COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 მოქალაქე) ვაქცინაცია იგეგმება. ამისათვის, ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, სულ 3,979,327 დოზა გვჭირდება, რადგან COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორ დოზად კეთდება. დღეის მდგომარეობით, საქართველო COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის 1,484,400 ვაქცინის დოზას ელოდება, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20%-ისთვის არის საკმარისი. ქვეყანა COVAX-ის პლატფორმიდან ვაქცინის პირველ პარტიას - Pfizer-ის 29 250 დოზას თებერვალში მიიღებს. იმისთვის, რომ საქართველომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა შეძლოს, ალტერნატიული წყაროებიდან, დამატებით 2,494,927 დოზის შემოტანა დასჭირდება. მწარმოებლებთან და სახელმწიფოებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არის მიღწეული. გარანტირებულად მხოლოდ COVAX-ის პლატფორმიდან 20%-ისთვის საკმარისი დოზის მიღებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ბოლო დღეებში ვაქცინის კომერციალიზაციაზე საუბრები აქტიურად დაიწყო. ვაქცინების შემოტანაში კერძო სექტორის ჩართულობა სახელმწიფოს ხელს შეუწყობს, რომ ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის მოცვა შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინის იმპორტისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მას ჰქონდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აღიარება და ნებადართული იყოს მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ. დღეის მდგომარეობით, მსგავსი ვაქცინა სულ სამია - Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. კანონმდებლობით, კერძო სექტორს ვაქცინების შემოტანა შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში კერძო სექტორის მიერ ვაქცინების შემოტანა არარეალისტურია, რადგან მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორისთვის ვაქცინის მიყიდვას ჯერჯერობით არ გეგმავენ. წარმოების შეფერხების გამო, მწარმოებელი კომპანიები ამ ეტაპზე ევროკავშირის და კოვაქსის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. Pfizer-მა ღიად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კერძო სექტორისთვის ვაქცინის მიყიდვა არ განიხილება.

10 თებერვალს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ვაქცინის იმპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული, რადგან ამ ეტაპზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიების პრიორიტეტია, რომ ვაქცინა მიაწოდოს სახელმწიფოებს და მხოლოდ ამის შემდგომ - კერძო სექტორს. გეფა, რომელიც ქვეყენაში სამედიცინო პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, მოლაპარაკებების პროცეში ჩართულია მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პირველმა ვაქცინამ მიიღო ავტორიზაცია, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ“. მისივე ინფორმაციით, ვაქცინების წარმოება იზრდება. ამასთან, უახლოეს მომავალში რამდენიმე ვაქცინა ელოდება დამტკიცებას, რაც ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ კომერციული სექტორი შეძლებს ქვეყანაში ვაქცინების შემოტანას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო დადებითად უყურებს კერძო სექტორის ჩართვას ვაქცინაციაში, მაგრამ დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს ჯერ არ ესაუბრებიან და კონტრაქტებს არ უდებენ.

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების რესურსი მწირია და მასზე წვდომა ამ ეტაპზე, არამხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ სახელმწიფოებისთვისაც კი შეზღუდულია. ვაქცინების დიდი ნაწილი მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებზეა გადანაწილებული, რომლებიც ან თვითონ არიან მწარმოებლები ან სხვადასხვა მწარმოებლებთან წინასწარ (ვაქცინის დამტკიცებამდე) გააფორმეს ხელშეკრულებები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 5 თებერვლის ინფორმაციით, გლობალურად COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა. თუმცა მსოფლიოში ჩატარებული ვაქცინაციის 3/4 მოდის 10 ქვეყანაზე, რომელთა ეკონომიკის მოცულობაც მსოფლიოს GDP-ის 60%-ს შეადგენს. მსოფლიოს 130 ქვეყანაში (მათ შორისაა საქართველოც), სადაც 2.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ვაქცინის არც ერთი დოზა არ გაკეთებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს და მწრამოებლებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამართლიანად განაწილებას ხელი შეუწყონ.

დღეის მდგომარეობით, საქართველო COVAX-ის პლატფორმიდან თებერვალში Pfizer-ის 29 250 დოზას, მარტში კი AstraZeneca-ს 180 ათას დოზას მიიღებს. ეტაპობრივად წლის ბოლომდე ქვეყანაში ვაქცინის დაახლოებით 1.4 მლნ დოზა შემოვა, რაც მაღალი რისკს ჯგუფების ვქცინაციისთვისაც კი არ არის საკმარისი. ვაქცინების წარმოების გაზრდის და ახალი ვაქცინების დამტკიცების შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანას შეძლებს. თუმცა წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა, ამ გადმოსახედიდან რთულად წარმოსადგენია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი