ბიძინა ივანიშვილთან მყოფი და შემდეგ კოალიციიდან წამოსული თუ გამოშვებული პარტიების დაშლა გრძელდება. „თავისუფალი დემოკრატების“ შემდეგ პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირების გამო ლიდერები „რესპუბლიკელებიდან“ მოდიან და როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში მიზეზი ივანიშვილთან ურთიერთობაა.

„რესპუბლიკელების“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის, მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია შაბათს მოულოდნელად გავრცელდა და რამდენიმე საათში მიზეზებზე თავად უსუფაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ მისი ხედვები პარტიაში არსებულ ტაქტიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში მოდის და ასეთ ვითარებაში ის პარტიაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ხედვებით პარტია საზოგადოებას უფრო მეტად დაშორდება.

„პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური ღირებულებითი ტაქტიკური ხედვები, რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი. მაგრამ მე მათ რეალიზებას პარტიაში არ და ვერ შევეწინააღმდეგები. ეს ხედვები მიუღებელია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში შემცირდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ხოლო არ და ვერ შევეწინააღმდეგები, რადგან განსაკუთრებულ პატივს ვცემ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლების განსაკუთრებულ ღვაწლს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მას არ დაუკონკრეტებია, რა ტაქტიკურ ხედვებზეა საუბარი და რატომ იქნებოდა ეს კონკრეტული ხედვები უშედეგო პარტიისთვის.

თუმცა, მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, უფრო ღიად ისაუბრა ამ მიზეზებზე. ის ამბობს, რომ კოალიციური ერთობის გზა მცდარი აღმოჩნდა და რესპუბლიკელების მიერ თანამდებობების ბოლომდე შენარჩუნებამ მათი ამომრჩეველი დააბნია.

„არჩევნების შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის თუ მთავარი მრჩევლის პოლიტიკა კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა. ასევე, დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად, ხოლო ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნებამდე, რომელზეც ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში და მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ და გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, გავიაროთ რეფორმები და ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებულები ჩვენს იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა პარტია“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან უსუფაშვილის განცხადების შემდეგ.

„ფაქტ-მეტრთან“ ამ თემაზე საუბრისას კი მან დააკონკრეტა, რომ კოალიციასთან პარტიის ურთიერთობის შესახებ კამათი და დაპირისპირება ახალი არ არის და ეს პარტიაში ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად წარმოადგენდა დავის საგანს.

„პარტიის შიგნით იყო პოზიცია, რომ პარტია არ უნდა ყოფილიყო ისეთ კოალიციაში, სადაც ძალიან რთული იყო პარტიის პოზიციონირება, ღირებულებითი პრინციპულობა და ჩვენ ეს არ გვაპატია ამომრჩეველმა. ჩვენ ძალიან დიდხანს დავრჩით კოალიციაში. იყო მოსაზრება, რომ ჩვენ კოალიციიდან ადრე უნდა წამოვსულიყავით, მინისტრთა კაბინეტი ადრე უნდა დაგვეტოვებინა, უნდა ვყოფილიყავით მკვეთრად ოპოზიციური პარტია, თუმცა ბოლომდე დავრჩით კოალიციაში და, სამწუხაროდ, ჩვენმა ამომრჩეველმა ვერ დაინახა „რესპუბლიკურ პარტიაში“ ოპოზიციური პარტია და ასოცირება გააკეთა „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თავის განცხადებაში დავით უსუფაშვილმაც ახსენა, რომ მისთვის მიუღებელი პარტიის თავმჯდომარის, ანუ ხათუნა სამნიძისა და პარტიის დამფუძნებლების, ანუ ამ შემთხვევაში ლევან და დავით ბერძენიშვილების პოზიცია იყო.

ბოლო დღეების განმავლობაში სამნიძე-ბერძენიშვილების მხრიდან გაჟღერდა იდეა, რომ ოპოზიციას მეორე ტურში მხარი ოპოზიციური კანდიდატებისთვის უნდა დაეჭირა, რათა მმართველი გუნდის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის გაჩენის საფრთხე აეცილებინა თავიდან. დავით ბერძენიშვილმა პირდაპირ თქვა კიდეც, რომ ქუთაისში მისი არჩევანი რომ ყოფილიყო, ვისთვის მიეცა ხმა - კობა ნარჩემაშვილისთვის თუ გიგი წერეთლისთვის - ის გიგი წერეთელს აირჩევდა.

მის ამ განცხადებას მოჰყვა თინა ხიდაშელის კომენტარი, რომელიც მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ასეთი არჩევანი მისთვის მიუღებელი იყო და ამიტომ ის ამას ვერც ვერავის მოუწოდებდა და ამიტომ არჩევნებზეც აღარ აპირებდა წასვლას. ამის შემდეგ კი უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურზე გადაწყვეტილება თავად ამომრჩეველს უნდა მიეღო.

მათი ეს პოზიცია კი უკვე მიანიშნებდა, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირება იყო და რაც მთავარია, ეს ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდებოდა, რადგან, როგორც მაშინ ამბობდნენ, უსუფაშვილს ივანიშვილის განაწყენება არ სურდა „ნაციონალების“ მხარდაჭერით.

უსუფაშვილი-ივანიშვილის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გახდა პარტიის შიგნით უკმაყოფილების საგანი. არაოფიციალურად ამბობდნენ, რომ პარტიაში დავით და ლევან ბერძენიშვილები, ასევე, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე უფრო რადიკალური და მკვეთრი პოლიტიკის მომხრეები იყვნენ, უსუფაშვილ-ხიდაშელი კი - შედარებით დიპლომატიური სვლების.

მაშინ ამაზე ღიად არ საუბრობდნენ, მაგრამ სამნიძის ბოლო განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ეს დაპირისპირება რეალური იყო.

აქ კიდევ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი უსუფაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის გარანტიას აძლევდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ის „ქართულ ოცნებაში“ ინდივიდუალურად გაწევრიანდებოდა, რაზეც უსუფაშვილმა მაშინ უარი თქვა.

ივანიშვილის სურვილი გასაგებია, უსუფაშვილის პირადი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ საინტერესო ისაა, თუკი მაშინ არ მიიღო უსუფაშვილმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება, ახლა რამ გაამძაფრა ეს დაპირისპირება.

პარტიის შიგნით ამას იმით ხსნიან, რომ, როგორც თამარ კორძაია ამბობს, მას 1,5%-იან პარტიაში ყოფნა აღარ უნდოდა, ხათუნა სამნიძის თქმით კი, უსუფაშვილისთვის მიუღებელი პარტიის სამომავლო გეგმები გახდა.

„პარტიაში მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, გავიაროთ რეფორმები და ვიყოთ მკვეთრად ორიენტირებულები ჩვენს იდეოლოგიაზე, ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და პარტია დატოვა“, - ამბობს სამნიძე.

უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვება კიდევ ერთი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი და ეს უკვე, ზოგადად, კოალიციაში მყოფი პარტიების შედეგებსა და ქმედებებს ეხება. „თავისუფალი დემოკრატების“ შიგნით მიმდინარე პროცესმა აჩვენა, რომ მთავარი ფაქტორი აქაც ივანიშვილი იყო, რადგან, როგორც გამოჩნდა, ლიდერების უმეტესობა ხელისუფლებაში რაიმე ფორმით ბრუნდება და გამოდის, რომ პარტიასა და პარტიის ლიდერს უპირისპირდებიან.

თუმცა, ცხადია, ეს გაცილებით მძიმე შემთხვევაა, მაგრამ შედეგი ერთია - კოალიციაში შემავალი ძირითადი პარტიები არჩევნების შემდეგ სწორედ ივანიშვილთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე განსხვავებული შეხედულებების გამო პრაქტიკულად დაიშალნენ.

„თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო ბედი თითქმის გარკვეულია, რადგან ალასანია, როგორც თავად ამბობს, საერთაშორისო ბიზნესში მიდის, რამდენიმე ლიდერი ივანიშვილს დაუბრუნდა და პარტიაში დარჩენილი გოგუაძე-შავგულიძე პარტიის გაძლიერებას შეეცდებიან. „რესპუბლიკელებიც“ პარტიის გაძლიერებას აპირებენ უსუფაშვილი-ხიდაშელის გარეშე. ანუ ორივე პარტიაში დარჩენილი ხალხის პოზიციები ერთნაირია და ცალსახად მიჰყვება „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნის ხაზს.

რაც შეეხება უსუფაშვილს, ის ამბობს, რომ პარტიის დატოვების მიუხედავად, ოპოზიციურ საქმიანობას არ წყვეტს.

„ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ეს იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა და არა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად“, - აცხადებს უსუფაშვილი.

მისი თქმით, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს სხვადასხვა ძალებთან, „ვინც არ დაღლილა დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით“ და მათთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას. თუმცა, მათ ვინაობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი