მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების საფუძველზე, საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.7 მილიონია. ამავე დროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მონაცემები გაავრცელა, რომელთა თანახმად ამომრჩეველთა სიაში 3.53 მილიონი ადამიანია. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია, ქვეყანაში სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 3.5 მილიონი ამომრჩეველი იყოს?

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან აქვთ. ფაქტ-მეტრმა საქართველოში მცხოვრები 18 წლამდე პირების რაოდენობის დასადგენად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა. მიღებული ინფორმაციით, 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 947 ათასამდე 18 წლამდე მოქალაქეა რეგისტრირებული.

ზემოაღნიშნული ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე, 3.7 მილიონიან ქვეყანაში 3.5 მილიონი ამომრჩეველი და მილიონამდე 18 წლამდე მოქალაქეა. ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც ეს მონაცემები ერთმანეთს შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდეს, დათვლის მეთოდოლოგიაა. საქსტატმა იმ მოქალაქეთა რაოდენობა დაითვალა, რომლებიც მოცემულ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) იმყოფებოდნენ. სერვისების განვითარების სააგენტომ კი დაითვალა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლება ჰქონდათ.

ამომრჩეველთა სიაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არსებულ სიაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც არიან. "ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ სიაში არ მოვახვედროთ ის ადამიანები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩნენ. ისინი, დიახ, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თუმცა დროებით გაწყვეტილია მათთან კავშირი, მაგრამ დადგება დრო და მიიღებენ საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას. ისინი არიან და მუდმივად იქნებიან საარჩევნო სიაში. გარდა ამისა, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში არის ყველა ის მოქალაქე, ვინც წასულია საზღვარგარეთ, თუმცა არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვგულისხმობთ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში და არავის აქვს უფლება, მათ საარჩევნო ხმის უფლება წაართვას" - თქვა წულუკიანმა.

თუმცა, წულუკიანის სიტყვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით არ დასტურდება. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებზე დაყრდნობით, იმ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 3 537 719 იყო. თუ ამომრჩეველთა რეგიონებად დანაწილებას ვნახავთ, გამოდის, რომ ეს რიცხვი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლის ჯამობრივი მონაცემია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არ მოიცავს.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია, რომ 3.7 მილიონიან ქვეყანაში 3.5 მილიონი ამომრჩეველი იყოს, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობაში არ შედიან. შესაბამისად, ასეთი მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 800 ათასი უნდა იყოს. სწორედ მოსახლეობის ამ კატეგორიას გულისხმობს თეა წულუკიანი საზღვარგარეთ წასულ პოტენციურ ამომრჩევლებში.

იმისათვის, რომ გადაგვემოწმებინა, საზღვარგარეთ მცხოვრებ რამდენ ადამიანს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება (რომლებიც ამავე დროს არ შედიან საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობაში), ფაქტ-მეტრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ცესკოს ინფორმაციით, 2015 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებულთა რაოდენობა 3.45 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო ქვეყნის გარეთ რეგისტრირებულთა რაოდენობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 48 ათასი იყო (და არა 800 ათასი). ასეთი ცდომილება მიგრაციის ცუდად აღრიცხვაზე მიანიშნებს.

საქსტატი საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკას ყოველწლიურად აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ საყოველთაო აღწერას შორის პერიოდში (2003-2014 წლები) საქართველოს მიგრაციის სალდო დადებითია - ქვეყანაში 50 ათასი კაცით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაუგებარია, რატომ მცირდება საქართველოს მოსახლეობა. ამას თან ერთვის ისიც, რომ 2003-2014 წლებში საქართველოს მოსახლეობაში ბუნებრივმა მატებამ (დაბადებულთა რაოდენობას გამოკლებული გარდაცვლილთა რაოდენობა) 23 ათასი შეადგინა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდასთან გვქონდეს საქმე და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერს, მამუკა კაციტაძეს დაუკავშირდა. კაციტაძის ხელმძღვანელობით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიების გადამოწმება განხორციელდა. მაშინ, ე.წ. "კარდაკარის" პრინციპით, ქვეყანაში 3 483 142 ამომრჩეველი დადგინდა. გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ამომრჩეველთა სიაში 72 ათასი ამომრჩეველი გამოტოვებული, ხოლო 25 949 ამომრჩეველი გარდაცვლილი იყო. 291 471 ამომრჩეველი კი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 39 426 პირის პირადი მონაცემები დაზუსტდა. ცენტრალური საარჩევნიო კომისიის მტკიცებით, "კარდაკარის" შედეგები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიაში იქნა გათვალისწინებული, ხოლო "კარდაკარის" შედეგებსა და საბოლოო საარჩევნო სიას შორის ცდომილებაზე (50 430 ამომრჩეველი) ცესკომ ცალკე განმარტება გააკეთა.

მამუკა კაციტაძის განცხადებით, 2012 წელს მისმა კომისიამ, 11 ათასი რეგისტრატორით, საარჩევნო სიებზე მუშაობას ორნახევარი თვე მოანდომა, მაშინ როცა საქსტატმა 2014 წელს მოსახლეობის აღწერა 6 ათასი რეგისტრატორით, 2 კვირაში დაასრულა. კაციტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევა არასრულყოფილია.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო აღწერას და საარჩევნო სიების შედგენას განსხვავებული მეთოდოლოგიები აქვს, მათ შედეგებს შორის გარკვეული ლოგიკური თანხვედრა უნდა არსებობდეს. საქსტატის მიერ ჩატარებულმა საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ 2003-2014 წლებში საქართველოს მოსახლოება 3.7 მილიონამდე შემცირდა. ამავე დროს, საქსტატის ინფორმაციით, 2003-2014 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება და მიგრაციული სალდო დადებითი იყო (ანუ, არ არსებობდა მოსახლეობის შემცირების საფუძველი). თუ დავუშვებთ, რომ მიგრაციის აღრიცხვაში უზუსტობებია, გამოდის, რომ ამჟამად საზღვარგარეთ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ. თუმცა, ამ 800 ათასიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 48 ათასი რეგისტრირდება. შესაბამისად, ვიცით, რომ დანარჩენი 750 ათასი კაცი საქართველოში საარჩევნო სიაშია, თუმცა, ეს რეალურად ემიგრანტების ის ნაწილია, რომელიც არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე არ მივლენ. გამოდის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მაქსიმუმ 2.7 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი