საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, "სახალხო დამცველმა პარლამენტში მწვავე ანგარიში წარადგინა, თუმცა ციხეებში წამების არცერთი ფაქტი არ დაასახელა. ანალოგიური სიტუაცია პირველად 2013 წელს იყო".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის

თანახმად, საანგარიშო პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მრავალი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, რის შედეგადაც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემურ პროლემას აღარ წარმოადგენს. მეტიც, საანგარიშო პერიოდში წამების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში დაფიქსირდა (გვ. 12-13).

იმის დასაზუსტებლად, თუ რა იგულისხმება "წამების ფაქტში" სახალხო დამცველმა, ჩვენ მის აპარატს წერილით მივმართეთ. კერძოდ, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ფაქტში მხოლოდ გამოძიების შედეგად დადასტურებული შემთხვევა იგულისხმება, თუ ნებისმიერი სახის განცხადება/საჩივარი. როგორც სახალხო დამცველის აპარატის პასუხიდან

გახდა ცნობილი, 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არა მხოლოდ უშუალოდ გამოძიების შედეგად არ დაფიქსირებულა წამების შემთხვევები, არამედ მსგავს ფაქტებზე საჩივარიც არ შესულა.

რაც შეეხება 2014 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, მართალია, სახალხო დამცველის ანგარიშის

თანახმად წამების, არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემურ ხასიათს აღარ ატარებს და სახალხო დამცველის მიერ არც გარკვეული ქმედებები დაკვალიფიცირებულა წამებად, თუმცა 2013 წლისგან განსხვავებით, ცალსახად არ არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში წამების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით 2014 წლის საანგარიშო პერიოდში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებათა რაოდენობის მატება შეინიშნებოდა (გვ. 16). ამასთან, 2014 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა, რომ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა განმეორებითი ზეწოლისა და დაშინებისაგან მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულები სახალხო დამცველის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, თუმცა საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ისინი მითითებულ ფაქტებს უარყოფდნენ (გვ. 35).

ეკა ბესელიას განცხადებით, 2013 წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახალხო დამცველის ანგარიშში წამების ფაქტები არ დაფიქსირებულა. აღნიშნულის გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა სახალხო დამცველის 2004-2014 წლების საპარლამენტო ანგარიშები შეისწავლა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მხრივ პრობლემებზე ყურადღებას ყველა ანგარიშში ამახვილებდა. ასევე, პროკურატურას წამების ფაქტობრივი გარემოებების არსებობაზე მიუთითებდა და გამოძიების დაწყებისაკენ მოუწოდებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, თითქმის არცერთ საანგარიშო პერიოდში არ ვხვდებით შემთხვევას, როდესაც წლის განმავლობაში წამების ფაქტების არსებობა გამოძიების შედეგად დამტკიცებულიყო.

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლის ანგარიშებში კონკრეტული საქმეების განხილვისას სახალხო დამცველი ზოგადად არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. როგორც 2014 წლის ანგარიშში  ვკითხულობთ, არასათანადო მოპყრობის ქვეშ სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე (წამება), 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლები იგულისხმება (გვ. 314). შესაბამისად, 2013 და 2014 წლების ანგარიშიდან, განსაკუთრებით კი 2014 წლის ანგარიშიდან, ცალსახად არ ჩანს საანგარიშო პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში წამებაც იგულისხმება თუ არა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის 2015 წლის ანგარიშში (

CPT), რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2014 წელს არსებულ მდგომარეობას ასახავს, წამების ფაქტები ნახსენები არ არის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (საქმე: Ireland v. The UK),

წამებასა და სხვა სახის არაადამიანურ ქმედებას შორის განსხვავება პირისათვის მიყენებული ტანჯვის სიძლიერესა და ინტენსივობაშია. ამასთან, წამების დროს ცალკეული მიზნის (როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დასჯა ან დაშინება) არსებობა აუცილებელია. არაადამიანური მოპყრობის დროს მიყენებული ტანჯვის სისასტიკე და ინტესიურობა შესაძლოა შემდეგი ფაქტორებით შეფასდეს: ხანგრძლივობა, ფიზიკური და სულიერი შედეგები, მსხვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღსრულების ხასიათი და მეთოდი (პარ. 167). შესაბამისად, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სახეების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან რთულია და ყოველი კონკრეტული შემთხვევის სათანადო შესწავლაა საჭირო.

ფაქტ-მეტრმა სახალხო დამცველის მიერ 2013-2014 წლებში არასათანადო მოპყრობად შეფასებული შემთხვევები შეისწავლა, რომელთაგან ყურადღებას რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებთ.

2013

წლის აპრილის თვეში სასჯელაღსრულების N6-დან N7 დაწესებულებაში  გადაიყვანეს მსჯავრდებული და მისი განცხადებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ N7 საკანში მოათავსეს, არაერთხელ მიაყენეს ფიზიკურ შეურაცხყოფა და ემუქრებოდნენ - "აქ ამოგძვრება სულიო". მსჯავრდებულის განცხადებით, დაწესებულების დირექტორი პირადად დაემუქრა "გაგაფუჭებო". აღნიშნულის გამო, რადგან ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება, მათ შორის ყელის არეშიც. ის თვითმკვლელობისთვისაც მზად იყო. აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველმა არასათანადო მოპყრობად შეაფასა, პროკურატურამ კი გამოძიება 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაიწყო (გვ. 18-19).

2013 წელთან შედარებით, არასათანადო მოპყრობის მხრივ უფრო მწვავე 2014 წლის ანგარიში გამოდგა. 2014 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ყვირილისა და ჩხუბის ხმა შემოესმათ. ინციდენტის

ადგილას რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეები, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი, ოფიცრები და მორიგე კონტროლიორები დახვდნენ. დერეფანში საშხაპესთან სისხლი კვალი და ლაქა შენიშნეს. თანამშრომლებში დაბნეულობა და რწმუნებულთა მიმართ აგრესია შეინიშნებოდა. სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნისა და დიდი წინააღმდეგობის შედეგად, რწმუნებულებმა შეაღწიეს საშხაპეებში, სადაც ორი პატიმარი სველი ტანსაცმლით იატაკზე იწვა. პატიმრებს შეკრული ხელ-ფეხი ერთმანეთზე ჯაჭვით ჰქონდათ მიბმული. ორივე მათგანს გარეგნულად  ძალადობის კვალი, მრავლობითი დაზიანებები და ღია ჭრილობები აღენიშნებოდათ. სახალხო დამცველის თანამშრომლებმა  პატიმრების დაზიანებების აღწერა მოითხოვეს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია მათი თანდასწრებითაც კი არ ერიდებოდა ექიმებზე ზეწოლას, რათა მათ დაზინებები დეტალურად არ აესახათ (გვ. 315). ადმინისტრაციის განცხადებით, პატიმრები იმყოფებოდნენ მთვრალ მდგომარეობაში (ალკოჰოლური სასმელის - "ბრაგას" ზემოქმედების ქვეშ) და დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღეს, ხოლო საშხაპეში იმიტომ იყვნენ გამოკეტილები, რომ საკნები არ დაესვარათ.

სახალხო დამცველის არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, რომ გამოძიება სპეციალური მუხლით დაწყებულიყო (სსკ-ს 1443-

ე მუხლი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), გამოძიება მაინც  333-ე მულის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) დაიწყო. ამასთან, გამოძიების დროს შესაძლო დამნაშავე თანამდეობის პირებისათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერება და  დაზარალებულებისთვის დაწესებულების დროული შეცვლა არ მომხდარა. აღნიშნულ შემთხვევაზე  ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის დასკვნაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული.

შედეგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია 2014 წლის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი შემდეგი შემთხვევა. 2014 წლის 22 იანვარს N6 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იზოლირებულ ბრალდებულებს შეხვდნენ და მათი საცხოვრებელი პირობები შეამოწმეს. გასაუბრებისას და დათვალიერებისას გაირკვა, რომ ისინი პირველ სართულზე იყვნენ მოთავსებულები, რომელიც მიწის ზედაპირის დონიდან ნახევრად ქვევით მდებარეობდა. საკნების კედლები ახლად შეღებილი და ნესტიანი იყო. საკანში ერთადერთი ფანჯარა იყო, 70X70 სმ, რომელშიც სამ რიგად ჩამონტაჟებული იყო გისოსები. ამასთან, ფანჯრის წინ ამოშენებული იყო კედელი, შესაბამისად საკანში სინათლე ფაქტიურად ვერ აღწევდა. საკნის საპირფარეშოს კარი შესასვლელს მხოლოდ ნახევრად ფარავდა და საკნისგან სრულიად იზოლირებული არ იყო. საპირფარეშოში არ იყო ჩამრეცხი ავზი და ვენტილაცია არ იყო ჩართული (ბრალდებულთა განმარტებით არც არასდროს ყოფილა ჩართული). პატიმრებს უჰაერობა აწუხებდათ, რის გამოც ფანჯარა, რომელსაც ჩამკეტი გაფუჭებული ჰქონდა სულ ღია იყო და ტემერატურა საკმაოდ დაბალი იყო. ბრალდებულთა განცხადებით, დაწესებულებაში მოთავსების დღიდან (2013 წლის 28 ნოემბრიდან) არ ყოფილან გასეირნების უფლებით უზრუნველყოფილნი. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებდა მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, შფოთვასა და ადვილად გაღიზიანებაში. ზოგიერთ მათგანს მიყენებული ჰქონდა თვითდაზიანება, რის მიზეზადაც არასათანადო პირობებში მოთავსებას ასახელებდნენ. ადმინისტრაციამ მიზეზად უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

სახალხო დამცველის ანგარიშების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემა 2004 წლიდან დღემდე არ კარგავს აქტუალობას. 2013 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა ცალსახად აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოიცავს არა მარტო წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან თავის შეკავების ვალდებულებას, არამედ სახელმწიფოს ავალდებულებს ეფექტიანად გამოიძიოს ასეთი ფაქტები. არასათანადო მოპყრობის გამოძიება მიზნად უნდა ისახავდეს დამნაშავე პირთა გამოვლენასა და დასჯას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასათანადო მოპყრობის ზოგადი სამართლებრივი აკრძალვა, მიუხედავად მისი ფუნდამენტური მნიშვნელობისა, არაეფექტიანი იქნებოდა (გვ. 28).

აღნიშნულ პრობლემაზე ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტიც საუბრობს. დასკვნის თანახმად, ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მიერ შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ საქმეს თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იძიებს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეფექტიანი ვერ იქნება. ამასთან, გამოძიებისას განსაკუთრებით დიდ პრობლემას დანაშაულის კვალიფიკაცია წარმოადგენს. კერძოდ, გამოძიება უმეტეს შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იწყება და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არსებობა დასაწყისშივე უგულებელყოფილია. ასევე აღსანიშნავია სახალხო დამცველის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ტენდენციურად, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით პროკურატურა მხოლოდ 2012 წლის შემოდგომამდე ჩადენილ დანაშაულებს აკვალიფიცირებს, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ ასეთი საქმეები ძირითადად  სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით კვალიფიცირდება.

დასკვნა სახალხო დამცველის 2013-2014 წლების ანგარიშებში, განსხვავებით 2004-2012 წლის ანგარიშებისგან, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულ უშუალოდ წამების ფაქტებზე ყურადღებას არ ამახვილებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 და 2014 წლების ანგარიშებისთვის (განსაკუთრებით 2014 წლის ანგარიშისთვის) შემთხვევების ზოგადად - არასათანადო მოპყრობად - დაკვალიფიცირებაა დამახასიათებელი, რომელშიც წამებაც მოიაზრება და არ ჩანს, სახალხო დამცველი ამა თუ იმ შემთხვევას კონკრეტულად სისხლის სამართლის რომელ დანაშაულად აფასებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი