იტვირთება

2016

წლის 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა: „ექსპორტი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა და 2011 წლის დონეზე არის დაცემული“.

ფაქტ-მეტრმა სერგი კაპანაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7%-ით, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ექსპორტის მონაცემი 2011-2015 წლების ყოველ ანალოგიურ მონაცემს ჩამორჩება.

გრაფიკი 1:

ექსპორტის მოცულობა 2010-2016 წლების იანვარ-ოქტომბერში

image001 წყარო: საქსტატი

საინტერესოა, რომელ ქვეყნებთან შემცირდა ექსპორტი. 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ექსპორტი ჯამში 571 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. აქედან, აზერბაიჯანთან ექსპორტმა 112, სომხეთთან - 126, უკრაინასთან - 53, ხოლო ყაზახეთთან ექსპორტმა 31 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2011-2015 წლების ანალოგიურ მონაცემებზე ნაკლებია (მხოლოდ უკრაინის შემთხვევაში 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 2015 წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნება).

შემცირებულია აშშ-თან ექსპორტიც. 2011 წელთან შედარებით 2016 წლის მაჩვენებელი განახევრებულია, ხოლო 2015 წლის ექსპორტის მოცულობაზე 36%-ით ნაკლებია. რაც შეეხება თურქეთთან ექსპორტს, იგი 2011 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემს 28 მილიონით ჩამოუვარდება. 2016 წელს კანადასთან ექსპორტის მოცულობა 40 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 მილიონით, ხოლო 2011 წლის მონაცემზე 60 მილიონით ნაკლებია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთთან ექსპორტი 27 მილიონი დოლარით გაიზარდა, ამ შემთხვევაში 2016 წლის მაჩვენებელი 2011-2013 წლების მაჩვენებლებსაც აღემატება. 2011 წელთან შედარებით 140 მილიონითაა გაზრდილი ევროკავშირთან ექსპორტის მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ექსპორტი 2013- 2015 წლებთან შედარებით საშუალოდ 12%-ით არის შემცირებული. 2016 წელს საგრძნობლადაა გაუმჯობესებული ექსპორტი ჩინეთთან, იგი 2012-2015 წლების პერიოდის საშუალო მაჩვენებელს (48 მლნ დოლარი) 200%-ით აღემატება, ხოლო 2011 წლის მონაცემთან შედარებით 121 მილიონითაა გაზრდილი.

ცხრილი 1:

ექსპორტის მოცულობა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (მლნ აშშ დოლარი)

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
ევროკავშირი      249,9      312,6      301,9      456,9      525,6      536,1         452,8
აზერბაიჯანი      205,3      310,1      523,9      582,1      473,8      221,1         112,6
რუსეთი        30,2        31,8        38,2      131,0      234,3      126,4         153,3
სომხეთი      134,0      185,6      208,3      257,1      248,4      155,7         126,6
უკრაინა        83,7      106,6      134,3      139,0      120,3        46,0           53,2
ყაზახეთი        32,3      148,9        50,8        82,7        77,0        37,4           31,4
აშშ      145,2      121,0      188,5      121,5      186,3        88,5           56,2
თურქეთი      178,2      178,7      120,4      153,4      195,0      161,0         151,0
კანადა        94,5      100,1        90,0        70,5        38,8        58,7           40,8
ჩინეთი        19,4        24,2        19,5        29,2        70,1        96,6         145,2
წყარო: საქსტატი

2016

წელს ექსპორტის მოცულობის შემცირება ძირითადი საექსპორტო პროდუქციით მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანმა კლებამ განაპირობა. 2016 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელმა 138 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ფაქტ-მეტრის მიერ აღებულ საანგარიშო პერიოდში შემავალ ყოველ ანალოგიურ მონაცემს ჩამოუვარდება. უფრო კონკრეტულად, იგი 2011 წლის ნიშნულზე 232 მილიონით ნაკლებია, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 16 მილიონით ჩამორჩება. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობის კლება ძირითადად აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შესახებ რეგულაცითაა განპირობებული. შემცირებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც - 2015 წელთან მიმართებით 36 მილიონით, 2011 წელთან შედარებით კი 86 მილიონი დოლარითაა გაუარესებული. შემცირებული ექსპორტის მიზეზად უნდა დასახელდეს რუსეთსა და უკრაინაში არსებული ეკონომიკური კრიზისიც.

2015

წლის მაჩვენებელს 11 მილიონით, ხოლო 2011 წლის მონაცემს 45 მილიონი დოლარით აღემატება ღვინის ექსპორტის მოცულობა, მისი მაჩვენებელი მხოლოდ 2013-2014 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს  ჩამოუვარდება, შესაბამისად, 5 და 64 მილიონი დოლარით. სამკურნალო საშუალებების ექსპორტი კი 2015 წლის მაჩვენებლის გარდა საანგარიშო პერიოდის ყველა სხვა იდენტურ ნიშნულთან შედარებით გაზრდილია.

გრაფიკი 2:

ექსპორტის მოცულობა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის მიხედვით(მლნ დოლარი)

image002 წყარო: საქსტატი

ექსპორტის მოცულობის ცვლილებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რეალური ექსპორტის (მუდმივ ფასებში გაზომილი ექსპორტი) მაჩვენებლებს. ფიქსირებული ფასი გამორიცხავს ვალუტის გაუფასურების და ფასების ცვლილების გავლენას ექსპორტის ღირებულებაზე და აქედან გამომდინარე, უკეთ ასახავს ექსპორტის რაოდენობის ცვლილებას. საქსტატი ექსპორტის მოცულობას მუდმივ ფასებში წლების მიხედვით აქვეყნებს. ამ დრომდე არ არსებობს 2016 წლის მაჩვენებელი.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ 2012, 2013, 2014 და 2015 წლების მონაცემები 2011 წლის ნიშნულს აღემატება. მაგალითად, 2015 წლის მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით 34%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუდმივ ფასებში გაზომილი საქონლის ექსპორტის 2016 წლის მნიშვნელობა 2011 წლის ნიშნულამდე დაეცეს.

გრაფიკი 3:

საქონლის ექსპორტი მუდმივ 2010 წლის ფასებში (მლნ ლარი)

image003 წყარო: საქსტატი   დასკვნა

ფაქტ-მეტრმა, საქსტატზე დაყრდნობით, ერთმანეთს 2011-2016 წლების ექსპორტის მოცულობათა იანვარ-ოქტომბრის მონაცემები შეადარა. შედარებიდან გამოიკვეთა, რომ 2016 წლის მაჩვენებელი 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2%-ით გაუარესებულია. გარდა ამისა, 2016 წლის მონაცემი 2015 წლის ნიშნულზე 131 მილიონით, 2014 წლის ნიშნულზე 724 მილიონით, 2013 წლის ნიშნულზე 598 მილიონით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 284 მილიონი დოლარით ნაკლებია.

შემცირებული ექსპორტის ერთ-ერთი მიზეზი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის კლებაა. 2016 წლის განხილულ მონაკვეთში საანგარიშო პერიოდის სხვა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ექსპორტის მოცულობა შემცირებულია ისეთ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან როგორიცაა აშშ, თურქეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. ბოლო ორი წელია, ექსპორტი უარესდება ევროკავშირთანაც, 2014 და 2015 წლების მონაცემებთან შედარებით 2016 წლის მაჩვენებელი, შესაბამისად, 16%-ითა და 19%-ით არის შემცირებული.

თუმცა, ექსპორტის მონაცემთა მუდმივ ფასებში გაზომვის შედეგად მოცემული სურათი იცვლება. 2015 წელს, 2011 წელთან შედარებით, რეალური ექსპორტი 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, ზრდის ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან გატანილი საქონლის ოდენობა კი არ მცირდება, საექსპორტო პროდუქციის ფასებია შემცირებული და ნომინალურ გამოსახულებაში ექსპორტის ღირებულება მცირდება. მაგრამ, ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ დღეს ექსპორტს ქვეყანაში უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა შემოაქვს, ვიდრე 2011 წელს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ მკითხველი დაგვიკავშირდა და კვლევაში არსებული ხარვეზის შესახებ მიგვითითა. კერძოდ, სტატიის პირველ ვარიანტში დაანგარიშებული არ იყო საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც მზარდია. ამ გარემოების გათვალისწინებით, სტატია დაკორექტირდა, ასევე შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც და სერგი კაპანაძის განცხადება სიმართლის ნაცვლად მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3180 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი