იტვირთება

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, 2016

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. სულ, იანვარ-მარტში, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ 2 189 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101.9%-ს შეადგენს.

ფაქტ-მეტრმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გადაამოწმა.

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 102.1%-ით შესრულდა და 2 194 მლნ ლარი შეადგინა, გადასახდელების გეგმა კი 95.3%-ით შესრულდა და 2 267 მლნ ლარი შეადგინა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1:

 2016 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მლნ ლარებში

ბიუჯეტის მუხლები გეგმა ფაქტი სხვაობა შესრულება, %
შემოსავლები 1990 2050 60 103.0%
გადასახადები 1869 1956.5 87.5 104.7%
გრანტები 56.9 28.2 -28.7 49.6%
სხვა შემოსავლები 64.1 65.6 1.5 102.3%
ხარჯები 2033 1936 -97 95.2%
ადმინისტრაციული 628 581 -47 92.5%
ვალის მომსახურება 97.7 96.6 -1.1 98.9%
სუბსიდიები და გრანტები 300 285 -15 95.0%
სოციალური უზრუნველყოფა 745.4 742 -3.4 99.5%
სხვა ხარჯები 261.5 231 -30.5 88.3%
საოპერაციო სალდო -42.6 114.4 157 -268.5%
კაპიტალური ხარჯები 124.4 103.4 -21 83.1%
არაფინ. აქტივებს კლება 51.3 46 -5.3 89.7%
მთლიანი სალდო -115.7 57 172.7 -49.3%
ფინანსური აქტივების ცვლილება 97.4 104.7 7.3 107.5%
ბიუჯეტის დეფიციტი -213.1 -47.7 165.4 22.4%
ვალის აღება 103 93 -10 90.3%
საშინაო -29 -30 -1 103.4%
საგარეო 132 123 -9 93.2%
ვალის დაფარვა 119.3 117.8 -1.5 98.7%
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

საგადასახადო შემოსავლები 104.7%-ით შესრულდა, თუმცა აქ ერთი გარემოებაა საინტერესო. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 76%-ით, მოგების გადასახადის 70%-ით, დამატებითი ღირებულების გადასახადის 82%-ით შესრულდა. გადაჭარბებით, 105.5%-ით შესრულდა აქციზის გადასახადი, 125%-ით იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები კი - 8 755%-ით. ჯამში, საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება სწორედ სხვა გადასახადების სახით მოზიდულმა დამატებითმა 433 მლნ-მა ლარმა განაპირობა. ბიუჯეტის შემოსულობების ხაზინის ანგარიშში

 შეგვიძლია ვნახოთ, რომ სხვა გადასახადებში შემოსული თანხიდან 429 მლნ ლარი "ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების" მუხლში არის შემოსული. გასული წლის პირველ კვარტალში სხვა გადასახადების სახით სულ 6 მლნ ლარი შემოვიდა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადასახადის გადამხდელებს წინასწარ აქვთ გადახდილი გარკვეული თანხები (ეს კი წლის დარჩენილ თვეებზე უარყოფითად აისახება), ან სახელმწიფო ხაზინის ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს საქმე. კერძოდ, შესაძლოა, შემოსული საგადასახადო შემოსავლების სრულად კლასიფიცირება არ მოხდა.

მთავრობას დაბალი მაჩვენებელი (50%) აქვს უცხოური გრანტების მოზიდვის მხრივ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პირველ კვარტალში ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების სახით 24.5 მლნ ლარი უნდა მიგვეღო, მაგრამ თანხები არ შემოსულა.

რაც შეეხება ბიუჯეტის მეორე ნაწილს - ხარჯებს (გადასახდელები), აქ გეგმა 95.3%-ით შესრულდა. შესრულების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელია კაპიტალურ ხარჯებში (83%) და საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებში (87%).

შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით, ხოლო ხარჯების დანაკლისით შესრულებამ ჯამში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება გამოიწვია. პირველ კვარტალში დეფიციტურად 213 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, რეალურად კი 48 მლნ დაიხარჯა. ეს დადებითი მოვლენა იქნებოდა რომ არა წინ დარჩენილი 3 კვარტალი, სადაც მეტი ხარჯის გაწევა იქნება საჭირო, ხოლო წინმსწრებად მიღებული შემოსავლები კი მომავალში მისაღებ თანხებს ამცირებს. შესაბამისად, ტრადიციულად, ასეთი ტენდენციით, ხარჯების და ბიუჯეტის დეფიციტის ტვირთი წლის ბოლო პერიოდზე მოვა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საზიანოა.

დასკვნა 2016

წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მართლაც გადაჭარბებით შესრულდა. ეს საგადასახადო შემოსავლების გეგმის 104.7%-ით შესრულებამ გამოიწვია. თუმცა, ხაზინის ჩაშლილ ინფორმაციაში შეგვიძლია ვნახოთ, რომ გაზრდილი საგადასახადო შემოსავლებიდან 433 მლნ ლარი "ზედმეტად ან შეცდომით გადახდილ გადასახადებზე" მოდის. ეს ნიშნავს, რომ გადასახადები ან წინმსწრებად არის გადახდილი ან მიღებული გადასახადების დროულად კლასიფიცირება არ მოხდა.

ხარჯების ნაწილს რაც შეეხება, ტრადიცია არც წელს დაირღვა და ის 95 %-ით შესრულდა. ეს დადებითი იყო პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რადგან ამას ბიუჯეტის დეფიციტზე, ლარის კურსზე და ფასების დონეზე ზეწოლის შემცირება მოჰყვა. თუმცა, ამან შეიძლება წლიური ბიუჯეტის შესრულება გაართულოს და წლის დარჩენილ პერიოდში დაგეგმილზე მეტი თანხის ხარჯვა განაპირობოს.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხებს კვლავაც დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ასკვნის, რომ ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3592 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი