მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საწარმოთა ბრუნვის თვალსაზრისით ქალაქსა და სოფელს შორის დიდი განსხვავებაა. კერძოდ, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით საწარმოთა ბრუნვა ქალაქში, კონკრეტულად კი დედაქალაქში, უფრო მაღალია ვიდრე რეგიონებში.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და მისი სიზუსტის გადამოწმება გადაწყვიტა.

საწარმოთა ბრუნვა არის საწარმოს მიერ საქონლისა და მომსახურების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში. საქსტატის მონაცემებით,

მიმდინარე წელს საქართველოში 52 985 მოქმედი საწარმო იყო, რომელთა ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 21.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 14.2 %-ით მეტია.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონების მიხედვით, მთლიანი ბრუნვის 72.6 % (15.3 მილიარდი ლარი) თბილისზე მოდიოდა, რაც შეეხება დანარჩენ 27.4 %-ს, ის რეგიონებს შორის გადანაწილდა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი ბრუნვა აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონს ქონდა (მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 6 %). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს რეგიონების წილს მთლიან ბრუნვაში.

დიაგრამა 1:

საწარმოთა ბრუნვა რეგიონების მიხედვით (2014* წელი)

image001

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური [1]

აღნიშნული განსხვავება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის საწარმოთა გადანაწილებით არის გამოწვეული. საწარმოთა უმეტესობა თბილისშია განთავსებული, რაც თავის მხრივ დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ბრუნვის მიხედვით დისპროპორციას იწვევს.

2007

წელს საქართველოში 33 ათასზე მეტი საწარმო მოქმედებდა, ხოლო მოქმედი საწარმოების 33 % თბილისში იყო განთავსებული. 2007 წლიდან დღემდე საწარმოთა რაოდენობა 53 ათასამდე, ანუ 1.6-ჯერ, გაიზარდა. საწარმოთა გაზრდილი რაოდენობის 91 % (17 896) დედაქალაქზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 9 %  (1 816) საქართველოს 10 რეგიონზე გადანაწილდა. ამჟამად მოქმედი საწარმოების 55 % თბილისშია განთავსებული.

ასეთი განსხვავება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, მეტწილად მოსახლეობის რაოდენობით  და შემოსავლების განაწილებითაც

არის განპირობებული. დედაქალაქის მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის 26 %-ს შეადგენს, ხოლო სხვა რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა 10 % და ნაკლებია. გამონაკლისი მხოლოდ იმერეთის რეგიონია, სადაც მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 15%-ს შეადგენს. ამასთან, დედაქალაქში შემოსავლები უფრო მაღალია ვიდრე რეგიონებში, რაც თავის მხრივ მაღალ სამომხმარებლო მოთხოვნას განაპირობებს. ბუნებრივია, საწარმოების უმეტესი ნაწილი იმ ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, სადაც კვალიფიციური მუშახელი და გასაღების დიდი ბაზარია.

ცხრილი 1:

ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვა თბილისსა და რეგიონებში (2014 წელი)

2014* ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვა განსხვავება დედაქალაქთან მიმართებაში
თბილისი 13024
იმერეთი 1416 9
ქვემო ქართლი 2542 5
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1360 10
კახეთი 1036 13
აჭარა 3253 4
შიდა ქართლი 1296 10
სამცხე-ჯავახეთი 1287 10
გურია 647 20
მცხეთა მთიანეთი 2801 5
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 362 36
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური [2]

2013

წელს საწარმოთა ბრუნვა 2003 წელთან მიმართებაში 1.5-ჯერ გაიზარდა. 2003 წლიდან დღემდე თბილისის წილი საწარმოთა საერთო ბრუნვაში 60 %-დან 72 %-მდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ დედაქალაქსა და რეგიონებში ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვა გამოვთვალეთ. საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვა თბილისში დაახლოებით 7-8-ჯერ აღემატებოდა რეგიონების ანალოგიურ მაჩვენებელს.

გრაფიკი 1:

ბრუნვა ერთ სულ მოსახლეზე თბილისსა და რეგიონებში (2007 – 2014 წწ.)

image002

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დასკვნა

მიმდინარე წელს საქართველოში 52 985 მოქმედი საწარმო იყო საიდანაც 55 % დედაქალაქში, ხოლო დანარჩენი 45 % ქვეყნის 10 რეგიონში მოქმედებდა. რაც შეეხება ბრუნვას, თბილისზე მთლიანი ბრუნვის 72.6% მოდის, ხოლო დანარჩენი ბრუნვა რეგიონებს შორის გადანაწილდა. ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვა დედაქალაქში 13 024 ლარი იყო, რაც 7.5-ჯერ აღემატებოდა რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ბრუნვას (1 741).

ასეთი დისპროპორცია დედაქალაქსა და რეგიონებს შორის საწარმოთა გადანაწილებით არის გამოწვეული. მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა და კვალიფიციური მუშახელის კონცენტრაცია დედაქალაქს ბიზნესის დაწყების კუთხით მიმზიდველს ხდის. დღესდღეობით საქართველოს მოქმედ საწარმოთა ნახევარზე მეტი თბილისშია განთავსებული.

შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „ძალიან დიდი დისპროპორცია გვაქვს ქალაქსა და სოფელს შორის საწარმოთა ბრუნვის თვალსაზრისით. ერთ სულ მოსახლეზე, ქალაქის მოსახლეობაზე მოდის 12-13-ჯერ უფრო მეტი ბრუნვა, ვიდრე საქართველოს მთლიანად რეგიონებზე,“ არის მეტწილად სიმართლე.

 

[1] 2014*

– მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემები

[2] 2014*

– მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემები


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი