EBRD-ის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საინვესტიციო სესიაზე ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,

რომ ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, რაც ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებიდან მიღებული სავალუტო შემოსავლების ზრდაში გამოიხატება.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2014

წლის მეორე ნახევრიდან არა მარტო საქართველოს ექსპორტი, არამედ სხვა სავალუტო წყაროებიდან მიღებული შემოსავლებიც მცირდებოდა, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში დიდი წვლილი შეიტანა. ექსპორტის კლების ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, ეროვნული ვალუტა კი, მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით 40 თეთრით (21%) გაუფასურდა. გაცვლითმა კურსმა პიკს მიმდინარე წლის მაისში მიაღწია, როცა დოლარის ფასი 2.36 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მოგვიანებით ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო. დღეისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.25-ს შეადგენს.

ვალუტის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენციას სავალუტო წყაროებიდან შემოსავლების ზრდას მიაწერენ. საქართველოსთვის უცხოური ვალუტის ძირითად წყაროებს ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. სავალუტო შემოსავლების დინამიკა ქვეყნის საგადამხდელო ბალანსში აისახება.

ეროვნული ბანკის მონაცემების

 მიხედვით, 2015 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა (მოიცავს საგარეო ვაჭრობას, ფულად გზავნილებს და ფაქტორულ შემოსავლებს) 465 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის პირველ კვარტალში დეფიციტი 365 მლნ აშშ დოლარი იყო. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნაწილობრივ ფინანსური და კაპიტალის ანგარიშის ზრდით არის კომპენსირებული. აღნიშნული ზრდა ძირითადად კერძო სექტორის დავალიანების ზრდისა და მოკლევადიანი სავაჭრო კრედიტების ზრდის ხარჯზე მოხდა. რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, მათი რაოდენობა შემცირებულია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით (272 მლნ აშშ დოლარი) 35%-ით არის შემცირებული.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 306 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. 2015 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისსა და ივნისში ტურისტების რაოდენობა იზრდებოდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. 2015

წლის იანვარ-მაისში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 438 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 132 მლნ დოლარით (23%-ით) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იანვრიდან ფულადი გზავნილების დინამიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა წინა წლის მაჩვენებლებს კვლავ ჩამორჩება (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1:

ფულადი გზავნილები 2014 წელი, 2015 წლის იანვარი-მაისი

image001 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-მაისში ექსპორტმა 884 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.

იანვრიდან ქვეყნის ყოველთვიური ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც ნაკლებია. მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირდა, რაც მეტწილად იმპორტის შემცირების დამსახურებაა, თუმცა მაისის თვეში იმპორტი გაიზარდა, რამაც უარყოფითი სავაჭრო სალდოს 512 მლნ დოლარამდე ზრდა გამოიწვია.

  გრაფიკი 2: 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წლის იანვარ-მაისში

image002 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დასკვნა 2015

წლის იანვრიდან ფულადი გზავნილების და ექსპორტის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ექსპორტის და გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მაინც ნაკლებია. მაისიდან ზრდა დაიწყო ტურისტების რაოდენობამაც. მაისში ტურისტების რაოდენობა 5.3%-ით, ხოლო ივნისში 3.3%-ით გაიზარდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრი თავის განცხადებაში არ ახსენებს უცხოური ვალუტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს - ინვესტიციებს, რომლის მოცულობაც, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ითაა შემცირებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი