საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, საგადასახადო დავების შესახებ საუბრისას განაცხადა,

რომ ის დავალიანებები, რომელთა ხანდაზმულობის ვადა გასულია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩამოწერას დაექვემდებარა. საბოლოო ჯამში, 1 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება იქნა ჩამოწერილი.

ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სახელმწიფოს მიერ საგადასახადო ვალდებულების ჩამოწერაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. განახლებული ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შემდეგი კითხვებით მივმართეთ:
  • 2013 წლიდან დღემდე რამდენ საქმეს გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და რამდენ გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო ვალდებულება? (გთხოვთ, აქვე მოგვაწოდოთ ინფორმაცია, დაახლოებით რა ოდენობის თანხის ჩამოწერაზეა საუბარი);
  • 2010-2012 წლებში რამდენ საქმეს გაუვიდა ხანდაზმულობის ვადა და რამდენ გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო ვალდებულება? (გთხოვთ, აქვე მოგვაწოდოთ ინფორმაცია, დაახლოებით რა ოდენობის თანხის ჩამოწერაზეა საუბარი).
ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,

 საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე ხდება. აღნიშნული მუხლი ძალაში 2014 წლის 12 დეკემბერს შევიდა. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერაც ამ კანონის საფუძველზე მოხდა.

ამდენად, ფინანსთა მინისტრის დადგენილი წესით ჩამოწერას შემდეგი საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება: 2005 წლის პირველ იანვრამდე წარმოქმნილი და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტის ამოქმედებამდე აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, იმ შემთხვევაში თუკი 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში პირს საგადასახადო დეკლარაცია არ წარუდგენია, ან თუ წარადგინა, მაგრამ მის მიერ მითითებული დეკლარაციის თანახმად გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია. იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი პირების ხარჯები მათ შემოსავალზე მეტია, მათ სახელმწიფომ საგადასახადო ვალდებულება აპატია და ვალი ჩამოაწერა.

იგივე რეგულაცია მოქმედებს 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ და პირის მიერ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებასა და საურავის შემთხვევაშიც.

საერთო ჯამში, "ა" ნაწილით 9 392 გადამხდელს 938 მლნ 817 ათასი ლარის დავალიანება, ხოლო "ბ" ნაწილით 581 გადამხდელს 4 მლნ 388 ათასი ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოეწერა.

დასკვნა 2014

წლის 12 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტები ამოქმედდა. აღნიშნული კანონის მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ იმ პირებს, რომელთა დავალიანებებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ჰქონდათ, სახელმწიფოს მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანებები ჩამოაწერა.

აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით, ორივე ქვეპუნქტის მეშვეობით, 10 000-ზე მეტ პირს საერთო ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება ჩამოეწერა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: "ერთ მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება იქნა ჩამოწერილი", არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია