თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, დედაქალაქის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებულ ჯანდაცვის პროგრამებზე ისაუბრა.

მერის განცხადებით, გაორმაგდა ჯანდაცვის პროგრამების რაოდენობა. მისივე თქმით: "პირველად დაიწყო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილებულია შემოსული განცხადებების 95%. დაფინანსდა 279 ბენეფიციარი და თითოეულს 107 000 ლარი გამოეყო. პირველად დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ლეიკემიისა და ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს სრული მკურნალობა უტარდებათ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაზე ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და თითოეულ ბენეფიციარს დაახლოებით 200 000 ლარი გამოეყო".

ფაქტ-მეტრი დავით ნარმანიას განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს აუტიზმის საზოგადოების" ოფიციალურ ვებგვერდზე

განმარტებულია, რომ აუტიზმი განვითარების შეფერხებაა და აუტიზმის სპექტრის დარღვევად მიიჩნევა.

თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ინფორმაცია დედაქალაქის ბიუჯეტში

ა მოცემული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას გულისხმობს. ქვეპროგრამა მულტიდისციპლინური გუნდის ერთიანი საჭიროებების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის მიერ ბენეფიციარისთვის კომპლექსური თერაპიის, თვეში არაუმეტეს 20 ინდივიდუალური სეანსის დაფინანსებას მოიცავს. თითოეული სეანსის ღირებულება 21 ლარია. ქვეპროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ 2-დან 16 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც ძირითად დიაგნოზად დაავადებათა საერთაშორისო კვალიფიკაციის (ICD-10) ზოგადი აშლილობების ჯგუფის დიაგნოზი გააჩნიათ.

პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენ თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მივმართეთ. მიღებულ პასუხში

ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. გასულ წელს ქვეპროგრამისთვის ბიუჯეტიდან 610 000 ლარი გამოიყო. ქვეპროგრამით სარგებლობის მოთხოვნით მერიაში სულ 426 განაცხადი შევიდა და 335 მათგანი დაკმაყოფილდა. ამასთან, 48 განმცხადებელი ქვეპროგრამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მომლოდინეთა სიაშია რეგისტრირებული. თბილისის მერიის განმარტებით, 2015 წლის მდგომარეობით, ქვეპროგრამის ბენეფიციარები სულ 585 081 ლარის ოდენობით დაფინანსდნენ. თითოეულ ბენეფიციარზე გახარჯულმა თანხამ კი 1 746 ლარი შეადგინა.

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამისათვის 1.3 მილიონი ლარია გამოყოფილი (გვ. 84, კოდი - 06 01 06). აქვე აღსანიშნავია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები ასევე ჩართულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაშიც.

ამ ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების, რისკის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის  აუტიზმის სპექტრის დარღვევის) მქონე 0-7 წლამდე ასაკის, თვეში არაუმეტეს 480 ბავშვისა. მათ  შორის, არაუმეტეს 335 ბავშვს მომსახურება მიეწოდება თბილისში. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 832 800 ლარით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამას, ის ლეიკემიის ან სხვა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, ტრანსპლანტაციის წინა კვლევებისა და ტრანსპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის დაფინანსებას გულისხმობს. მისი განხორციელება თბილისის მერიამ 2015 წლის იანვრიდან დაიწყო. ქვეპროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 1 750 399 ლარს შეადგენდა. ამ პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიას სულ 21-მა ბენეფიციარმა მიმართა, მათგან 11-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გასულ წელს ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი თბილისის მერიამ სრულად აითვისა. 2016 წლის ბიუჯეტი კი 2 მილიონ ლარს შეადგენს (გვ. 84, კოდი - 06 01 13).

არსებული მდგომარეობით, თბილისის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 13 ქვეპროგრამა ფინანსდება. მათგან 6 სწორედ 2015-2016 წლებში დაემატა. 2014 წელთან შედარებით ჯანდაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა თითქმის გაორმაგებულია. თუკი 2014 წელს აღნიშნული პუნქტისთვის განკუთვნილი თანხა 23 568 000 ლარი იყო, 2016 წლისთვის ამ მიმართულებით გათვალისწინებული ბიუჯეტი 40 390 000 ლარამდე გაიზარდა.

დასკვნა 2015

წელს თბილისის მერიამ პირველად დაიწყო აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამების განხორციელება. პირველი პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს მერიამ ბიუჯეტის 95% აითვისა. მერიაში შესული 426 განაცხადიდან 335 (78% და არა 95%, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა) დაკმაყოფილდა. ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე 1 746 ლარი დაიხარჯა. შესაბამისად, დავით ნარმანიას განცხადება, რომ თითოეულ ბენეფიციარს 107 000 ლარი გამოეყო, არაზუსტია. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის მერის მიერ დასახელებულ რიცხვსა და რეალურ მონაცემს შორის სოლიდური სხვაობაა, არ გამოვრიცხავთ, რომ ცდომილება მექანიკური შეცდომით იყო განპირობებული.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისის მერიაში შესული 21 განცხადებიდან 11 დაკმაყოფილდა. თითოეულ ბენეფიციარზე დახარჯულმა თანხამ კი საშუალოდ 159 127 ლარი შეადგინა. განცხადების აღნიშნულ ნაწილში დავით ნარმანია არასწორად ასახელებს როგორც ბენეფიციართა რაოდენობას, ისე თითოეულ მათგანზე დახარჯული თანხის ოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერი არასწორად ასახელებს (სავარაუდოდ, მექანიკური შეცდომის გამო) პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობას და მათზე გახარჯული თანხების მოცულობას, ის მაინც სწორად ასახავს არსებული ვითარების კონტექსტს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მისი განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი