საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა:

„გასულ წელს 21 ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და ისინი ცოცხლები არ არიან“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,

გასულ წელს ოჯახური ძალადობის 2 766 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა, 2015 წელთან შედარებით 298 ერთეულით მეტია. აქედან, 2 584 შემთხვევაში მხვერპლი ქალი იყო, ხოლო 381 შემთხვევაში კაცი.

თუ გადავხედავთ ოჯახური ძალადობის ფაქტებს რეგიონულ ჭრილში, ვნახავთ, რომ 2016 წელს ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ცოტა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოცემული ფაქტები მხოლოდ იმ შემთხვევებს ასახავს, რომლებსაც სამართალდამცავთა მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

  ცხრილი 1:

ოჯახური ძალადობის შემთხვევები 2010-2016 წლებში

წელი მოძალადე მსხვერპლი
  ქალი კაცი ქალი კაცი
2010 13 169 166 16
2011 21 240 253 32
2012 22 291 308 27
2013 18 207 220 20
2014 60 690 742 87
2015 185 2 283 2 301 337
2016 222 2 544 2 585 381
წყარო: საქსტატი

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, 2010 წლიდან დღემდე ოჯახური ძალადობის ფაქტები ყოველწლიურად იზრდებოდა. განსაკუთრებული ზრდა 2015 წელს დაფიქსირდა, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდით, არამედ მოსახლეობის მხრიდან შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვიანობის რაოდენობის გაზრდით. ანალოგიურად, ის ფაქტი, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სავარაუდოდ ასევე მიმართვიანობის მაღალი რაოდენობით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ მოძალადეთა და მსხვერპლთა სატატისტიკური მონაცემების თანახმად, ოჯახში მოძალადეთა 92% კაცია, ხოლო მსხვერპლთა 87% ქალი.

მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის და ძალადობის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, ძალადობის ფაქტის დაფიქსირებისას, პოლიციელი უფლებამოსილია შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რომელიც 24 საათის განმავლობაში სასამართლოს დასამტკიცებლად წარედგინება. შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული პიროებების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1751 მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსის 3811

მუხლით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად მკვლელობის 21 ფაქტი მოხდა. აღნიშნული მონაცემი გენდერულ ჭრილში განხილული არაა. ამიტომ, ზუსტად ვერ ვიტყვით, 21 მსხვერპლიდან რამდენი იყო ქალი. როგორც ომბუდსმენის აპარტის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ინფორმაციის მიწოდება არასრულად მოხდა (გამოთხოვილი ინფორმაცია დღემდე არ არის მიწოდებული), რის გამოც ოჯახური ძალადობის შედეგად გარდაცვლილთა იდენტიფიცრება გენდერულ ჭრილში შეუძლებელია. თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, 2016 წელს ოჯახური ძალადობის შედეგად გარდაცვლილი 21 ადამიანიდან, უმრავლესობა (თუ ყველა არა) სწორედ ქალია.

სახალხო დამცველის 2015 წელს ანაგრიშის

მიხედვით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 26 სისიხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. აქედან 16 შემთხვევა ოჯახური ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ორ შემთხვევას გარდაცვალება მოჰყვა.

სახალხო დამცველის აპარტმა ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგს წარმოება დამოუკიდებლად დაიწყო და 2016 წელს დაფიქსირებულ მსგავსი შემთხვევების რაოდენობასა და შესაბამის ანალიზს მიმდინარე წლის ნოემბერში გამოაქვეყნებს.

დასკვნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ოჯახურ ძალადობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, მსხვერპლთა შორის ზუსტად რამდენი იყო ქალი, ამის სტატისტიკა არ არსებობს. აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს პროკურატურას მიმდინარე წლის მარტში უნდა მიეწოდებინა, მაგრამ დღემდე არ მიუწოდებია. თუმცა, სავარაუდოა, რომ მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა (თუ ყველა არა) ქალია.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ზუსტი მონაცემების არქონის გამო, ფაქტ-მეტრი უჩა ნანუაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი