს. გამომდინარე იქიდან, რომ მესამე კვარტალი ჯერ არ დასრულებულა, მიმდინარე კვარტლისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ჯერ-ჯერობით ხელთ არ გვაქვს. თუმცა, სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია შევაფასოთ, თუ როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის შესრულება მესამე კვარტალში.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2014 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში შემოსულობებმა [1] 5 464

მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის პირველი სამი კვარტლის (9 თვის) შემოსულობები 6 538 მლნ ლარის დონეზეა დაგეგმილი. გამომდინარე აქედან, პირველი 8 თვის ფაქტიურმა შემოსულობებმა 9 თვის გეგმის 83.6% შეადგინა.

2014

წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, პირველი 9 თვის საბიუჯეტო შემოსავლები 5 308 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის 4 909 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. 2014 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში მიღებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 4 373 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 89.1%-ია. ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2014 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საგადასახადო შემოსავლები 4 935 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 9 თვის გეგმის 100.5 %-ია, ხოლო მთლიანად შემოსულობები 6 228 მლნ ლარს, ანუ გეგმის 95.2%-ს შეადგენს. 9 თვის გეგმის შემოსულობების 100%-ით შესასრულებლად საჭიროა, რომ სექტემბრის ბოლო 5 სამუშაო დღეში 312 მილიონი ლარის შემოსავლის მობილიზება მოხდეს. სხვაობა შემოსავლების და შემოსულობების შესრულებას შორის ძირითადად საგარეო ვალის დაგეგმილზე ნაკლებად ზრდამ გამოიწვია. კერძოდ, დაგეგმილი 629 მლნ ლარის ნაცვლად ფაქტიურად აღებულმა საგარეო ვალმა 247 მლნ შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გეგმის მიხედვით ვალდებულებების ზრდა 1 119 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო 8 თვის ფაქტიური შესრულება ამ ნაწილში 731 მლნ ლარი იყო, საიდანაც საშინაო ვალდებულებების ფაქტიური ზრდა გეგმის 98.7%-ს შეადგენდა, ხოლო საგარეო ვალდებულებების ფაქტიურმა ზრდამ 9 თვის გეგმის მიმართ 39.3% შეადგინა.

რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში დაგეგმილი ხარჯი 5 563 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, პირველი 8 თვის განმავლობაში ფაქტიურმა ხარჯებმა 4 576 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 82.3%-ს შეადგენს. ამასთან უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 8 თვის ანგარიშში მითითებული გეგმიური ხარჯები შემცირებულია და 5 553 მლნ ლარს შეადგენს, ნაცვლად თავდაპირველად მითითებული 5 563 მლნ ლარისა. მთლიანობაში, 9 თვის დაგეგმილი გადასახდელების მოცულობა 6 748 მლნ ლარია, საიდანაც 23 სექტემბრის მონაცემებით 5 880 მლნ ლარია (გეგმის 87.1 %) შესრულებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ მესამე კვარტალი 30 სექტემბერს სრულდება, სახელმწიფომ ბიუჯეტის შესასრულებლად 5 სამუშაო დღეში 868 მილიონი ლარის გახარჯვა უნდა მოასწროს, რაც ფაქტიურად შეუძლებელია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხარჯების ნაწილში დანაკლისი ძირითადად საინვესტიციო პროექტებიდან მოდის. საინვესტიციო პროექტებისთვის დაგეგმილი ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება რეალურად გაწეულ ხარჯებს. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საინვესტიციო პროექტებზე გეგმით გათვალისწინებული ხარჯი 646 მლნ ლარი იყო, ხოლო პირველი 8 თვის განმავლობაში ფაქტიურად გაწეული ხარჯი 358 მლნ ლარია (დაგეგმილის 55.4%). ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხარჯების ნაწილში გარღვევა იყო წინა ორი კვარტლის მონაცემებშიც. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების სრულად ათვისება ვერ მოხდება.

გრაფიკი 1:

საინვესტიციო პროექტების შესრულება 2014 წ.

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

დასკვნა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის შესრულება წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა, შემოსულობების 100%-ით მობილიზება და დაგეგმილი ხარჯების სრულად ათვისება ნაკლებადაა მოსალოდნელი. ბიუჯეტის შესრულება კი, როგორც შემოსავლების, ასევე დაგეგმილი ხარჯების სრულად ათვისებას ნიშნავს. 2014

წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 6 228 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 95.2 %-ს შეადგენს. საგადასახადო შემოსავლების კუთხით შესრულება 100.5%-ია, მაგრამ შემოსულობების სრულად შესასრულებლად სექტემბრის ბოლო კვირაში 312 მლნ ლარის მობილიზებაა საჭირო, რაც სავარაუდოდ ვერ შესრულდება.

ხარჯების კუთხით 8 თვის შესრულება 82.3%-ია, ხოლო 23 სექტემბრის მდგომარეობით ფაქტიური გადასახდელების რაოდენობა გეგმას 868 მლნ ლარით ჩამორჩება. განსაკუთრებით, ჩამორჩენაა საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში. 8 თვის ანგარიშის მიხედვით საინვესტიციო პროექტებზე რეალურად გაწეული ხარჯები დაგეგმილი ხარჯის 55.4%-ს შეადგენს. პირველი სამი კვარტლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმასთან მნიშვნელოვნად ჩამორჩენა, მაღალი ალბათობით განაპირობებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი 100%-ით შეიძლება ვერ შესრულდეს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: "8 თვის ბიუჯეტი შესრულებულია და არის გადაჭარბება," არის მეტწილად მცდარი.


[1]

 შემოსულობები მოიცავს ბიუჯეტის შემოსავლებს (საგადასახადო შემოსავლები, გრანტები, სხვა შემოსავლები), ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებების ზრდიდან.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი